ფორმულა 1-ის პილოტები სინგაპურის გრან-პრის ერთ-ერთ ყველაზე რთულ, მაგრამ ამავდროულად საყვარელ ეტაპად მოიხსენიებენ. რაში მდგომარეობს ჩემპიონატის კალენდარში ერთადერთი ღამის რბოლის თავისებურება?
ეს წელი სინგაპურის გრან-პრისთვის მესამე იქნება ფორმულა 1-ში, მაგრამ ღამის რბოლის სტატუსი და უჩვეულო განრიგი ამ ეტაპს კვლავაც სიახლის ელფერს უნარჩუნებს. ეს არის ტრადიციული და მობეზრებული სიტუაციიდან თავის დაღწევის საშუალება, ეს კი შანსს აძლევს სინგაპურს იყოს გუნდებს შორის ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ეტაპი. საინტერესოა ერთი რამ - ღამით მუშაობისას გუნდები აგრძელებენ ჩვეულებრივ ევროპულ საათობრივ სარტყელში მუშაობას. "მართალია, ევროპასთან სხვაობა
ევროპულ განრიგთან შესაბამისობა იმასაც ნიშნავს, რომ გუნდებს შეუძლიათ სინგაპურში უფრო გვიან გაემგზავრონ, ვიდრე ეს სხვა ოკეანისგაღმა რბოლების შემთხვევაში ხდება. "ჩვეულებრივ, აზიაში ან ამერიკის კონტინენტზე ერთი დღით ადრე მივემგზავრებით - ეს აკლიმატიზაციისთვის არის საჭირო, მაგრამ სინგაპურის შემთხვევაში ასეთი პრობლემა არ არსებობს და შეგვიძლია ყველაფერი ჩვეულებრივად დავგეგმოთ.
რომელ საათებში მუშაობენ სინგაპურში? ჩვეულებრივ, ევროპული რბოლის განრიგით მუშაობა დილის 7-8 საათზე იწყება. ასე რომ, სინგაპურში ავტოდრომზე 8 საათზე მისვლის ნაცვლად, 15 საათზე მივდივართ, სამუშაოს კი ადგილობრივი დროით დილით ადრე ვასრულებთ. ხანდახან, შინ დაბრუნებისას საშუალება გვაქვს მზის ამოსვლას ვუცქიროთ. ასე რომ, ეს ჩვენთვის რეალურად ღამის ცვლა გამოდის", - აგრძელებს ნილსენი.
რა თქმა უნდა, ღამის რბოლის ჩატარება მხოლოდ ისეთ ადგილზეა შესაძლებელი, როგორიც სინგაპური გახლავთ. ეს არის ქალაქი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ცხოვრობს და აქ არ არსებობს სადღეღამისო რესტორნის პოვნის პრობლემა. ხოლო იმ სასტუმროების პერსონალი, რომლებშიც გუნდები ჩერდებიან, მზად არის სპეციალური საუზმე 14-16 საათისთვის მოამზადოს.
რაც შეეხება ხელოვნურ განათებას, ის თითქმის მიახლოებულია დღის განათებასთან, ასე რომ, გუნდებს არ სჭირდებათ სინგაპურში დამატებითი გასანათებელი საშუალებების ჩატანა. "სინგაპურის პირველი გრან-პრის წინ ვფიქრობდით, რომ მექანიკოსებისთვის ჩაფხუტებზე მეშახტის მინი-ნათურების დაყენება დაგვჭირდებოდა, - ყვება ნილსენი. - მაგრამ რეალურად განათების დონე იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ არანაირი დამატებითი განათება არ დაგვჭირვებია. სანამ ბნელ ცას არ ახედავთ, თითქმის გავიწყდებათ, რომ ღამით მუშაობთ".
სინგაპურის გრან-პრის დროს პიტ-ლეინზე განათება 2200 ლუქსია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სატელევიზიო სტუდიის განათებას (ჩვეულებრივ 1000 ლუქსს უდრის). ბოქსებში განათება 800 ლუქსს აღწევს, ეს კი ორჯერ მეტია კარგად განათებული ოფისის შუქზე (400 ლუქსი). სასტარტო სწორი მონაკვეთი და პირველი მოსახვევი 1600 ლუქსით არის განათებული.
სინგაპურის უქმეებზე პილოტთა მთავარი პრობლემა - სინესტეა. "მიუხედავად იმისა, რომ რბოლა ღამით ტარდება, აქ მაინც ძალიან დიდი სინესტეა. ოფლი კანზე რჩება და არ შრება. ასე რომ, პილოტის სხეულის ტემპერატურა ძალიან მაღლა იწევს და მრბოლელები შეიძლება "გადაიწვან". ეს კი ენერგიის სერიოზულ დაკარგვას, კონცენტრაციის გაფანტვასა და რეაქციის დაქვეითებას იწვევს", - ამბობს ექიმი რიკარდო ჩეჩარელი.
და როცა სინესტეს ემატება "მარინა-ბეის" ტრასის კონფიგურაცია, რომელიც შეცდომებს არავის პატიობს, ცხადი ხდება, რატომ მიიჩნევენ სინგაპურს სეზონის ერთ-ერთ ურთულეს გამოცდად. "აქ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული მონაკოს ფსიქოლოგიური გამოწვევა და სეპანგის ფიზიკური გამოცდა", - ასკვნის ჩეჩარელი.
მაკლარენი 2011 წელზეც ფიქრობს
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანულ საჯინიბო "მაკლარენს" დიდი ბრძოლა აქვს გამართული ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, გუნდმა პარალელურად 2011 წლის ჩემპიონატისთვის დაიწყო მზადება. ეს ინფორმაცია "მაკლარენის" მთავარმა ინჟინერმა ფილ პრიუმ გაავრცელა.
"ჩვენს განკარგულებაშია ინჟინერთა და მექანიკოსთა ცალკე ჯგუფი, რომელიც ახალი ავტომობილის შექმნაზე მუშაობს. რა თქმა უნდა, მათ სურთ მიიღონ რაც შეიძლება მეტი რესურსი და დრო აეროდინამიკურ მილში მუშაობისთვის - დაახლოებით იმდენი, რაც დღევანდელ ბოლიდზე მომუშავე ჯგუფს სჭირდება. ამ შემთხვევაში ბალანსის მონახვაა საჭირო, რასაც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვახერხებთ.
დაგეგმილი გვაქვს წლევანდელი ბოლიდისთვის რამდენიმე ტექნიკური განახლება, მაგრამ სრულიად ახალი პროექტის დაწყება ამ ეტაპზე ძალიან რთულია. რაც შეიძლება ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ფინანსები და დრო უკვე არსებული მანქანის განსავითარებლად.
სიახლეების დასანერგად სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება, ასე რომ, ჩვენი ძირითადი მიზანია - მაქსიმალური პოტენციალი მივიღოთ იმ კომპონენტებისგან, რომელიც ამჟამად არის გუნდის არსენალში", - ამბობს პრიუ "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ბრიატონე არ დაბრუნდება?
"რენოს" ყოფილმა შეფმა ფლავიო ბრიატორემ უარყო ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფორმულა 1-ში აპირებს დაბრუნებას. 2008 წელს "დიდი ცირკიდან" სკანდალით წასული იტალიელი აცხადებს, რომ მას არ აქვს მუშაობის განახლების სურვილი.
"მამა გავხდი და დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ. სხვადასხვა გუნდთან ერთად შვიდი ტიტული მოვიგე, ასე რომ, დაბრუნებისთვის განსაკუთრებული მოტივაცია არ გამაჩნია. ახლა რბოლებს ტელევიზორში ვუყურებ და შემიძლია ყველაფერი გულშემატკივრის თვალით შევაფასო. მთავარი - ტრასაზე ბრძოლაა. ხშირად გუნდები ივიწყებენ, რომ მაყურებელი მათგან სანახაობას ელის. გულშემატკივრებისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენიმე ადამიანი მუშაობს ბოლიდზე და რა ოდენობის თანხა იხარჯება მის შესაქმნელად", - აცხადებს იტალიელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"