ბელგიის გრანპრი: უფრო ახლოს ტიტულთან

AutoSharing Option
სებასტიან ფეტელმა ძალიან იოლად გაიმარჯვა ბელგიის გრანპრიზე, სეზონში მეოთხე მოგება გაიფორმა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ზედიზედ მეოთხე ტიტულს.

"რედ ბულის" გერმანელ პილოტს მხოლოდ სტარტზე მოუწია ბრძოლა, როცა პირველივე მეტრებიდან შეუტია პოულის მფლობელ ლუის ჰემილტონს, საწყის წრეზე გაუსწრო მას და ამის შემდეგ გერმანელის ლიდერობასა და დომინირებაში ეჭვი არავის შეპარვია.

ფერნანდო ალონსო მეცხრე პოზიციიდან მეხუთეზე გადავიდა, ჯენსონ ბატონი - მეოთხეზე. ჰემილტონი მშვიდად მოძრაობდა მეორე პოზიციაზე. ნიკო როსბერგი წარმატებით იგერიებდა ბატონის შეტევებს, მაგრამ შემდეგ მის უკან ალონსო აღმოჩნდა და ესპანელმა შეძლო ნიკოს გასწრება.

პილოტთა უმეტესობა საკმაოდ ადრე შევიდა ბოქსებში. განსხვავებული ტაქტიკა მხოლოდ "მაკლარენებმა" და სებასტიან გროსჟანმა აირჩიეს. სხვადასხვა სტრატეგიის გამო ტრასაზე გასწრება მრავლად იყო. ასეთ სიტუაციაში შესანიშნავად გრძნობდა თავს ალონსო: რამდენიმე კარგი მანევრის წყალობით, ესპანელი მეორე ადგილზე გადავიდა.

არ გაუმართლა რაიკონენს. მის წინ უამრავი პილოტი იყო და ფინელი ვერაფრით ახერხებდა ლიდერებთან მიახლოებას. ბოლოს კი იძულებული გახდა, ტრასა დაეტოვებინა, რითაც შეწყდა მისი ორი ბრწყინვალე სარეკორდო სერია. საქმე ისაა, რომ რაიკონენის ბოლიდზე მწყობრიდან გამოვიდა სამუხრუჭე სისტემა და კიმიმ ბოქსებს მიაკითხა, საიდანაც ტრასაზე აღარ დაბრუნებულა.

ბელგიის გრანპრიმდე ფინელმა ზედიზედ 38 რბოლის დასრულება მოახერხა. გარდა ამისა, ბოლო 27 რბოლაში ქულათა ზონაში შედიოდა. ორივე სერია ფორმულა 1-ის რეკორდია.

25 აგვისტოს რბოლა ერთი სერიოზული ავარიითაც აღინიშნა: გუტიერესი უტევდა მალდონადოს, "ზაუბერის" უკან კი ორი "ფორს ინდია" მოძრაობდა. ესტებანმა სუფთად აუარა გვერდი ვენესუელელს, სუტილმაც იგივე გააკეთა, სამაგიეროდ, არ გაუმართლა დი რესტას: მალდონადომ მას მკვეთრად მოუჭრა გზა და "ფორს ინდიას" ბოლიდი სერიოზულად დააზიანა, თვითონ კი შეძლო ბრძოლის გაგრძელება.

წინ მოსაწყენი სიტუაცია იყო. ფეტელი მშვიდად მიდიოდა მორიგი გამარჯვებისკენ და არც მეორე ადგილზე მყოფ ალონსოს აწუხებდა ვინმე. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ბატონი და მისი გუნდი დიდხანს ფიქრობდნენ - შესულიყო თუ არა ბრიტანელი მეორედ ბოქსებში. საბოლოოდ, ჯენსონმა პიტ-ლეინისკენ შეუხვია და ამით ჰემილტონმა მესამე ადგილზე გადასვლა შეძლო.

საბოლოოდ, ფეტელმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და 46 ქულამდე გაზარდა თავისი უპირატესობა გენერალურ კლასიფიკაციაში. კმაყოფილი უნდა იყოს თავისი მეორე ადგილით ალონსო, რადგან კვალიფიკაციის შემდეგ მხოლოდ მეცხრეზე იმყოფებოდა. "მერსედესებმა" კი მოიგერიეს მარკ უებერის იერიშები და მეოთხე-მეხუთე ადგილებზე გავიდნენ.

შემდეგი ეტაპი ორი კვირის შემდეგ იტალიაში გაიმართება.

"2000 წრეზე მეტი ლიდერობა ფორმულა 1-ში? არ ვიცოდი. მადლობა. საოცარი მიღწევაა! მანქანამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა - ის გაცილებით კონკურენტუნარიანი იყო, ვიდრე ველოდი.

შესანიშნავი ტემპი გვქონდა, რომელიც რბოლის გაკონტროლების საშუალებას გვაძლევდა.

საბედნიეროდ, წვიმა არ წამოვიდა. შესანიშნავი დღე იყო! მოუთმენლად ველოდები მონცაში რბოლას. არ მგონია, რომ ასევე ძლიერები ვიყოთ იტალიურ ტრასაზე, მაგრამ ვნახოთ",
- განაცხადა ფინიშის შემდეგ ფეტელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული