ზედიზედ ორმა გამარჯვებამ, რომელიც ესპანელმა ფერნანდო ალონსომ მონცასა და სინგაპურში მოიპოვა, შესამჩნევად აამაღლა "ფერარისა" და მისი გულშემატკივრების ოპტიმიზმი. ამ წარმატებას იტალიური პრესაც გამოეხმაურა: ავტორიტეტულ გაზეთ "გაძეტა დელო სპორტში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც სეზონის დარჩენილ რბოლებში ალონსოს შანსებია შეფასებული.
"ნომინალურად, "რედ ბულსა" და "მაკლარენს" უფრო მეტი შანსი აქვთ, - წერს იტალიური გამოცემა. - მაგრამ "ფერარის" პილოტი ოპტიმიზმს ინარჩუნებს: "ჩვენი მანქანა ნებისმიერ ტრასაზე სწრაფია, ამიტომაც არ გვაშინებს დარჩენილი ეტაპები".
კონცერნ "ფიატის" აღმასრულებელმა დირექტორმა სერჯო მარკინონემ კვირას განაცხადა, რომ ყოველდღე ილოცებს "ფერარის" გამარჯვებისთვის. რა
სეზონამდე ოთხი გრან-პრით ადრე მარკ უებერი ალონსოს 11 ქულით უსწრებს: შეძლებს თუ არა "ფერარი" გამარჯვებას? ორ სრულიად განსხვავებულ ტრასაზე - მონცასა და სინგაპურში გუნდმა დაამტკიცა, რომ ის მართლაც კონკურენტუნარიანია და არ აპირებს დარჩენილ რბოლებში სტატისტის როლში ყოფნას.
ამოცანა ძალიან რთულია, რადგან დარჩენილი ოთხი ტრასა უფრო "რედ ბულისა" და "მაკლარენის" ბოლიდებისთვის არის მოსახერხებელი. და მაინც, "წითლებმა" იდეალური პიტსტოპებისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ოსტატობის წყალობით ძლიერად უნდა ჩაატარონ სეზონის ფინალური ნაწილი...
სუზაკა
იაპონიის ტრასა მაღალი საშუალო სიჩქარით გამოირჩევა, ძალიან სწრაფი და ტექნიკურია - შესაბამისად, ფავორიტად "რედ ბულის" პილოტები უნდა მივიჩნიოთ, რადგან მათ ბოლიდებს ძალიან ეფექტური აეროდინამიკა აქვთ.
სუზუკაზე "მაკლარენიც" ყოველთვის კარგად გამოდის, განსაკუთებით ლუის ჰემილტონი. მაგრამ მონცასა და სინგაპურში აშკარა იყო, რომ "ფერარიმ" იპოვნა სწორი ბალანსი მოჭიდების ძალასა და მაქსიმალურ სისწრაფეს შორის. მაგრამ თუ სუზუკაზე ალონსოს არ გაუმართლებს, ქულების გარკვეული რაოდენობის მოპოვებას მაინც შეძლებს.
კორეა
სუზუკას სამხრეთ კორეაში რბოლა მოსდევს, თუ რა თქმა უნდა, კორეელები მოასწრებენ ტრასის მშენებლობის დასრულებას. ახალ ავტოდრომზე ორი ძალიან გრძელი სწორი მონაკვეთია, საშუალო სექტორი კი დატვირთულია მოსახვევებით და იქ საჭიროა სწორი ტექნიკური მახასიათებლების შერჩევა, რომელიც ასფალტთან საბურავების მოჭიდებას უზრუნველყოფს.
სავარაუდოდ, "რედ ბული" აქაც ფავორიტი იქნება. მაგრამ ტრასა ყველასთვის ახალი იქნება, არავის აქვს იქ გამოსვლის გამოცდილება და ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორია.
ინტერლაგუში
ბოლო წლებში "ფერარი" ბრაზილიურ ტრასაზე წარმატებებს აღწევდა, მაგრამ წაგებებიც ჰქონდა. გუნდმა იცის, რა არის საჭირო ინტერლაგუშში გამარჯვების მოსაპოველად, თუმცა წინა ორ სეზონში აქ "რედ ბულისა" და "მაკლარენის" პილოტები დომინირებდნენ.
ალონსოს შეუძლია თანაგუნდელ ფელიპე მასასგან ჰქონდეს დახმარების იმედი. გარდა ამისა, "ფერარის" შეიძლება წაადგეს ბრაზილიური ამინდის სიუპრიზები. ეს რბოლა ხშირად გვთავაზობს სხვადასხვაგვარ სიუპრიზს და მხოლოდ ფერნანდოს დონის პროფესიონალმა შეიძლება ამ ყველაფრისგან დამატებითი უპირატესობა მოიპოვოს.
აბუ დაბი
თუ სეზონის ფინალური რბოლისთვის სიტუაცია კვლავაც გაურკვეველი იქნა, ტიტულის ბედი აბუ დაბიში გადაწყდება. ეტაპის სტარტი დღის შუქზეა დაგემილი, ფინიში - ხელოვნური განათების ქვეშ, ეს კი ალონსოს ძალიან მოსწონს. აქ პილოტებს ასევე მუდმივად უწევთ დამუხრუჭება და აჩქარება, რაც "მაკლარენისა" და "რედ ბულის" სტიქიაა. თუმცა მონცასა და სინგაპურის ეტაპების წინაც ამას ამბობდნენ..."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"