მარკ უებერი: ერთი მოგებაც მეყოფა

AutoSharing Option

სუზუკაზე გამართული რბოლის შემდეგ მარკ უებერმა 14 ქულამდე გაზარდა კონკურენტებთან უპირატესობა. მართალია, ავსტრალიელმა თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან წააგო, მაგრამ კიდევ უფრო დაშორდა ფერნანდო ალონსოს ("ფერარი"). ერთის მხრივ, 14-ქულიანი უპირატესობა ნაწილობრივ ამცირებს მარკზე ზეწოლას, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გერმანიის გრან-პრიის შემდეგ ლუის ჰემილტონი სწორედ 14-ქულიანი უპირატესობით იყო წინ, თუმცა სამი ეტაპის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

სეზონის დასრულებამდე კიდევ სამი რბოლაა დარჩენილი და უებერს მიაჩნია, რომ ტიტულის მოსაპოვებლად ეტაპის მოგება სჭირდება. ბოლო გრან-პრი ავსტრალიელმა აგვისტოს დასაწყისში - უნგრეთში მოიგო და ლიდერობას

ფანტასტიკური სტაბილურობის ხარჯზე ინარჩუნებს. ის ყველა რბოლაში აგროვებს ქულებს, გამონაკლისია მხოლოდ ევროპის გრან-პრი, სადაც მარკი ავარიაში მოხვდა.
"დარჩენილ რბოლებში ერთი გამარჯვება უნდა მოვიპოვო და დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებ, მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, მათ შორის - საიმედოობა. ორი კვირის წინ ჩემი მთავარი კონკურენტი ლუისი იყო, ახლა ფერნანდო და სებასტიანი მებრძვიან. სიტუაცია ყოველი რბოლის შემდეგ იცვლება, თუმცა ჩემი უპირატესობა იზრდება და აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება. წინ სამი რბოლაა და მეტად კომფორტულ სიტუაციაში ვიმყოფები", - ამბობს საერთო ჩათვლის ლიდერი.


რედ ბული მაკლარენს ადანაშაულებს
"რედ ბულის" შეფი კრისტიან ჰორნერი "მაკლარენის" ხელმძღვანელობას იაპონიის გრან-პრის დროს გუნდური ტაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს. ჰორნერის თქმით, ჯენსონ ბატონი განზრახ აფერხებდა "რედ ბულის" პილოტებსა და ფერნანდო ალონსოს, რათა ლუის ჰემილტონს ამ სამეულთან მიახლოების საშუალება ჰქონოდა. მაგრამ ჰემილტონის მანქანაზე გადაცემათა კოლოფის პრობლემებმა "მაკლარენს" გეგმები ჩაუშალა.

"გაოცებას ვერ ვმალავდით, როცა ბატონი შეგნებულად აგდებდა ტემპს, რათა ჰემილტონი ლიდერთა ჯგუფს დაწეოდა. მაგრამ ლუისის მანქანას ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ამ ტაქტიკამ არ გაამართლა. უცნაური სანახაობა იყო და ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს "მაკლარენმა" ჰემილტონის წარმატებისთვის ბატონის გაწირვა გადაწყვიტა", - ამბობს ჰორნერი "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

თავის მხრივ, "მაკლარენის" ბოსმა მარტინ უიტმარშმა აღიარა, რომ ბატონი მართლაც აფერხებდა სხვა პილოტების გადაადგილებას, მაგრამ ამის მიზეზი რბილ საბურავებზე გადასვლა იყო.

"არანაირი გუნდური სტრატეგია არ ყოფილა. დიახ, ეტაპის გარკვეულ მონაკვეთში ბატონმა ტემპი დააგდო, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ ის რბილ საბურავებზე გადავიდა, რომელთა გახურებას დრო სჭირდებოდა. ხაზს ვუსვამ: ჩვენ არანაირი თამაშებს არ ვაწარმოებთ, უბრალოდ ვცდილობთ ჩვენი პილოტები რაც შეიძლება კარგად გამოვიდნენ", - განაცხადა უიტმარშმა.


მაკლარენში პესიმიზმი მოეძალათ
ამასობაში, იაპონიის გრან-პრიზე განცდილი მორიგი წარუმატებლობის შემდეგ, "მაკლარენის" პილოტები აღიარებენ, რომ ტიტულზე მათი შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა.

"დარჩენილ რბოლებში მხოლოდ პოდიუმზე მოხვედრა არ გვეყოფა ჩემპიონობის მოსაპოვებლად. შანსი მაშინ გაჩნდება, როცა სხვებს შეექმნებათ პრობლემები. დარჩენილ ეტაპებზე ქულათა ზონაში მოხვედრის შემთხვევაში, "რედ ბულს" პირველობა გარანტირებული ექნება", - ამბობს ჰემილტონი.

"იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ "რედ ბულის" პილოტები ავარიაში მოხვდებიან. ჩვენი ბოლიდი ისედაც კონკურენტუნარიანია. მაგრამ თუ "რედ ბული" ასეთივე ტემპში გააგრძელებს გამოსვლას, მათ ტიტულს ვერავინ წაართმევს", - მიაჩნია ბატონს.


შუმახერი პროგრესზე ალაპარაკდა
გერმანელი მიხაელ შუმახერი წარმატებით გამოვიდა იაპონიის გრან-პრიზე - გერმანელი კვალიფიკაციის ფინალში მოხვდა, კვირას კი მეექვსე მოვიდა ფინიშთან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ლეგენდარული პილოტი კომფორტულად გრძნობდა თავს "მერსედესის" საჭესთან, რაც ადრე არ მომხდარა.

გერმანულმა საჯინიბომ პროგრესს ჯერ კიდევ სინგაპურში მიაღწია, იაპონიაში კი წინსვლა გააგრძელა. ახლა მიხაელი ოპტიმიზმით უყურებს მომავალს...

"სიმართლე გითხრათ, სინგაპურში მანქანა პირველივე წრიდან სწრაფი იყო, მაგრამ გარკვეული მომენტის შემდეგ მისი ეფექტურობა დაეცა. ჩვენ გავაანალიზეთ სიტუაცია და დასკვნები გამოვიტანეთ.

დარწმუნებული არ ვარ, რომ წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით - ზოგიერთ ტრასაზე მაინც არის პრობლემები. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება", - ამბობს "წითელი ბარონი".


ნანდომ ლუისს გაასწრო


ტრადიციულად მორიგი სარბოლო უქმეების შემდეგ Castrol-ის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ავტოსპორტის ყველა სახეობის პილოტები არიან გაერთიანებული.

სებასტიან ფეტელმა და მარკ უებერმა სუზუკაზე დუბლი გაიფორმეს და განიმტკიცეს კლასიფიკაციაში პირველი და მეორე ადგილები. მესამე ადგილზე დარჩა ფრანგი რალისტი სებასტიან ლოები. რაც შეეხება მეოთხე პოზიციას, რომელიც ადრე ლუის ჰემილტონს ეკავა, მას ესპანელი ფერნანდო ალონსო დაეპატრონა.

იაპონიის გრან-პრიზე წარუმატებელი გამოსვლა მხოლოდ ჰემილტონს არ დაუჯდა ძვირად - მე-12 პოზიცია დაკარგა "რენოს" პილოტმა რობერტ კუბიცამ, ორი ადგილით ქვემოთ დაეშვა ნიკო როსბერგი ("მერსედესი") და ახლა მე-16 პოზიციაზე იმყოფება.
პირველ ასეულში ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა იაპონელ კამუი კობაიაშის - საშინაო ტრასაზე ბრწყინვალე გამოსვლამ ეს პილოტი 66-დან 59-ე ადგილზე გადაიყვანა.

ახალი რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:


1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 24 243
2. მ. უებერი (ფორმულა 1) 23 139
3. ს. ლოები (რალი) 21 292
4. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 18 505
5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 390
6. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 17 803
7. უ. პაუერი (IndyCar) 17 382
8. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 17 056
9. დ. ფრანკიტი (IndyCar) 15 474
10. კ. ჰარვიკი (NASCAR) 14 541

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული