ბერნი ექლსტოუნს გერჰარდ გრიბოვსკისთვის 44 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის გადაცემაში ადანაშაულებენ. ეს ამბავი 2005 წელს მოხდა, როცა ბერნიმ საინვესტიციო ფონდ CVC Capital Partners-ს აქციები მიჰყიდა. გრიბოვსკი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია მექრთამეობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით, იმ დროს სახელმწიფო მოხელე იყო, რაც
ახლა პროკურატურის მასალებს ინგლისურ ენაზე თარგმნიან, რის შემდეგაც ბერნი ექლსტოუნის ადვოკატებს გადაუგზავნიან. ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი უარყოფს დანაშაულს, თუმცა 15 მაისს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "დიდი ცირკის" მააკონტროლებელი საინვესტიციო ფონდი CVC Capital Partners აპირებს ექლსტოუნის გადაყენებას. ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ ბრიტანელი და მისი იურისტები მოაგვარებენ სადავო საკითხს გერმანულ მართლმსაჯულებასთან.
ჰონდას მეოთხე დაბრუნება
უახლოეს დღეებში შეიძლება დადასტურდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონური კონცერნი "ჰონდა" ფორმულა 1-ში ბრუნდება. ამჯერად ეს ავტოგიგანტი "დიდ ცირკში" ძრავების მიმწოდებლის რანგში იმუშავებს. ავტორიტეტული იაპონური გაზეთი "ნიკეი" ამტკიცებს, რომ "ჰონდას" პრეზიდენტი ტაკანობუ იტო ამ ახალ ამბავს უახლოეს დროში გამოაცხადებს.
ამ ინფორმაციას ადასტურებს ბრიტანელი ექსპერტი ადამ კუპერი. საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ის ამბობს, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, "ჰონდა" ტურბოძრავებით მოამარაგებს ბრიტანულ საჯინიბო "მაკლარენს". შესაბამისი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ეს ამბავიც უახლოეს დღეებში გამჟღავნდება. ასე რომ, სანამ იაპონურ ძალისმიერ აგრეგატებზე გადავა, "მაკლარენი" გაისად ისევ "მერსედესის" ძრავებით ისარგებლებს.
თუ "ჰონდას" დაბრუნება დადასტურდა, ეს იქნება 1964 წლიდან მოყოლებული იაპონური კომპანიის მეოთხე გამოჩენა ფორმულა 1-ში და მეორედ მოგვევლინება ის ძრავების მომწოდებლის რანგში.
ფორმულა მკაცრდება
2014 წლის სეზონიდან ფორმულა 1-ში შეიძლება შემოიღონ საჯარიმო ქულები პილოტებისთვის. ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მხოლოდ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის დასტური.
ცოტა ხნის წინ ბარსელონაში გაიმართა ფორმულა 1-ის ყველა გუნდის წარმომადგენლის შეხვედრა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საჯარიმო ქულების შემოღება. წინადადებას მხარი დაუჭირა 11-დან შვიდმა გუნდმა და უკვე FIA-ს საბჭოს შემდეგ სხდომაზე ამ სისტემამ, შესაძლოა, ოფიციალური სტატუსი მიიღოს.
Autosport.com-ის ინფორმაციით, ამ პროექტს ჯერჯერობით არ ეთანხმებიან "რედ ბული", "ტორო როსო", "უილიამსი" და "ლოტუსი".
ამ სიახლის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: გრანპრის მსაჯებს, ჩვეულებრივი ჯარიმების გარდა, შეეძლებათ, პილოტებს წესების დარღვევისთვის საჯარიმო ქულები დაუწერონ. მათი რაოდენობა სარბოლო თემიდის შეხედულებისამებრ განისაზღვრება, თუმცა ეს გარკვეულ ფარგლებში მოხდება. გარდა ამისა, შეიქმნება დარღვევების ერთგვარი სკალა: ავარიული სიტუაციის შექმნა სამი ქულით დაისჯება, უსაფრთხოების მანქანასთან დისტანციის დარღვევა - ერთი ქულით და ა. შ.
მთავარი ის არის, რომ ყოველი პილოტი, რომელიც ჩემპიონატის მსვლელობისას 12 საჯარიმო ქულა დააგროვებს, იძულებული იქნება, გამოტოვოს უახლოესი რბოლა, მაგრამ თუ დარღვევიდან ზუსტად ერთი წელი გავა, საჯარიმო ქულა გაუქმდება და აღარ ჩაითვლება.
"ჩემი აზრით, ეს სიახლე დიდად განსხვავებული არ იქნება ის სქემისგან, რომელსაც ახლა იყენებენ. ის პილოტები, რომლებიც სხვებს პრობლემებს უქმნიან, უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდნენ. პირადად მე მთელი კარიერის განმავლობაში ვცდილობდი, თავიდან ამეცილებინა ამგვარი საქციელი. ასე რომ, ახალი წესის შემოღებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ", - ასეთი კომენტარი გაუკეთა მოსალოდნელ ცვლილებას "ფერარის" პილოტმა ფელიპე მასამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფერნანდო ალონსომ ფოტოგრაფს კამერა დაუმსხვრია