"რედ ბული" ვეღარ დომინირებს

AutoSharing Option
მიღებულია, რომ "რედ ბულის" კლასიკური მომგებიანი ტაქტიკა შემდეგში მდგომარეობს: კონკურენტების გასწრება სტარტზე, მათთან კომფორტული სხვაობის შექმნა და შემდეგ რბოლის მსვლელობის მშვიდად გაკონტროლება, მაგრამ გერმანიის გრანპრიზე წრეების გავლის ანალიზმა აჩვენა, რომ "ლოტუსის" პილოტები თითქმის არ ჩამორჩებიან კონკურენტებს "რედ ბულიდან". ამის შესახებ ლაპარაკობს "უილიამსის" ყოფილი ინჟინერი მარკ გილანი.

"რბოლის მეორე ნახევარში ფეტელი, როგორც წესი, არც ისე აქტიურად უტევს, მაგრამ გერმანიაში მას სრულად დახარჯვა მოუწია, რადგან რაიკონენი ეწეოდა, - ამბობს გილანი. - ბოლო მონაკვეთში კიმი ძალიან აგრესიულად მოძრაობდა რბილი საბურავებით, ამიტომაც ბოლო წრეებზე
მისი ტემპი ოდნავ დაეცა. სავარაუდოდ, რბოლა კიდევ ორი წრე რომ გაგრძელებულიყო, ის ვერ მოიგებდა, რადგან "ლოტუსზე" საბურავის მდგომარეობა აღარ იყო ოპტიმალური".

და მაინც, ჩატარებული ანალიზის შედეგები გვიჩვენებს, რომ რბოლის მეორე ნახევარში "ლოტუსის" პილოტები ანვითარებდნენ ტემპს, რომელიც ძალიან ახლოს იყო "რედ ბულის" პილოტების სისწრაფესთან, ხანდახან კი ლოტუსელები უფრო სწრაფებიც კი იყვნენ.

დიდია იმის ალბათობა, რომ რაიკონენი და გროსჟანი უნგრეთში გამარჯვების პრეტენდენტთა შორის იქნებიან, თუმცა "ჰუნგარორიგზე" ბრძოლაში კვლავ ჩაებმება "მერსედესი": ნიკო როსბერგი და ლუის ჰემილტონი ბრძოლას გამართავენ პოულისთვის, უნგრეთის ვიწრო და მოსახვევებით სავსე ტრასაზე კი წინა პოზიციიდან სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც ჩანს, "ლოტუსში" ყველაფერი სწორად გათვალეს, როცა ჩემპიონატის ლიდერზე პრესინგის მომენტი შეარჩიეს. ზაფხულის შესვენების შემდეგ, აგვისტოში გუნდების ბაზები ორი კვირით დაიკეტება. გუნდების უმრავლესობა 2014 წლისთვის მომზადებაზე გადაერთვება. ამიტომაც ჩემპიონატის მეორე ნახევარში ძალთა თანაფარდობა დიდად არ შეიცვლება.

შესაძლოა, "ლოტუსს" ჩემპიონატის მეორე ნაწილის ძლიერად ჩატარების შანსი მიეცეს და მეორე ადგილიც დაიკავოს კონსტრუქტორთა თასზე, ეს კი გუნდს სერიოზულ საპრიზო თანხას მოუტანს. გამორიცხული არ არის, რომენ გროსჟანმა მოუმატოს შედეგებს, რადგან "პირელი", უნგრეთის გრანპრიდან მოყოლებული, ისეთ საბურავებს გამოიყენებს, როგორიც შარშანდელ სეზონში იყო ძალაში.

"მერსედესში" გააგრძელებენ იმ პრობლემაზე ზრუნვას, რასაც საბურავთან მუშაობისას ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი ჰქვია. გუნდმა საბოლოოდ უნდა გაარკვიოს ეს საკითხი და გამორიცხოს მისი გავლენა 2014 წელს საჯინიბოს შედეგებზე.

"ფორს ინდია" ცდილობს შეინარჩუნოს ადგილი კონსტრუქტორთა თასზე "მერსედესის" უკან, მაგრამ ამის გაკეთება რთული იქნება, რადგან ინდურ საჯინიბოს შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

ბატონმა McLaren P1 წარადგინა
ბრიტანეთის გუდვუდში ორი დღე მიმდინარეობდა სიჩქარის ფესტივალი, სადაც "მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა პუბლიკას წარუდგინა ახალი სპორტული ავტომობილი McLaren P1. ეს არის სუპერქარი ჰიბრიდული ძალისმიერი აგრეგატით, რომლის მსოფლიო პრემიერა მომავალი წლის მარტში, ჟენევის ავტოსალონზე უნდა გაიმართოს.

მაყურებელმა პირველად იხილა McLaren P1 მოძრაობაში. პუბლიკა კმაყოფილი დარჩა, ჯენსონი კი აღფრთოვანებული ლაპარაკობდა ახალი მანქანის დინამიკაზე, მოჭიდების ძალასა და მართვაზე.

"სიჩქარის ფესტივალში მონაწილეობა - ყოველთვის დიდი ზეიმია. გრანპრის დღეებში სერიოზული და დაძაბული მუშაობა მიმდინარეობს, აქ კი მხოლოდ სიამოვნებას ვიღებთ - ფანტასტიკური პოზიტიური ატმოსფეროსა და გულშემატკივრებთან ურთიერთობისგან.

მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ახალი მანქანა. ის დაუჯერებლად ეფექტურია, ბრწყინვალედ იმართება და შესანიშნავი აეროდინამიკა გააჩნია - ეს ნამდვილი სარბოლო ავტომობილია"
, - განაცხადა ბატონმა.

სულ იგეგმება 375 მანქანის გამოშვება. თითოეულის ფასი მილიონი ევროდან იწყება.

"ზაუბერი" ძრავების გარეშე რჩება?
ფორმულა 1-ის საჯინიბო "ზაუბერის" ერთ-ერთი კრედიტორი, რომლის ანგარიშები ამ სეზონში ჯერ დაფარული არ არის, კომპანია "ფერარი" გახლავთ. ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, Die Welt-ის ინფორმაციით, შვეიცარიელებს "სკუდერიას" 15 მილიონი ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდათ. როგორც გერმანელთა ერთ-ერთი წყარო იუწყება, "ფერარიმ" "ზაუბერს" ულტიმატუმი წაუყენა: თუ ზაფხულის შესვენებამდე გუნდი მინიმუმ 7 მილიონს არ გადაიხდის, ძრავების მიწოდება შეჩერებული იქნება.

ასეთ შემთხვევაში, შეიძლება "ზაუბერს" ხაზი გადავუსვათ ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე. გუნდის მფლობელი პეტერ ზაუბერი ცდილობს გადარჩენის ვარიანტების ძიებას, თუმცა არაბ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

გერმანული პრესა ყველაზე პერსპექტიულ ვარიანტად განიხილავს გუნდის შეძენას რუსული "სმპ-ბანკის" მიერ, რომელიც პროგრამა SMP Racing-ს ფლობს. თუმცა, Die Welt-ის აზრით, ამ გარიგების განსახორციელებლად საჭიროა რუსეთის პრეზიდენტის პირადი თანხმობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: "მაკლარენმა" ფარ-ხმალი დაყარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული