"ყველა დიადი ჩემპიონი, რომელიც "ფერარის" რიგებში გამოდიოდა, გუნდის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებდა. ამ მომენტში სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, თავიდან ავიცილოთ პოლემიკა და ერთ გუნდად დავრჩეთ როგორც ტრასაზე, ასევე მის
მონტეძემოლოს არ დაუზუსტებია, ესპანელის მხრიდან კონკრეტულად რომელი გამონათქვამი არ მოეწონა. მართლაც, ალონსო ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობდა იმის შესახებ, რომ გუნდმა რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს შექმნილი პრობლემები, თუ სურს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა.
სხვათა შორის, "ფერარის" პრეზიდენტის საყვედური მხოლოდ ფერნანდოს არ მოუსმენია. ორშაბათს, ლუკა დე მონტეძემოლომ მარანელოს ბაზაზე კრება ჩაატარა გუნდის შეფთან სტეფანო დომენიკალისთან და ინჟინრებთან. უნგრეთის გრანპრის კომენტირებისას მონტეძემოლო ლაკონური იყო: "არ მომეწონა ის "ფერარი", რომელიც გუშინდელ რბოლაში ვიხილე".
კრებაზე ინჟინრებმა მიიღეს დავალება - მაქსიმალურად მოინდომონ იმისთვის, რომ სეზონის მეორე ნახევარში გაცილებით მეტს მიაღწიონ.
* * *
ამასობაში, სეზონის მეორე ნაწილისთვის "სკუდერიაში" დიდი ცვლილებები იგეგმება. პირველი სექტემბრიდან, შასისთან მუშაობის განხრით "ფერარის" ტექნიკური დირექტორის პოსტს დაიკავებს ჯეიმს ელისონი, პეტ ფრაი კი "სკუდერიას" მთავარი ინჟინერი გახდება. როგორც სპეციალურ განცხადებაში წერია, ეს დუეტი უშუალოდ გუნდის ხელმძღვანელს სტეფანო დომენიკალის დაექვემდებარება.
მას შემდეგ, რაც ჯეიმს ელისონი "ლოტუსიდან" წავიდა, ლუკა დე მონტეძემოლო უარყოფდა ამ სპეციალისტის "ფერარიში" გადასვლას. ელისონი ამ საუკუნის დასაწყისში უკვე მუშაობდა იტალიურ საჯინიბოში, მაგრამ 2005 წელს "რენოში" გადავიდა და ფერნანდო ალონსოსთან ერთად ორი საჩემპიონო ტიტული მოიგო.
ფეტელს ალონსო არ უნდა
მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სებასტიან ფეტელს არ სურს 2014 წელს, "რედ ბულში" თავის პარტნიორად ესპანელი ფერნანდო ალონსოს ხილვა.
კვირას, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალონსოს მენეჯერი ლუის გარსია აბადი მოლაპარაკებებს აწარმოებს თავისი კლიენტის "რედ ბულში" გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა, მოგვიანებით, "ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ და ალონსოს აგენტმა უარყვეს ეს ინფორმაცია.
"მე კიმი რაიკონენს ვანიჭებ უპირატესობა, - ამბობს ფეტელი. - ფრთხილად უნდა ვიყო. ფერნანდოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მას, როგორც პილოტს, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ კიმის გვერდით გაცილებით კარგად ვიგრძნობ თავს, რადგან, როგორც ტრასაზე, ასევე მის მიღმა, ის ყოველთვის პირდაპირი იყო ჩემთან ურთიერთობაში".
ალონსო 2010 წლიდან გამოდის "ფერარიში" და მრავალწლიანი მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს "სკუდერიასთან". "რედ ბული" 2014 წლისთვის ახალ პილოტს ეძებს, რომელმაც ავსტრალიელი მარკ უებერი უნდა შეცვალოს.
ავსტრალიამ ისტორია დაკარგა
მელბურნში გარდაიცვალა ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველი ავსტრალიელი პილოტი - ტონი გეიზი. ის 93 წლის იყო. გეიზს მსოფლიოს ჩემპიონატში დებიუტი 1952 წლის 22 ივნისს, ბელგიის გრანპრიზე ჰქონდა. ის ტრასაზე Hersham and Walton Motors (HWM)-ის ბოლიდით გავიდა. ავსტრალიელმა მე-16 პოზიციიდან აიღო სტარტი და მე-15 ადგილი დაიკავა, რაც, საბოლოოდ, მის კარიერაში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ, მან ფორმულა 1-ში კიდევ სამ გრანპრიში მიიღო მონაწილეობა: ორჯერ სტარტზე გავიდა, მესამე შემთხვევაში კი კვალიფიკაცია ვერ გადალახა. მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-ში წარმატებას ვერ მიაღწია, ის სპორტკარების რბოლებში გადავიდა და დიდი წვლილი შეიტანა ავსტრალიაში ავტოსპორტის განვითარების საქმეში. კერძოდ, დაეხმარა მსოფლიოს მომავალ სამგზის ჩემპიონს ჯეკ ბრებემს კარიერის განვითარებაში.
ავტოსპორტის გარდა, გეიზი ცნობილია, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო პილოტი. ის სამჯერ დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის ჯვრით, მათ შორის გერმანული რეაქტიული ბომბდამშენის ჩამოგდებისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დევიდ კულტჰარდი: "ფერარი" ფერნანდო ალონსოს დაკარგავს