კიმი რაიკონენი: ორი ვარიანტი 2014 წლისთვის

AutoSharing Option
გასულ წელს ფინელი კიმი რაიკონენი ფორმულა 1-ში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილი დაიკავა. 2013 წელს, ხუთი რბოლის შემდეგ, "ლოტუსის" პილოტს მეორე ადგილი უკავია და ტიტულისთვის ბრძოლის კარგი შანსი გააჩნია.

კიმის მაღალი შედეგები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ფორმულა 1-ის სამყაროში უკვე დაიწყეს ჭორაობა იმის თაობაზე, რომ რაიკონენი მომავალ სეზონში "რედ ბულში" გადავა მარკ უებერის ნაცვლად. თავად კიმიმ იტალიურ Autosprint-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას 2014 წლისთვის მოვლენათა განვითარების ორი ვარიანტი გააჩნია.

"ამჟამად არ გამაჩნია კონტრაქტი მომავალი წლისთვის.
როცა დადგება გადაწყვეტილების მიღების დრო, მე ამას გავაკეთებ და აუცილებლად გაცნობებთ. გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ორი ვარიანტი გამაჩნია, მაგრამ ფორმულა 1-ში არ შეიძლება, ბოლო ასი პროცენტით იყო დარწმუნებული. მე საკმარისად დიდი ხანია გამოვდივარ ჩემპიონატში და ვიცი, რომ საჭიროა ავირჩიო ვარიანტი ჩემთვის ოპტიმალური პირობებით.

გეგმების დაწყობა არასოდეს მიყვარდა. ვიცი, თუ ხვალ მოულოდნელად მივხვდები, რომ აღარ მინდა რბოლებში დარჩენა, მაშინვე წავალ ფორმულა 1-დან. ადრე თუ გვიან, ასეთი მომენტი დადგება, რადგან ასეთ ჩემპიონატში გამოსვლისას ყველაფერი უნდა მიუძღვნა სამუშაოს და ფაქტობრივად, სხვა არაფერზე დრო არ გრჩება. ოდესღაც მომინდება ჩვეულებრივი ცხოვრებით არსებობა, მოგზაურობა, თუმცა ახლა რბოლებისგან სიამოვნებას ვიღებ
", - ამბობს რაიკონენი.

მიმდინარე სეზონზე საუბრისას "ლოტუსის" პილოტი აცხადებს, რომ არ უკვირს თავისი გუნდის მაღალი შედეგები და პირადი მეორე ადგილი გენერალურ კლასიფიკაციაში: "გაკვირვების მიზეზს ვერ ვხედავ. გვინდოდა, სეზონი იმაზე უკეთ დაგვეწყო, ვიდრე შარშან და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მე ვიცნობ გუნდს, გუნდი მიცნობს მე, ერთად მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. წელს კი მოვახერხეთ სტაბილურობის მოპოვება და სიჩქარის ამაღლება. თუმცა გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი რბოლა მოგვეგო, მაგრამ ჯერ ეს არ ხდება".

რაიკონენმა კომენტარი გაუკეთა საბურავებთან დაკავშირებულ პრობლემას: "ყოველ წელს ვხედავთ რაღაც სიახლეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძირითადი საკითხები უცვლელი რჩება. თუ საკმარისად სწრაფი არ ხარ, პოდიუმზე ასვლას ვერ შეძლებ. პირველ რიგში, პილოტი უნდა იყოს საკმარისად ძლიერი მაღალი პოზიციებისთვის საბრძოლველად".

შუმახერი ისევ ტრასაზეა
ლეგენდარული მიხაელ შუმახერი ერთი დღით დაუბრუნდა "მერსედესის" ბოლიდის საჭეს და ერთი წრე გაიარა საინტერესო აქციის რანგში, რომელიც წინ უძღოდა "ნიურბურგრინგის 24 საათის" მარათონის სტარტს.

აქ რეკორდის დამყარება არ იგეგმებოდა. ეს იყო სარეკლამო ხასიათის აქცია და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონთან ერთად, მასში მონაწილეობა მიიღეს სხვა გერმანელმა პილოტებმა. ისინი "მერსედესის" სხვადასხვა სპორტულ მანქანას მართავდნენ, თუმცა ფორმულა 1-ის ბოლიდზე მხოლოდ მიხაელი იჯდა.

სცენარის მიხედვით, ნიკო როსბერგი, ბერნდტ შნაიდერი, კარლ ვენდრინგერი და ბერნდტ მაილანდერი შესამჩნევი ჰანდიკაპით იღებდნენ სტარტს. შუმახერის ამოცანა იყო – დაწეოდა და გაესწრო "კონკურენტებისთვის", რაც ლეგენდამ ბრწყინვალედ შეასრულა.

"ფორმულა 1-ში ბევრი არაფერი დარჩა ისეთი, რაც ჩემთვის სიახლე შეიძლება იყოს, - განაცხადა შუმახერმა ფინიშის შემდეგ. – მაგრამ ის, რაც დღეს განვიცადე, რა თქმა უნდა, პირველად მოხდა ჩემს კარიერაში".

ფეხბურთი რბოლის წინ
მონაკოში, ლუი II-ის სტადიონზე გაიმართება ტრადიციული საფეხბურთო მატჩი, რომელიც წინ უძღვის ფორმულა 1-ში მონტე კარლოს გრანპრის. ამ საქველმოქმედო შეხვედრაში, რომელიც წელს მეოცედ გაიმართება, პილოტების ნაკრები შეხვდება მონაკოს თავადის, ალბერტ II-ის ნაკრებს.

პილოტების გუნდში ითამაშებენ ფორმულა 1-ის მოქმედი პილოტები: ფერნანდო ალონსო, სებასტიან ფეტელი, ფელიპე მასა, სერხიო პერესი, ჟიულ ბიანკი. ასევე გავლენ მოედანზე ჩემპიონატის ყოფილი პილოტები: რიკარდო პატრეზე, ემანუელე პირო, გაბრიელე ტარკვინი, ვიტანტონიო ლიუცი, ჯანკარლო ფიზიკელა და ივან კაპელი. მათთან ერთად, გუნდს დააკომპლექტებენ დაბალი სერიის პილოტები.

ალბერტ II-ის გუნდში რამდენიმე ყოფილ ფეხბურთელს ვიხილავთ. აქ ითამაშებს "ლაციოს", "ინტერისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მოთამაშე ბერნარდო კორადი, "ტორინოს", "სამპდორიასა" და "ფიორენტინას" ექს-ფეხბურთელი სანდრო კოისი, ცნობილი იტალიელი სამთო მოთხილამურე კრისტიან გედინა და სხვა ვარსკვლავები.

გარდა ამისა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მინდორზე გავლენ ისეთი ცნობილი მოთამაშეები, როგორებიც არიან ჯენარო გატუზო, პაველ ნედვედი და ანდერსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1 მკაცრდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული