მოჩვენებითია ის, რომ “საჰირის” ფართო ტრასა მანევრის სრულ თავისუფლების უტოვებს პილოტს - რეალურად, აქ ოპტიმალური ტრაექტორია მხოლოდ ერთია. ტრასის დანარჩენ ნაწილში, სადაც ბოლიდის საბურავი იშვიათად ხვდება, მხოლოდ ქვიშა და მტვერია. და კიდევ, დამწვარი საბურავების კვალი და სხვადასხვა ტიპის ნამსხვრევები, რომლებზეც ორჯერ გადაიარა ტრადიციულად უიღბლო და უცნაური ტრაექტორიების
შეიძლება ითქვას, რომ “საჰირი” ტრაექტორიების ხშირ ცვლას არავის პატიობს და ამ შეცდომას ფასიც შესაბამისი აქვს. განსაკუთრებით გასწრების დროს, რომლის შესრულება ტრასის დანაგვიანებულ ნაწილზე გადასვლის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც, დაბალი სიჩქარით მოძრავი კონკურენტის გასწრების დროსაც, პილოტი ტემპის კარგვას იწყებს. ძირითადად, "გაჭუჭყიანებული" საბურავების გამო, რომლის "გაწმენდას" შემდეგ რამდენიმე წრე სჭირდება. ფერნანდო ალონსოს ასეთი ისტორია ბაჰრეინში სამჯერ შეემთხვა - სებასტიან ფეტელისა და ნიკო როსბერგის გასწრებისას რბოლის სტარტზე და სერხიო პერესზე შეტევისას რბოლის ბოლოს. ამ დუელებში გამარჯვება მას საკმაოდ ძვირად უჯდებოდა, კერძოდ, ქვიშით დაფარულ საბურავებად. და, როგორც წესი, მალე მინუსში რჩებოდა ხოლმე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ზედმეტი პიტსტოპის გარდა, ამ ეპიზოდებმაც იმოქმედეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის მერვე პოზიციაზე.
სამაგიეროდ, რბოლის სტარტზე მესამე ადგილამდე ჩამოქვეითებულმა ფეტელმა ეს საკითხი წარმატებით გადაჭრა და აჩვენა, რამდენად გაიზარდა ბოლო დროს მისი სარბოლო ინტელექტი. ალონსოსა და როსბერგის გასწრებისას, ის მკვეთრად არ გადასულა ტრასის “ჭუჭყიან” მხარეს და შეინარჩუნა საბურავი იმდენად, რომ შემდეგ 10 წრე გაიარა.
9-10-წამიანი კომფორტული უპირატესობის მოპოვებით, სებასტიანმა თავისი ოსტატობის მეორე მხარე შემოგვთავაზა - პილოტაჟის ის მანერა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დახვეწა და ამ მხრივ, არ ჩამორჩება ალონსოს. ესპანელის მსგავსად, “რედ ბულის” ლიდერი ძალიან იშვიათად ამუხრუჭებს ექსტრემალურ პირობებში, იშვიათად უშვებს საბურავების ბლოკირებას და ისევე ზუსტი და სკურპულოზურია ტრაექტორიის არჩევის მხრივ. და, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ფერნანდოს, ფეტელსაც გამოარჩევს კონტროლის შესანიშნავი გრძნობა: “სკუდერიას” ლიდერის მსგავსად, ის საჭის პირველი მოძრაობისთანავე აყენებს მანქანას იმ პოზიციაში და იმ ხაზზე, რომლითაც იდეალურად უნდა შევიდეს შემდეგ მოსახვევში. და ასე წრიდან წრემდე, ეტაპიდან ეტაპამდე.
"საჰირის" ქვიშით დაფარულ ტრასაზე, რომელიც არ გპატიობს ოპტიმალური ტრაექტორიიდან მცირე გადახრას, სებასტიანისთვის დამახასიათებელი ზუსტი პილოტაჟი განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა: საკუთარ თანაგუნდელს სებასტიანმა 40 წამი მოუგო, არადა, მარკ უებერს ისეთივე ბოლიდი ჰყავს, როგორიც გერმანელს. და საბურავების ტიპიც იგივე ჰქონდა.
ფეტელისთვის ეს იყო ყველაზე დომინაციური გამარჯვება მას შემდეგ, რაც მან 2008 წელს, "ტორო როსოს” ბოლიდით მოიგო პირველი რბოლა. ფინიშზე მან მხოლოდ 10 წამით გაუსწრო კიმი რაიკონენს, მაგრამ ერთი პიტსტოპით მეტი ჩაატარა, ანუ მას ეყო უპირატესობა იმისთვის, რომ მესამედ შესულიყო ბოქსებში და ტრასაზე ლიდერად დაბრუნებულიყო.
რა ხდება სხვა გუნდებში
“ფერარის” განვლილ ოთხ რბოლაში ორჯერ შეექმნა პრობლემები, რითაც იტალიელებმა ბევრი ქულა დაკარგეს. დღეს სავსებით ცხადია, რომ მალაიზიაში მათ პირველი წრის ბოლოს უნდა გამოეძახათ ბოქსებში ფერნანდო დაზიანებული ანტიფრთის გამოსაცვლელად, ბაჰრეინში კი ეთხოვათ მისთვის არ გამოეყენებინა DRS პირველი პიტსტოპის შემდეგ. ამის ნაცვლად, ალონსომ ისევ გაააქტიურა ეს სისტემა და იძულებული გახდა, ისევ შესულიყო ბოქსებში. ეს გაკვირვებას იწვევს, რადგან, ჩვეულებრივ, “ფერარის” მექანიკოსები ძალიან ეფექტურად მოქმედებენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოულოდნელი ტექნიკური პრობლემების პირობებში, გუნდი ხანდახან მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს.
ალონსომ მაინც მოახერხა ქულათა ზონაში შესვლა და მერვე ადგილი დაიკავა, მაგრამ უფრო მაღალი შედეგის მიღების შანსი დაკარგა. DRS-ის სისტემის მწყობრიდან გამოსვლით გამოწვეული ზედმეტი პიტსტოპი რომ არა, ესპანელს პოდიუმზე ვიხილავდით. გასულ წელს, ის სტაბილურად ხვდებოდა პირველ სამეულში, ამიტომაც ბოლომდე ჰქონდა ტიტულის შანსი. წელს კი სახეზეა ორი წარუმატებელი რბოლა, რაც, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს ფერნანდოს სეზონის ბოლოს.
კიმი რაიკონენი წარმატებით ინარჩუნებს “მისტერ სტაბილურობის” სტატუსს და 10 ქულით ჩამორჩება სებასტიან ფეტელს პირად ჩათვლაში. მათი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება.
“მერსედესის” მთელი რიგი წარუმატებლობების მიუხედავად, ლუის ჰემილტონმა სასწაულებრივ მოახერხა გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე ასვლა. ბაჰრეინში გერმანულმა საჯინიბომ არც ისე ცუდად წარმოაჩინა თავი, მაგრამ მაინც იმედი გაუცრუა გულშემატკივრებს. ნიკო როსბერგმა ბრწყინვალე პოული მოიპოვა, მაგრამ გავარვარებულ ასფალტზე უკანა საბურავების გახურების პრობლემის გამო, მაღალი ტემპი ვერ შეინარჩუნა და შესამჩნევად დაქვეითდა. წინა უქმეებზე ჰემილტონმა აიღო სტარტი პოულიდან და მესამე ადგილი დაიკავა. მაღალი ტემპერატურის გამო, სერიოზულად ზიანდება უკანა საბურავები და ეს პრობლემაა “მერსედესისთვის”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"რედ ბულის" შემდეგ "მაკლარენის" გუნდშიც კონფლიქტი დაიწყო?