ფორმულა 1: ფანხიოდან ფეტელამდე

AutoSharing Option
2012 წელს სებასტიან ფეტელმა მოიგო მორიგი ტიტული და გახდა მეცხრე პილოტი ისტორიაში, ვინც მესამედ გაიმარჯვა "დიდ ცირკში". დღეს სწორედ ამ პილოტებს გავიხსენებთ...

ხუან მანუელ ფანხიო (არგენტინა)
5 ტიტული: 1951, 1954-57
დაიბადა: 24.06.1911
გარდაიცვალა: 17.07.1995

ფანხიო დომინირებდა ფორმულა 1-ში ამ სერიის შექმნიდან პირველი ათწლეულის განმავლობაში.

არგენტინელის ზოგიერთი დიადი რეკორდი სამუდამოდ დარჩება. მაგალითად, El Maestro-მ (ფანხიოს მეორე მეტსახელიც ჰქონდა: El Chueco - "მოღუნულფეხებიანი") მოიგო მის მიერ ჩატარებული ეტაპების 46.2 პროცენტი (52-დან 24). გარდა ამისა, მოიპოვა ხუთი ტიტული ოთხი (!) სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში.

ფანხიოს განსაკუთრებული თვისება იყო: საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა. ხანდახან ის საჯინიბოს ჩემპიონატის მსვლელობისას იცვლიდა.

არგენტინელმა თავისი ზოგიერთი გამარჯვება თანაგუნდელის მანქანით მოიპოვა - მაშინდელი წესებით ეს დაშვებული იყო ავარიის ან ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში.

ჯეკ ბრებემი (ავსტრალია)
3 ტიტული: 1959-60, 1966
დაიბადა: 26.04.1926

ეს საავიაციო მექანიკოსი რბოლებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაინტერესდა. ბრებემი არა მხოლოდ რბოლებში მონაწილეობდა, არამედ აქტიურად იყო ჩართული სარბოლო მანქანების პროექტირებასა და შექმნაში.

ის ერთადერთი პილოტია ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ბოლიდით, რომელიც მის სახელს ატარებდა (საკუთარი სახელობის მანქანით რბოლები ბრიუს მაკლარენსაც აქვს მოგებული, მაგრამ ჩემპიონი არასოდეს ყოფილა).

ასევე, ბრებემი დაგვამახსოვრდა ავარიის ზღვრამდე მისული მართვის მანერით, რაც პუბლიკას ძალიან მოსწონდა. ასევე, ის უყვარდათ იუმორის გრძნობის გამო. ერთხელ მას მობეზრდა ჟურნალისტების გაუთავებელი კითხვები ასაკთან დაკავშირებით და 40 წლის ჯეკი სტარტზე მიწებებული წვერითა და ყავარჯნით გავიდა.

ჯეკი სტიუარტი (შოტლანდია)
3 ტიტული: 1969, 1971, 1973
დაიბადა: 11.06.1939

"მფრინავი შოტლანდიელი" ყოველთვის კარგი ბიზნესმენი იყო. ერთხელ სერ ფრენკ უილიამსმა ასეთი რამ თქვა სერ სტიუარტზე: "თავისი ბოლო ტიტული მან მეოთხედი საუკუნის წინ მოიგო, მაგრამ ამის წყალობით დღემდე შოულობს ფულს". სწორედ სტიუარტს უნდა უმადლოდეს თანამედროვე ფორმულა 1 უსაფრთხოების მაღალ დონეს. 1966 წელს, ბელგიის "სპაზე" ის ავარიაში მოყვა და ბოლიდიდან ვერ ამოდიოდა.

დაზიანებული ავზიდან საწვავი ჟონავდა, რბოლის მომსახურე პერსონალი კი, აფეთქებისა და ხანძრის საშიშროების მიუხედავად, არ ჩქარობდა დასახმარებლად მისვლას. სტიუარტი მანქანიდან მისმა თანაგუნდელმა გრემ ჰილმა და ბობ ბონდიურანმა ამოიყვანეს.

ამ შემთხვევის შემდეგ სტიუარტმა აქტიური კამპანია დაიწყო რბოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ ავარიის შემდეგ დაამონტაჟეს ბოლიდებზე მოსახსნელი საჭე, ასევე, ეტაპების ორგანიზატორებმა შექმნეს საკუთარი სამედიცინო სამსახური...

ნიკი ლაუდა (ავსტრია)
3 ტიტული: 1975, 1977, 1984
დაიბადა: 22.02.1949

ფორმულა 1-ის ისტორიაში შევიდა მეტსახელით - "არითმომეტრი" - მინიმალური შესაძლებლობებით მაქსიმალური შედეგის მიღწევის უნარის გამო. ავსტრიელის რეკორდი - 1984 წლის ჩემპიონატში ალენ პროსტზე ნახევარი ქულით გამარჯვება - არასოდეს დაემხობა.

ლაუდა არა მხოლოდ პრაგმატული, არამედ სწრაფი პილოტიც იყო, მაგრამ ნიურბურგრინზე საშინელმა ხანძარმა კინაღამ შეწყვიტა არა მხოლოდ მისი კარიერა, არამედ სიცოცხლე. საინტერესოა, რომ რბოლის წინ ლაუდა ცდილობდა, გაფიცვაზე დაეთანხმებინა სხვა პილოტები უსაფრთხოების არასაკმარისი ნორმების გამო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

უკვე მეორე წრეზე ლაუდას "ფერარი" ტრასიდან გადავარდა, ბრეტ ლუნგერის მანქანას შეეჯახა და ცეცხლში გაეხვია. პილოტი რამდენიმე წუთი რჩებოდა ალმოდებულ მანქანაში - მისი ამოყვანა ლუნგერმა, არტურო მერცარიომ და კიდევ ორმა პილოტმა მოახერხეს. ძლიერი დამწვრობისა და გაზით მოწამვლის გამო ლაუდა კომაში ჩავარდა.

მან თავისა და სახის მარჯვენა ნახევარზე რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა და მას შემდეგ ქუდს არ იშორებს. ლაუდა იმ საშინელი ავარიიდან ექვსი კვირის (!) თავზე დაბრუნდა - მხოლოდ ორი გრანპრი გამოტოვა!

როცა მონცაზე რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა, მისი ჩაფხუტი სისხლით იყო გაჟღენთილი. იმ წელს ლაუდას ჩემპიონობის მოგებაც შეეძლო - იაპონიის გრანპრის ძლიერი წვიმის გამო ვადაზე ადრე რომ არ ჩამოსცილებოდა. 1979 წელს ავსტრიელმა კარიერა დაასრულა, მაგრამ 1982 წელს დაბრუნდა იმის გამო, რომ მის ავიაკომპანიას Lauda Air-ს დაფინანსება არ ჰყოფნიდა. და 1984 წელს ლაუდამ მოიგო მესამე ტიტული.

ნელსონ პიკე (ბრაზილია)
3 ტიტული: 1981, 1983, 1987
დაიბადა: 17.08.1952

პილოტმა, რომელსაც ზოგიერთები 80-იანი წლების შუაში საუკეთესოთა შორის საუკეთესოს უწოდებდნენ, კარიერა მოკრძალებულად დაასრულა.

1991 წელს, როცა პიკემ ფორმულა 1 დატოვა, ის "ბენეტონში" სუპერდებიუტანტი თანაგუნდელის, მიხაელ შუმახერის ჩრდილში იყო მოქცეული და მისი წასვლა ბევრს არ შეუმჩნევია. ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის შვილმა მამისგან ინტრიგების ხლართვა ისწავლა, მაგრამ დიპლომატია ბოლომდე ვერ აითვისა.

პიკეს კარიერის ფინალი მის მიერ ინიცირებული უამრავი სკანდალით დაგვამახსოვრდა, კერძოდ, ნაიჯელ მენსელთან ან აირტონ სენასთან მიმართებაში. ბრაზილიელის კარიერაში აღმაფრენის მომენტები ჩავარდნებს ენაცვლებოდა.

მის ბიოგრაფიაში არის რამდენიმე წაგებული ჩემპიონატი, მაგალითად, 1980 წელს ალან ჯონსთან ან 1986 წელს - ალენ პროსტთან.

პიკესთვის ყველაზე გამორჩეული სეზონი კი, ალბათ, 1987 წელი იყო, როცა მან ჩემპიონის ტიტული მხოლოდ სამი მოგებული რბოლით მოიპოვა. არადა, მის პარტნიორს "უილიამსში" ნაიჯელ მენსელს შვიდი რბოლა ჰქონდა მოგებული.

სხვათა შორის, ამ გუნდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რანგში მისული ნელსონი დარწმუნებული იყო, რომ მენსელი, რომელსაც ფორმულა 1-ში ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი რბოლა ჰქონდა მოგებული, მისი კონკურენტი ვერ გახდებოდა.

ბრაზილიელი თანაგუნდელს აგდებულად უწოდებდა "ინგლისელ კონსტებლს თავში ნაფოტებითა და მახინჯი ცოლით", მაგრამ პიკემ ამ "კონსტებლს" ვერაფერი მოუხერხა. ინგლისელი უფრო სწრაფი და აგრესიული იყო.

საბოლოოდ, "უილიამსში" მენსელთან დაძაბული კონკურენციის შემდეგ მისმა კარიერამ დაღმასვლა დაიწყო.

სააშკარაოზე გამოვიდა ბრაზილიელის აუტანელი ხასიათი და მან ბევრი არასასურველი შეცდომა დაუშვა.

მიუხედავად ამისა, პიკეს სახელი დარჩება ისტორიაში, თანაც არა მხოლოდ როგორც სამგზის ჩემპიონი, არამედ პირველი პილოტი, რომელმაც ტიტული მოიგო ტურბოძრავიანი მანქანით.

ალენ პროსტი (საფრანგეთი)
4 ტიტული: 1985-86, 1989, 1993
დაიბადა: 24.02.1955

ფორმულა 1-ის ერთ-ერთი იშვიათი პილოტთაგანი, რომელსაც ყოველგვარი კამათის გარეშე უწოდებენ "დიადს".

მის მიმართ პატივისცემას ადასტურებს ფრანგისთვის შერჩეული მეტსახელი - "პროფესორი". ალენს რაფინირებულ პრაგმატიკოსს უწოდებდნენ, მაგრამ ვისაც ცოცხლად უნახავს მისი რბოლები, ფრანგის მოქმედებას ტრასაზე ავტოსპორტის პოეზიას უწოდებდა.

ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია: გარემოებათა სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში, პროსტი არა ოთხ, არამედ შვიდ ჩემპიონატსაც მოიგებდა. მან ყველაზე კარგად იცოდა მოგება ისეთი მანქანით, რომელიც ამისთვის არ იყო განკუთვნილი.

მას მინიმუმამდე დაჰყავდა დანაკარგი და მაქსიმუმს აღწევდა რესურსების მინიმალური დანახარჯებით.

პროსტისა და სენას 10-წლიანმა დაპირისპირებამ სარბოლო სამყაროს აჩუქა ფორმულა 1-ის ცალკე აღებული ისტორია.

თავად სენას არაერთხელ უთქვამს, რომ მისი კარიერა და ოსტატობა არ იქნებოდა ისეთი ბრწყინვალე, მის გვერდით რომ არ ყოფილიყო მთავარი და ალბათ, ერთადერთი მეტოქე.

აირტონ სენა (ბრაზილია)
3 ტიტული: 1988, 1990-91
დაიბადა: 21.03.1960
დაიღუპა: 01.05.1994

ეჭვგარეშეა, რომ იმოლას ტრასაზე დაღუპვამ უფრო მეტი რომანტიკა შესძინა დიადი ბრაზილიელის პიროვნებას.

სენა უცნაურად აერთიანებდა საკუთარ თავში პილოტის ბრწყინვალე ნიჭს და დროდადრო საკმაოდ უცნაურ და ფსიქოლოგიურად დაულაგებელ სულიერ სტრუქტურას. ფორმულა 1-ში ასეთი უნაკლო პილოტი, ალბათ, აღარასოდეს იქნება.

სენაში გაერთიანებული იყო ყველაფერი: ბრწყინვალე ბუნებრივი ნიჭი, სისწრაფე, რისკისადმი მზადყოფნა, უშიშარი ბუნება, სიჯიუტე...

და რაც მთავარია, თანამედროვე პილოტთაგან ვერავინ მივა მასთან ახლოს ქარიზმის მიხედვით. არ არის საჭირო მისი რეკორდებისა და მიღწევების ჩამოთვლა.

გაცილებით საინტერესოა მისი გამონათქვამების მოყვანა, რომელიც ასევე იყო ბრაზილიელის სხვებისგან განმასხვავებელი ნიშანი.

მაგალითად, ასეთი: "თუ შენ აკეთებ იმას, რაც შენს გარდა სხვას არავის შეუძლია, აუცილებლად დგება მომენტი, როცა საკუთარი თავი ყოვლისშემძლე და უნაკლო გგონია: ყველაზე სწრაფი, საუკეთესო, ხელშეუხებელი... და ეს სწორედ ის მომენტია, როცა სინამდვილეში სუსტი და არაფრისშემძლე ხარ.

საბედნიეროდ, ეს მომენტი მხოლოდ წამის მეათასედი გრძელდება: თვალი დაახამხამე და ყველაფერმა გაიარა".

მიხაელ შუმახერი (გერმანია)
7 ტიტული: 1994-95, 2000-04
დაიბადა: 03.01.1969

იმ ეპოქის ცოცხალი სიმბოლო, რომლის დროსაც ფორმულა 1 საბოლოოდ გადაიქცა დიდ ბიზნესად. პირველი მაღალი დონის პილოტი, რომლის გარშემო პროექტირდებოდა და იქმნებოდა ავტომობილი და რომლის ინტერესებს ემსახურებოდა მთელი ინდუსტრია. ეს არის ადამიანი, რომელმაც მთლიანად გადაწერა ფორმულა 1-ის რეკორდების წიგნი.

შუმახერის ფენომენი - ესეც უნიკალური შეხამებაა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც სენას შემთხვევაში. გერმანელის ნიჭი და შრომისმოყვარეობა შეერწყა უახლეს ტექნიკურ ნოვაციებსა და უსაზღვრო ფინანსურ შესაძლებლობებს. კომპანია "ბრიჯსტოუნი", რომელიც მაშინ საბურავების ერთადერთი მწარმოებელი იყო, თავის პროდუქციას შუმახერის ინტერესებიდან გამომდინარე ქმნიდა. შედეგად, შეიქმნა უდიდესი და ფანტასტიკურად წარმატებული ბიზნესპროექტი, რომელმაც უბრალოდ ნიჭიერი პილოტი კოსმოსური მასშტაბის ვარსკვლავად აქცია. იმისთვის, რომ მთელ ამ პირამიდას შეუფერხებლად ემუშავა, მის მწვერვალზე მყოფი ადამიანი განსაკუთრებული თვისებებით უნდა ყოფილიყო დაჯილდოებული. ხოლო ის, რომ შუმახერს, სენასგან და პროსტისგან განსხვავებით, არ ჰყავდა შესაბამისი რანგისა და შესაძლებლობების კონკურენტი, ესეც ნაწილობრივ მისი დამსახურებაც იყო.

სებასტიან ფეტელი (გერმანია)
3 ტიტული: 2010-12
დაიბადა: 03.07.1987

ახალი ჩემპიონი, რომელთან ერთადაც ფორმულა 1-ში მოვიდა ახალი ეპოქა. ამჟამად საუკეთესო ბოლიდების საჭესთან თავიდანვე გუშინდელი იუნიორები სხდებიან.

მათ წამყვანი გუნდები თავად ზრდიან და ამისთვის ფინანსებს არ იშურებენ. ამის ნათელი მაგალითია - 2008 წლის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი, რომელიც "მაკლარენის" პროგრამაში 12 წლიდან იმყოფებოდა.

ფეტელი კი "რედ ბულის" სკოლის აღზრდილია, თუმცა ის ფორმულა 1-ში უფრო ტრადიციული ხერხით მოხვდა. იმედისმომცემმა გერმანელმა 2007 წელს BMW-ში შეცვალა ავარიაში მოხვედრილი რობერტ კუბიცა - და პირველივე რბოლაში ქულები მოიპოვა.

ამის შემდეგ ფეტელი სეზონის ბოლომდე "ტორო როსოს" ბოლიდის საჭეს მიუჯდა, 2008 წელს კი იქვე სრულფასოვანი საპრიზო პილოტის კონტრაქტი მიიღო. სებამ მონცაში მოუტანა ამ პატარა გუნდს ის, რაზეც საჯინიბო ვერც კი იოცნებებდა: მოგება.

ბუნებრივია, ასეთი შედეგების შემდეგ ვუნდერკინდი "რედ ბულში" გადავიდა, სადაც თავის პირველივე სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - თანაც ყველაზე ახალგაზრდა ისტორიაში (23 წლის).

მას შემდეგ ფეტელი დამაჯერებლად მიჰყვება შუმახერის ნაკვალევს. მანაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ტიტული და თუ ასე გააგრძელებს, სავსებით შესაძლებელია, თავის ლეგენდარულ თანამემამულეს რეკორდებიც ჩამოართვას.

თუმცა თავისი გამარჯვებების დიდი ნაწილი ფეტელმა ჩემპიონატის უსწრაფესი მანქანით მოიპოვა, მაგრამ რამდენადაც სრულყოფილი არ უნდა იყოს ბოლიდი, პილოტი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ასრულებდეს თავის წილ სამუშაოს.

ეს კარგად გამოსდიოდა შუმახერს და ასევე კარგად გამოსდის მის მემკვიდრეს, რომელსაც შემთხვევით არ ეძახიან "ბეიბი შუმის".

რაც უფრო კარგია ფეტელის მანქანა, მით ბრწყინვალეა თავად პილოტი. ამით გერმანელი არა მხოლოდ შუმახერს, არამედ სხვა ბევრ ცნობილ პილოტს - მაგალითად, ალბერტო ასკარის ან ჯიმი კლარკს ჰგავს.

ჩასვით ის კარგ ბოლიდში, დააყენეთ პოულზე და მიეცით საშუალება, პირველი გავიდეს პირველი მოსახვევიდან - ფეტელი ამ დროს დაუმარცხებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული