ბაჰრეინის გრანპრის წინ: ზოგი პესიმისტი, ზოგიც ოპტიმისტი

AutoSharing Option
ბაჰრეინის გრანპრი 20 აპრილს ორი თავისუფალი პრაქტიკით დაიწყო, მანამდე კი პელოტონის წამყვანმა პილოტებმა განვილილ და მომავალ რბოლებზე გამოთქვეს საკუთარი აზრი.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, "რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა მოყვა იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც მისი გუნდი ახალი სეზონის სტარტზე წააწყდა, აგრეთვე ბაჰრეინის გრანპრიზე თავისი საჯინიბოს შანსებზე ილაპარაკა.

"ცალსახაა, რომ მხოლოდ კვალიფიკაციაში შედეგების გაუმჯობესება საკმარისი არ არის. ისინი რბოლის დროსაც გვისწრებენ, ამიტომაც არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ საუკეთესო ბოლიდი გვყავს და ეტაპებს მხოლოდ იმის გამო ვერ ვიგებთ, რომ კვალიფიკაციაში
გამოვდივართ სუსტად. ამ მომენტისთვის ჩამოვრჩებით კონკურენტებს.

მაგრამ როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ მანქანას საკმარისი პოტენციალი აქვს, ის სწრაფია და ჩვენ ყველა ასპექტში ვაუმჯობესებთ სიტუაციას. ვფიქრობ, სულ მალე შევძლებთ პროგრესის მიღწევას როგორც კვალიფიკაციაში, ასევე რბოლებში.

ბაჰრეინში წინა ეტაპებისგან განსხვავებული უქმეები გველოდება. სულ სხვა ტრასა გველის, სხვა მეტეოროლოგიური პირობები. იქ ძალიან ცხელა და ვნახოთ, რა გამოვა.

რა თქმა უნდა, სასწაულს არ ველით - წინა ეტაპიდან მხოლოდ ერთი კვირა გავიდა. იმედი გვაქვს, რომ კვალიფიკაციაში გამოსვლის მხრივ წინ წავიწევთ, მაგრამ სარბოლო ტემპის გაუმჯობესებას ნუ ელოდებით",
- ამბობს ფეტელი Autosport-თან კომენტარში.

ალონსო: ფერარი მხოლოდ მეექვსეა
"ფერარის" ლიდერი ფერნანდო ალონსო ინარჩუნებს პესიმისტურ განწყობას და ეთანხმება საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ "სკუდერიას" მანქანა ამ ეტაპზე სისწრაფის მიხედვით მეექვსე ან მეშვიდე ბოლიდია პელოტონში.

"ეს არ არის სიმართლეს მოკლებული. ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ უკეთესები გავხდეთ", - ამბობს ალონსო.

ესპანელი პილოტი იმასაც აცხადებს, რომ მალე ჩემპიონობისთვის ბრძოლა უფრო ლოგიკური გახდება და მაყურებელი გაიცნობს აშკარა ლიდერებს გუნდებსა და პილოტებს შორის, რომლებიც ტიტულისთვის იბრძოლებენ. ნანდო არ გამორიცხავს დაწინაურებულთა რიგებში "სკუდერიას" ხილვას.

"ჯერჯერობით სეზონის პირველ სამ რბოლაში სამი სხვადასხვა სცენარი ვიხილეთ. მაგრამ ველოდები, რომ ჩემპიონატი დალაგდება და ტიტულისთვის იბრძოლებს არა ოთხი ან ხუთი, არამედ ორი გუნდი და ამდენივე პილოტი. მინდა ჩვენც ვიყოთ ამ ჯგუფში", - განაცხადა ალონსომ.

ამასთან, ფერნანდო მიიჩნევს, რომ პელოტონში უჩვეულო სიმჭიდროვე მკაცრ რეგლამენტსა და სეზონის ადრეულ ეტაპს უკავშირდება.

"ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გუნდები განვითარების უფრო მაღალი პერსპექტივით, სხვებზე მცირე უპირატესობას მიიღებენ. გარდა ამისა, ყოველ წელს წესები სულ უფრო მკაცრი ხდება, აეროდინამიკის სფეროში ახალი შეზღუდვები დააწესეს - ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ბოლიდი თითქმის ერთნაირია და მათ მხოლოდ ფერით თუ გაარჩევთ.

ინჟინერული თვალსაზრისით, ფორმულა 1 უფრო რთული გახდა და ხარჯების შემცირებასთან ერთად ბრძოლა უფრო საინტერესო ხდება, რაც, საერთო ჯამში, კარგი ტენდენციაა",
- მიიჩნევს ესპანელი პილოტი.

მაკლარენი მერსედესს აქებს
"მაკლარენის" პილოტმა და ჩემპიონობის ერთ-ერთმა მთავარმა პრეტენდენტმა ჯენსონ ბატონმა საკუთარი აზრი გაგვიზიარა სეზონის პირველი სამი ეტაპის შესახებ.

ბრიტანელი ამბობს, რომ ბევრისთვის სიუპრიზი აღმოჩნდა ჩინეთის გრანპრიზე "მერსედესის" კარგი გამოსვლა, აგრეთვე ივარაუდა, რომ ბაჰრეინის გრანპრის დროს მაღალი ტემპერატურა უნდა დაეხმაროს "მაკლარენს" "პირელის" საბურავებთან ეფექტურ მუშაობაში.

"დღეს მართლაც რთულია იმის გარკვევა, რომელი გუნდია ყველაზე სწრაფი პელოტონში - დარწმუნებით ვერ გეტყვით, ვის რა შეუძლია ამ კონკრეტულ მომენტში. ვფიქრობ, ჩვენთვის სიუპრიზი გახდა "მერსედესის" გამოსვლა შანხაიში. სავსებით შესაძლებელია, რომ თავადაც გაკვირვებული დარჩნენ საკუთარი ტემპით. ისინი ძალიან სწრაფები იყვნენ და მართლაც კონკურენტუნარიანი და ეფექტური ბოლიდი ჰყავთ.

ვფიქრობ, ნიკო როსბერგის მიერ ჩინეთში მოპოვებული გამარჯვება მასზე დადებითად იმოქმედებს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და საკუთარ თავში დარწმუნების მხრივ. პირველი გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, და ამ ყველაფერთან ერთად ამ მოგებამ ნიკოს შეაგნებინა ის, რომ მას ნებისმიერ გრან პრიზე შეუძლია პრეტენზია განაცხადოს მოგებაზე. მით უმეტეს, რომ "მერსედესი" იძლევა ამის საშუალებას.

ერთ-ერთი მთავარი ასპექტია საბურავებთან მუშაობა. სირთულე იმაშია, რომ თქვენ იცით, როგორ უნდა ამუშაოთ სწორად საბურავები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რბოლის მსვლელობისას შეძლებთ ამის მიღწევას. ჩინეთში პრობლემები შემექმნა საბურავებთან მუშაობაში შაბათს, როცა ძალიან ციოდა, კვირას კი, როცა შესამჩნევად დათბა, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.

იმედი გვაქვს, რომ ცხელი ამინდი ამ ამოცანის უკეთ გადაჭრაში დაგვეხმარება. მაგრამ ეს მხოლოდ იმედია, რა გამოვა სინამდვილეში, ამას რბოლა გვიჩვენებს"
, - აცხადებს ბატონი.

გარკვეულ წილად ეთანხმება თანაგუნდელს "მაკლარენის" მეორე პილოტი ლუის ჰემილტონი - მისი აზრით ამ მომენტისთვის პელოტონში უსწრაფესი მანქანები ჰყავთ "მერსედესს", "მაკლარენსა" და "რედ ბულს".

"ვფიქრობ, დღეს "მერსედესი" ყველაზე ჩქარია, განსაკუთრებით ერთ წრეზე. დარწმუნებული არ ვარ, ისინი უსწრაფესები არიან რბოლებში. სავარაუდოდ, საუკეთესო სარბოლო ტემპი "რედ ბულს" აქვს. ჩვენ კი კარგი ტემპი ვაჩვენეთ როგორც კვალიფიკაციაში, ასევე რბოლებში.
ჩვენ ლიდერთა შორის ვართ და ჩვენი შესაძლებლობები არაფრით ჩამოუვარდება სხვა გუნდების შესაძლებლობებს",
- აცხადებს BBC-თან კომენტარში ჰემილტონი.

რაც შეეხება 20 აპრილს გამართულ თავისუფალ პრაქტიკებს, პირველი ჰემილტონმა მოიგო, მეორე - როსბერგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული