ფორმულა 1: "ფერარი" დაბრუნდა!

AutoSharing Option
ავსტრალიის გრანპრიმ "ფერარის" 225-ე გამარჯვება მოუტანა ფორმულა 1-ში და წინ გაიყვანა სებასტიან ფეტელი საერთო ჩათვლაში - პირველად 2014 წლის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერია არა "მერსედესი", არამედ სხვა გუნდი. ამ უცნაურ სურათზე წერს უცხოური პრესა...

ფორმულა 1 კმაყოფილი უნდა იყოს
"ეს გრანპრი გახდა ჯილდო და სიმბოლო იმ იმედიანი მოლოდინისა, რომ ახალ სეზონში დაძაბული ბრძოლა გველოდება. ჰემილტონისა და ფეტელის ბრძოლა 20 მოქმედებად - რა უნდა იყოს ამაზე საინტერესო?" - წერს ჯეიმს მაკევოი The Daily Mail-დან. გასაკვირია, მაგრამ ბრიტანულმა პრესამ აღფრთოვანებით მიიღო ლუის ჰემილტონის წაგება.

"მერსედესის" სამი წელი ბატონობა წარსულს ჩაბარდა. ამჯერად, მუდმივმა ჩემპიონებმა ვერაფერი მოუხერხეს სებასტიან ფეტელსა და "ფერარის", - წერს The Guardian. - რა თქმა უნდა, "ალბერტ-პარკი" არ ჰგავს სხვა ტრასებს და ჯერ ნადრევია დასკვნების გამოტანა, მაგრამ ვინმეს უფრო მეტის იმედი ჰქონდა ახალი სეზონის სტარტზე? ფორმულა 1 კმაყოფილი უნდა იყოს, რომ ორი გუნდი მზად არის ერთმანეთში უმაღლეს დონეზე საბრძოლველად".

"ფერარიმ" გაიღვიძა, - ასეთი სათაური აქვს გამოტანილი La Gazzetta dello Sport-ს. - ფეტელის ბრწყინვალე გამარჯვება, რომელმაც მთელს "ფერარის" უდიდესი სიხარული მოუტანა - ეს პირველი წარმატებაა 27-რბოლიანი მოლოდინის შემდეგ".

იტალიურმა პრესამაც სიხარულით აღიქვა თავისი გუნდის მოგების ამბავი, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლის პერსპექტივებზე საუბრისას, უფრო თავშეკავებული იყო - შარშანდელი წარუმატებლობების ფონზე ეს სრულიად ლოგიკურია.

"ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, - აგრძელებს La Gazzetta dello Sport. - რომ არა ალონსოს ავარია, "ფერარი" მელბურნში შარშანაც მოიგებდა, მაგრამ ჩემპიონატი პირწმინდად წავაგეთ. მნიშვნელოვანია ვიპოვნოთ სიჩქარე კვალიფიკაციაში: ამ კომპონენტში "მერსედესი" წინ არის, მაგრამ, მთავარია, შეჩინარჩუნოთ ის იმპულსი, რომელიც გუნდს რბოლებში მომატების საშუალებას აძლევს".

დიდი ბრძოლის მოლოდინი
ფეტელის მოგების შემდეგ, ჟურნალისტების უმეტესობას ის აზრი აქვს, რომ სებასტიანი ჩაებმება ტიტულისთვის ბრძოლაში, სადაც მისი მთავარი მეტოქე ლუის ჰემილტონი იქნება. ასე რომ, პრესა თანამედროვეობის ორი ყველაზე ტიტულოვანი პილოტის ბრძოლისთვის ემზადება.

"მერსედესის" ზედიზედ სამმა მოგებამ ცუდი სამსახური გაუწია სპორტის ამ სახეობას, მაგრამ "ფერარიმ" ჩამოართვა პირველობა, თან ეს ძალიან ლამაზად გააკეთა, - აღფრთოვანებულია "სკუდერიას" გამოსვლით The Telegraph. - გველოდება ფეტელისა და ჰემილტონის დიადი ბრძოლა".

"ფერარიმ" მოუგო "მერსედესს", ფეტელმა დაამარცხა ჰემილტონი. და მათ პატიოსან და პირდაპირ დაპირისპირებაში მოიგეს, - აქებს "ფერარის" Sky Sports. - გასული წლის ბოლოს, სებასტიანმა ოდნავ დათმო კიმი რაიკონენის ფონზე, მაგრამ ამ უქმეებზე ის თავის საუკეთესო ფორმაში დაბრუნდა".

"ფეტელი და ჰემილტონი ამტკიცებენ, რომ ბედნიერები არიან ერთმანეთში ბრძოლის პერსპექტივით. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამ ორმა ერთად შვიდი ტიტული მოიგო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ინარჩუნებდნენ ორივენი ბოლო რბოლამდე ჩემპიონობის შანსს - 2010 წელს, - იხსენებს პორტალი GPUpdate. - იმ წლებში დომინირებდა "რედ ბული" და ლუისი ვერ ახერხებდა ბრძოლას, მანამდე კი 2008 წელს, სებასტიანი "ტორო როსოში" გამოდიოდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი არ ჰქონდა. ასევე იყო ბოლო წლებში "მერსედესის" გამუდმებული მოგებების გამო".

ფაქტები ავსტრალიის შემდეგ
კვალიფიკაცია
- მელბურნში მოპოვებული პოული 62-ე იყო ლუის ჰემილტონის კარიერაში და მეექვსე "ალბერტ-პარკის" ტრასაზე. აირტონ სენასაც ექვსი პოული ჰქონდა ავსტრალიაში, ოღონდ ადელაიდას ტრასაზე. სწორედ ადელაიდაში მოიპოვა სენამ თავისი 62-ე პოული.

- ჰემილტონი გახდა პირველი მრბოლელი, რომელმაც მელბურნში ზედიზედ ოთხი პოული აიღო.

- კვალიფიკაციაში მეორე ადგილზე გასვლით, სებასტიან ფეტელმა საუკეთესო შედეგი აჩვენა სინგაპურის 2015 წლის გრანპრის შემდეგ.

- მეექვსე ადგილი - ყველა დროის საუკეთესო შედეგია კვალიფიკაციაში "ჰაასისთვის".

რბოლა
- "ალბერტ-პარკზე" მოგებით, სებასტიან ფეტელმა კარიერაში 43-ე გამარჯვება გაიფორმა. ეს იყო მისი მეოთხე მოგება "ფერარის" მანქანით (40 რბოლაში).

- ფეტელმა შეწყვიტა "ფერარის" მოუგებელი სერია, რომელიც 553 დღე გრძელდებოდა - 2015 წლის სინგაპურის გრანპრიდან მოყოლებული. ეს მოგება - 225-ეა "ფერარის" ისტორიაში. "სკუდერიამ" მერვედ გაიმარჯვა ავსტრალიაში.

- ფეტელმა შეწყვიტა თავის კარიერაში ყველაზე გრძელი მოუგებელი სერია - 27 რბოლა.

- მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, ლუის ჰემილტონი კარიერაში 105-ედ ავიდა პოდიუმზე. ამ მაჩვენებლით ის მესამეა ისტორიაში და ერთი პოდიუმი აშორებს მეორე ადგილზე მყოფ ალენ პროსტამდე. ამ რეიტინგში ლიდერია მიხაელ შუმახერი - 155 პოდიუმი.

- ავსტრალიის გრანპრის მესამე წრეზე ჰემილტონმა გადალახა რბოლებში ლიდერობის 150000-კილომეტრიანი ზღვარი. ეს იყო მეასე რბოლა, რომელშიც ბრიტანელი ლიდერობდა. გარდა ამისა, ის 3000 წრის განმავლობაში ყოფილა პირველ ადგილზე.

- მელბურნში მესამე ადგილზე გასვლით, ვალტერი ბოტასი კარიერაში მეათედ ავიდა პოდიუმზე.

- რბოლაში საუკეთესო წრე აჩვენა კიმი რაიკონენმა. ფინელი მეორე ადგილზეა ყველა დროის სიაში. მას 44 საუკეთესო წრე აქვს, მიხაელ შუმახერს - 77.

- ესტებან ოკონი მეათე ადგილზე გავიდა და კარიერაში პირველი ქულა მოიპოვა.

- ანტონიო ჯოვინაცი პირველი იტალიელი პოლოტია ფორმულა 1-ში ექვსწლიანი პაუზის შემდეგ. ბოლო იტალიელები, რომლებიც "სამეფო რბოლებში" გამოდიოდნენ, იარნო ტრული და ვიტანტონიო ლიუცი იყვნენ 2011 წელს.

- საშინაო ტრასაზე გამოვარდნის შემდეგ, დანიელ რიკარდომ შეწყვიტა 29-რბოლიანი სერია, როცა ის ფინიშამდე მიდიოდა და 17-რბოლიანი სერია, როცა ქულებს იღებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული