სინგაპურში ფორმულას ტრასა შეუცვალეს

AutoSharing Option

სინგაპურის გრან-პრის წინ, რბოლის ორგანიზატორებმა ტრასის გაუმჯობესება გადაწყვიტეს. შესაბამისი სამუშაოების შემდეგ, სინგაპურის რბოლა უფრო უსაფრთხო და მრბოლელებისთვის მოსახერხებელი გახდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი პილოტი წუწუნებდა უსწორმასწორო ასფალტის გამო, ამიტომაც მესამე, მეშვიდე, მე-14 და მე-19 მოსახვევებში ტრასის საფარი შეცვალეს.

პიტ-ლეინის დონე ერთი სანტიმეტრით დაიწია - ამით პილოტებს უფრო გაუადვილდებათ პიტსტოპის შემდეგ ტრასაზე გასვლა.
შეიცვალა Singapore Sling-ის მოსახვევის კონფიგურაცია. სწორედ აქ დაამტვრია თავისი "ფერარი" ფინელმა კიმი რაიკონენმა. გარდა ამისა, ორგანიზატორებმა ესთეთიკაზეც იზრუნეს: ბარიერები ღია ფერებშია შეღებილი, ასევეა გაფორმებული უსაფრთხოების ზონები.
სინგაპურის

გრან-პრის ამ კვირას გაიმართება. გაგაცნობთ უქმეების სრულ განრიგს (დრო თბილისისაა):

პარასკევი, 24 სექტემბერი
13:55-15:30 - პირველი თავისუფალი სესია
17:25-19:00 - მეორე თავისუფალი სესია
შაბათი, 25 სექტემბერი
14:55-16:00 - მესამე თავისუფალი სესია
17:55 - კვალიფიკაცია
კვირა, 26 სექტემბერი
15:50 - რბოლა


როგორც უკვე არაერთხელ ვწერდით, ჩემპიონობისთვის ხუთი პილოტი იბრძვის, თუმცა ავსტრიელ ლეგენდას ნიკი ლაუდას მიაჩნია, რომ ტიტულს "რედ ბულის" პილოტები - სებასტიან ფეტელი და მარკ უებერი გაითამაშებენ.
"ვფიქრობ, ხუთი პრეტენდენტიდან მთავარი დუელი ფეტელსა და უებერს შორის გაიმართება. ისინი სხვებზე წინ არიან, რადგან საუკეთესო მანქანა ჰყავთ", - ამბობს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი.
მომავალ რბოლაზე პროგნოზი სხვა სპეციალისტებმაც გააკეთეს.

"ახლა ჩვენ აუცილებლად უნდა მოვხვდეთ ყოველი რბოლის პოდიუმზე. არ მახსოვს რამდენი ქულა მაქვს, მაგრამ ის ვიცი, რომ ლიდერს 21 ქულით ჩამოვრჩები", - განაცხადა "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ. მისი შეფი სტეფანო დომენიკალი კი არ ელის სინგაპურში იტალიის გრან-პრიზე მიღწეული შედეგის გამეორებას: "სინგაპური ის ტრასაა, სადაც "რედ ბული" ძველ დონეს დაუბრუნდება. ასევე ძლიერი იქნება "მაკლარენი", ასე რომ, წინაზე რთული რბოლა გველის".

"პროგნოზის გაკეთებას ვერ გავრისკავ", - განაცხადა "მაკლარენის" შეფმა მარტინ უიტმარშმა, რომლის შეგირდები - ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონი აღნიშნულ ხუთეულში შედიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული