ნიკი ლაუდა ესპანელის ჩემპიონობაში დარწმუნებულია

AutoSharing Option

პარიზის ავტოსალონის საპატიო სტუმარმა - "ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ განაცხადა, რომ ფერნანდო ალონსოს ტიტულისთვის ბრძოლაში ფელიპე მასა დაეხმარება.
"დარჩენილ ოთხ რბოლაში ფელიპესგან შედეგიან გამოსვლას ველოდები, რაც ჩვენს კონკურენტებს ქულებს დააკარგვინებს. სინგაპურში ბრაზილიელს არ გაუმართლა, მაგრამ ახლა შეუძლია მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა. "ფერარის" წევრობა იმას ნიშნავს, რომ თქვენ არა საკუთარი თავისთვის, არამედ გუნდისთვის გადიხართ ტრასაზე. ის, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, შეუძლია სხვა გუნდი უნდა ეძებოს.

ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ სწორად მოვიქეცით, როცა ალონსოზე გავაკეთეთ აქცენტი. ის ძალიან ძლიერია და გუნდს

კარგად შეეწყო. ადრე სხვებს მასთან პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა პირველივე დღიდან ჰარმონიული იყო.
"ფერარის" განსაკუთრებული საბრძოლო სული აქვს, ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და პრესინგის პირობებში გამარჯვება გვეხერხება. სეზონი უჩვეულოდ ვითარდება - პირველი რბოლა მოვიგეთ, შემდეგ მანქანის დახვეწის მხრივ პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ მონცასა და სინგაპურში გამარჯვებებმა იმედი დაგვიბრუნა.

1997 წლიდან მოყოლებული, 2005 წლის სეზონის გამოკლებით, ჩვენ ან ვიგებდით ჩემპიონატს ან ბოლო რბოლაში ვკარგავდით ტიტულს. "ფერარი" ყოველთვის ძლიერი მეტოქე იყო, ბოლო ათი წლის განმავლობაში რვაჯერ მოვიგეთ კონსტრუქტორთა თასი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ წელს მივაღწიეთ ყველაზე მაღალ შედეგებს. ახლა ფერნანდოს მეორე ადგილი უჭირავს პირად ჩათვლაში და ბოლომდე ბრძოლას აპირებს", - ამბობს "ფერარის" პრეზიდენტი.


დი მონტეძემოლოს გარდა, ალონსოს წარმატებისა სჯერა ლეგენდარულ ავსტრიელ ნიკი ლაუდას. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონში ტიტული ფერნანდოს შეხვდება. ლაუდას აზრით, სწორედ "ფერარის" პილოტი მიიჩნევა ფორმულა 1-ში თანამედროვეობის საუკეთესო პილოტად.

"მე სწორედ მასზე ჩამოვდივარ ფსონს. ის ხომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და ეს ტიტულები იმის გამო მოიპოვა, რომ საუკეთესო პილოტია. თუ ერთობლიობაში განვიხილავთ სისწრაფეს, სარბოლო ინტელექტს, რისკზე წასვლის უნარსა და ქულების ეფექტურად მოპოვებას, ის უბრალოდ ყველას სჯობია", - მოუყვა ავსტრიულ გაზეთ Osterreich-ს ლაუდამ.
გარდა ამისა, მსოფლიოს ექსჩემპიონმა შეაფასა ავსტრალიელი მარკ უებერის გამოსვლა: "მან ყველა გაგვაოცა სტაბილური შედეგებით, მაგრამ მაინც ჩამორჩება ალონსოს".

შეგახსენებთ, რომ ფინიშამდე ოთხი რბოლით ადრე უებერი 11 ქულით უსწრებს ალონსოს პირად ჩათვლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული