ფორმულა 1: "მერსედესს" უფლება ჰქონია

AutoSharing Option
საინტერესო გაგრძელება ჰპოვა "მერსედესის" საქმემ, რომელშიც გერმანულ საჯინიბოს საბურავების მწარმოებელ კომპანია "პირელისთან" ერთად არალეგალური ტესტების ჩატარებაში ადანაშაულებენ, - წერს ბრიტანული "გარდიანი".

ამ საქმის განხილვა 20 ივნისს უნდა გაიმართოს და როგორც ირკვევა, "მერსედესი" ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტრიბუნალს წარუდგენს წერილს, რომლის მიხედვით, ფედერაციას "მერსედესისთვის" ასეთი ტესტების ჩატარების უფლება მიუცია. "მერსედესისა" და "პირელის" ტესტებზე უფლებისთვის ხელი მოწერილი აქვს ავტოსპორტის ფედერაციის სარბოლო დირექტორს ჩარლი უაიტინგს.

ადრე არაერთხელ დავწერეთ იმის შესახებ, რომ ტრიბუნალი გერმანული გუნდის წინააღმდეგ სანქციის გამოტანას აპირებს. არ არის გამორიცხული, "მერსედესს" ქულებიც კი
ჩამოართვან კონსტრუქტორთა თასის ჩათვლაში.

ბატონის პირადი რეკორდი
გასულ უქმეებზე "მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა მონაწილეობა მიიღო ბერლინის ტრიატლოში (Ironman 70.3-ის კატეგორია) და ახალი პირადი რეკორდი დაამყარა. ბრიტანელმა 1.9 კილომეტრზე ცურვას, 90 კილომეტრი სიგრძის ველორბოლასა და 21.1 კილომეტრ სირბილს 4 საათი, 19 წუთი და 52 წამი მოანდომა.

ჯენსონი აბსოლუტურ ჩათვლაში 35-ე ადგილზე გავიდა, თავის ასაკობრივ ჯგუფში (30-34 წელი) კი მესამე მივიდა ფინიშთან. შედარებისთვის, აბსოლუტური გამარჯვებულის დრო იყო 3 საათი და 46 წუთი.

"ჩემთვის ტრიატლონის ტურნირში მონაწილეობა - ფორმულა 1-ში გამოსვლისთვის ფიზიკური ფორმის შენარჩუნების იდეალური ხერხია. სპორტის ჩვენს სახეობაში, ისევე, როგორც ტრიატლონში, ძალიან მნიშვნელოვანია ამტანობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯენსონმა.

14 ივლისს ბატონი მონაწილეობას მიიღებს ტრიატლონში, რომლის ორგანიზატორი თავად გახლავთ - ის ბრიტანულ ბედფორტშირში გაიმართება და შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მერსედესი" დაისჯება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული