უნგრეთის გრანპრი ციფრებში

AutoSharing Option
"ჰუნგარორინგზე" გამართული ეტაპის შემდეგ, გთავაზობთ რამდენიმე საგულისხმო სტატისტიკურ მონაცემს...

- უნგრეთში ლუის ჰემილტონმა პირველი გამარჯვება მოიპოვა "მერსედესის" შემადგენლობაში, აგრეთვე პირველი რბოლა მოიგო 2013 წლის სეზონში. საერთო ჯამში, ბრიტანელის ანგარიშზე 22 მოგებული გრანპრი მოდის და ის ამ მაჩვენებლით 1996 წლის მსოფლიოს ჩემპიონს დეიმონ ჰილს გაუთანაბრდა.

- ჰემილტონი, რომელიც მე-7 სეზონს ატარებს ფორმულა 1-ში, ყოველ წელს ახერხებს მინიმუმ ერთი რბოლის მოგებას. უფრო გრძელი სერია აქვთ: მიხაელ შუმახერს (15 სეზონი ზედიზედ), ალენ პროსტს (10), აირტონ სენას (9) და ნელსონ პიკეს (8). ჰემილტონის მსგავსად,
ზედიზედ შვიდი სეზონი მინიმუმ ერთ ეტაპს იგებდნენ: სტირლინგ მოსი, ჯიმ კლარკი და დევიდ კულტჰარდი. თუმცა ამათგან ლუისი ერთადერთია, ვინც ყველა სეზონში იგებდა რბოლას.

- ლუის ჰემილტონმა მეოთხედ მოიგო უნგრეთის გრანპრი და გაუთანაბრდა მოგებათა რიცხვით "ჰუნგარორინგის" რეკორდსმენ მიხაელ შუმახერს.

- კიმი რაიკონენმა მეორე ადგილის წყალობით, ფინეთს 150-ე პოდიუმი მოუტანა ფორმულა 1-ის ისტორიაში. გარდა ამისა, კიმი ზედიზედ 27 რბოლაა ქულათა ზონაში ხვდება. ასევე, რაიკონენი მეშვიდედ ავიდა უნგრეთის გრანპრის პოდიუმზე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა აირტონ სენასა და მიხაელ შუმახერს.

- ადრიან სუტილმა "ჰუნგარორინგზე" კარიერაში მე-100 გრანპრი ჩაატარა, მაგრამ რბოლა გერმანელისთვის უიღბლოდ დასრულდა - ის ბრძოლას გამოეთიშა.
- ბრიტანულმა საჯინიბო "უილიამსმა" 2013 წლის სეზონში პირველად მოიპოვა ქულა.

ინდოეთს არას ეტყვიან?
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა აღიარა, რომ 2014 წლის კალენდარში, შესაძლოა, ვერ მოხვდეს ინდოეთის გრანპრი. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო საგადასახადო მოთხოვნებით, რომელსაც ინდოეთის მთავრობა ფორმულა 1-ის გუნდებს უყენებს.

"გაიმართება თუ არა მომავალ წელს ინდოეთის გრანპრი? შესაძლოა, არა", - თქმა ექლსტოუნმა.

როცა ბერნის ჰკითხეს, რა სახის პრობლემები არსებობს ამ გრანპრისთან დაკავშირებით, მან უპასუხა: "ძალიან პოლიტიკური".

საბურავების ომი იწყება
ამ კვირას, საბურავების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია "მიშლენმა", შესაძლოა, ფორმულა 1-ის საჯინიბოებისთვის თავისი საბურავების მიწოდების შესახებ დაინტერესება და პრეტენზია გამოთქვას, - წერს გერმანული გამოცემა Auto Motor und Sport.

გერმანელი ჟურნალისტების აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება ფრანგულმა კომპანიამ, შესაძლოა, იმის გამო მიიღოს, რომ ჭიანურდება ფორმულა 1-სა და საბურავების მიმწოდებელ ამჟამინდელ კომპანია "პირელის" შორის კონტრაქტის გაგრძელება.

თუმცა გამოცემას მიაჩნია, რომ "მიშლენი" ვერ მოასწრებს მომზადებას იმისთვის, რომ უკვე 2014 წლიდან მიაწოდოს გუნდებს თავისი პროდუქცია, ამიტომაც, სავარაუდოდ, ფრანგული კომპანიის ინტერესი 2015 წლის სეზონს უკავშირდება.

"პირელის" საავტომობილო განყოფილების ხელმძღვანელმა პოლ ჰემბრიმ ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ ინფორმაციას: "ჩვენ წელსვე უნდა გავარკვიოთ სიტუაცია. ფორმულა 1-ზე კომერციული უფლებების მფლობელებთან და ზოგიერთ გუნდთან კონტრაქტები ხუთი წლით არის გაფორმებული. თუ მომდევნო წელს გამოცხადდება ტენდერი 2015 წელს საბურავების მიმწოდებელ კომპანიაზე, ჩვენ დავტოვებთ ფორმულა 1-ს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უნგრეთის გრანპრი: ლუის ჰემილტონის პირველი და მეოთხე გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული