ფორმულა 1: სანამ ტრაგედია მომხდარა - პილოტებს უკვე ეშინიათ

AutoSharing Option
დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ბრიტანეთის გრანპრიზე საბურავებთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, როცა ერთბაშად ოთხმა პილოტმა დაკარგა წარმატების შანსი უკანა მარცხენა საბურავის მწყობრიდან გამოსვლის გამო.

ერთ-ერთი დაზარალებული აღმოჩნდა "ფერარის" პილოტი ფელიპე მასა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პილოტებმა უარი თქვან გერმანიის გრანპრიში მონაწილეობაზე, რომელიც 7 ივლისს გაიმართება.

ჩემპიონატის მონაწილეები ამ ნაბიჯზე სწორედ "პირელის" საბურავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო წავლენ.

"შეგვიძლია თუ არა გერმანიის გრანპრის ბოიკოტირება? არ ვიტყვი, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ასეთმა განცხადებამ, შეიძლება ნამდვილი აურზაური გამოიწვიოს. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ეს ნაბიჯი გადავდგათ საკუთარი უსაფრთხოებისთვის", -
ამბობს ბრაზილიელი.

"რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა ბრიტანეთის გრანპრის შემდეგ განაცხადა, რომ "პირელის" ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ უნდა მოიყვანოს თავისი საბურავები წესრიგში. არადა, "სილვერსტოუნზე" საბურავების გამო "რედ ბულის" არც ერთი პილოტი არ დაზარალებულა.

"მძიმე სანახავი იყო ის, რაც ჩვენს კონკურენტებს დაემართათ, - ამბობს ჰორნერი. - ახლა მთავარია გავერკვეთ, რაში მდგომარეობს პრობლემა. "პირელიმ" უნდა მონახოს სწორი გადაწყვეტილება, თანაც, მაქსიმალურად მოკლე ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ტრაგედია მოხდეს".

სხვათა შორის, ჰორნერი და "ფერარის" შეფი სტეფანო დომენიკალი საინტერესო წინადადებით გამოვიდნენ. მათ სურთ ივლისში დაგეგმილი ახალგაზრდული ტესტები "პირელის" საბურავების გამოცდით შეცვალონ. მათი აზრით, ეს არის ერთადერთი ხერხი, რომლითაც გუნდები "პირელის" დაეხმარებიან.

"ეს ის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაში ფორმულა 1-ის მთელმა სამყარომ უნდა მიიღოს მონაწილეობა, - განაცხადა ალენმა. - მიმაჩნია, რომ უახლოეს დღეებში უნდა განვიხილოთ სილვერსტოუნში დაგეგმილი ტესტების საკითხი. იქ ახალგაზრდა პილოტებმა უნდა იმუშაონ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საბურავი დიდ დატვირთვას იღებს ამ ტრასაზე, მსგავსი ტესტები დაეხმარება "პირელის" პრობლემის მოგვარებაში. თან ვიმუშავებდით ძირითად პილოტებთან, რადგან ეს საკითხი მათთვისაც მნიშვნელოვანია. ასეთი ტესტი ყველასთვის სასარგებლო იქნება".

საბოლოოდ, ახალგაზრდული ტესტების შეცვლას საბურავების ტესტებით ყველამ დაუჭირა მხარი. განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ძირითადი პილოტები ერთი ან ორი დღე იმუშავებენ და შემდეგ, მათ ახალგაზრდები შეცვლიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრიტანეთის გრანპრი: სებასტიან ფეტელი გაჩერდა, ინტრიგა აღდგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული