კიმი რაიკონენი კორეაში ირბოლებს

AutoSharing Option
სინგაპურის სარბოლო უქმეების მსვლელობისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო "ლოტუსის" პილოტის, კიმი რაიკონენის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, ზურგის ტკივილის მიუხედავად, ფინელი მესამე მივიდა ფინიშთან და პოდიუმზე ავიდა.

და მაინც, კიმის მდგომარეობა შეშფოთებას იწვევდა და გავრცელდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, თითქოს რაიკონენი ოპერაციას ვერ აიცილებდა და რამდენიმე ეტაპის გამოტოვება მოუწევდა.

ფინელის პირადმა მწვრთნელმა და ფიზიოთერაპევტმა მარკ არნელმა ყველანაირი ჭორი უარყო: ქირურგიული ჩარევა საჭირო არ იქნება.

"კიმის მდგომარეობა ასე თუ ისე ნორმალურია. შესაბამისად, კორეაში სარბოლო უქმეებისთვის ის მწყობრში იქნება", - ამბობს არნელი.

* * *
სინგაპურის გრანპრის დროს დაფიქსირდა 34 გასწრება. ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი ფელიპე მასამ - მას ხუთი წარმატებული მანევრი ჰქონდა. თუმცა მთელი სეზონის რეიტინგში გასწრების საუკეთესო სპეციალისტად რჩება კიმი რაიკონენი. ამაში ეჭვი არ შეეპარებოდათ მათ, ვინც სინგაპურში ფინელის პილოტირების ბრწყინვალე სტილი იხილა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი მანევრი ფინიშთან ახლოს, როცა კიმიმ ერთ-ერთ მოსახვევში გარე რადიუსით გაუსწრო ჯენსონ ბატონს.

ფინურმა გაზეთმა Turun Sanomat-მა განაახლა სეზონის დაწყებიდან გასწრებების სტატისტიკა:

1. კიმი რაიკონენი - 46; 2-3. ფელიპე მასა, მარკ უებერი - 45; 4. ლუის ჰემილტონი - 41; 5. ფერნანდო ალონსო - 34; 6. ჟან-ერიკ ვერნი - 29; 7-8. რომენ გროსჟანი, ადრიან სუტილი - 27; 9. ნიკო ჰიულკენბერგი - 27; 10-11. პოლ დი რესტა, ვალტერი ბოტასი - 25; 12. დანიელ რიკარდო - 24; 13. ნიკო როსბერგი - 21; 14. სერხიო პერესი - 19; 15-17. შარლ პიკი, ესტებან გუტიერესი, პასტორ მალდონადო - 17; 18-19. სებასტიან ფეტელი, ჯენსონ ბატონი - 16; 20. გიდო ვან დერ გარდე - 11; 21. მაქს ჩილტონი - 7; 22. ჟიულ ბიანკო - 5.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ სტატისტიკას ესაჭიროება კომენტარები. თუ ამ რეიტინგში ფერნანდო ალონსო მეხუთე ადგილს იკავებს, სებასტიან ფეტელი კი მხოლოდ მეთვრამეტეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩამორჩებიან რაიკონენს.

"რედ ბულის" ბოლიდი სებასტიანს საშუალებას აძლევს, რეგულარულად აიღოს სტარტი პოულიდან და გასაგებია, რომ რბოლების დროს ლიდერის რანგში არ უწევს გასწრება; კიმი და ფერნანდო კი იძულებულნი არიან, წინ გაიკვლიონ გზა, რაც აისახება კიდეც გასწრებების სტატისტიკაში.

როდის გაინაღდებს ფეტელი?
ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი რბოლაა დარჩენილი, მაგრამ სინგაპურში გამარჯვების შემდეგ სებასტიან ფეტელმა პირად ჩათვლაში თავისი უპირატესობა 60 ქულამდე გაზარდა. შეიძლება ითქვას, რომ მან, პრაქტიკულად, გაინაღდა მეოთხე ტიტული და ახლა ეს დროის საკითხია.

ფინურმა გაზეთმა Turun Sanomat-მა გამოაქვეყნა ავტოსპორტში მომუშავე ცნობილი ჟურნალისტების აზრი იმის შესახებ, რომელ ეტაპზე გაინაღდებს ფეტელი მორიგ ჩემპიონობას.

ლივიო ორიკიო (O Estado de Sao Paulo): "დარჩენილი ტრასები "რედ ბულის" ბოლიდისთვის მოსახერხებელია და ინდოეთის ეტაპის შემდეგ ფეტელის უპირატესობა 75 ქულას გადააჭარბებს. ის ყოველთვის დამაჯერებლად გამოდის კორეასა და იაპონიაში. ასე რომ, სხვაობა მხოლოდ გაიზრდება, არადა, ის უკვე 60 ქულას შეადგენს.

ინდოეთის ეტაპამდე ჩემპიონობის განაღდება არ მოხერხდება, მაგრამ იქ გერმანელი მიიღებს მილოცვებს მეოთხე ტიტულზე
".

მიხაელ შმიდტი (Auto, Motor und Sport):
"სიტუაცია მხოლოდ აბუ დაბის ეტაპზე გაირკვევა. როცა ფორმულა 1-ში, პრაქტიკულად, ყველაფერი ცხადი ჩანს, ჩვეულებრივ, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ფეტელი ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე გახდება".

როჟე ბენუა (Blick):
"ყველაფერი უკვე ინდოეთში გაირკვევა. თუ გავითვალისწინებთ ფეტელის მანქანის სიჩქარესა და დაგროვილი ქულების რაოდენობას, არა მგონია, ეს უფრო გვიან მოხდეს".

ჯონათან ნობლი (Autosport):
"ტიტულის ბედი მხოლოდ აბუ დაბიში გაირკვევა. არ მგონია, რომ ფეტელმა შეძლოს მოგებათა სერიის გაგრძელება".

ანდრეა კრემონეზი (La Gazzetta dello Sport):
"ჩემი აზრით, ოქტომბერში არაფერი იქნება გარკვეული და უნდა მოვიცადოთ აბუ დაბის გრანპრიმდე. როგორც ჩანს, "ფერარი" ოდნავ მოუმატებს, არადა, სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდის საქმეები არც ისე კარგად იყო. პრობლემები, რომლებიც სხვა პილოტებს შეექმნათ, ასევე დაეხმარა ფერნანდო ალონსოს ქულების მოპოვებაში".

"ლოტუსი" "რენო" გახდება?
"ლოტუსმა", შესაძლოა, სახელწოდება შეიცვალოს. ამასთან დაკავშირებით იმედი გამოთქვა თავად "ლოტუსის" შეფმა ჟერარ ლოპესმა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ცდილობს მოიპოვოს სერიოზული მხარდაჭერა ავტომწარმოებელ "რენოსგან", რომელიც საჯინიბოს ძრავებით ამარაგებს.

"მე მჯერა "რენოს" კონცეფციის, რომელიც ორ გუნდს ეხმარება. მათ "რედ ბულისა" და ჩვენი იმედი აქვთ. იდეალური სიტუაცია იქნება, თუ ჩვენ ავტომწარმოებლისგან სრულ მხარდაჭერას მივიღებთ. ეს შესამჩნევად აამაღლებს ჩვენს წონას ფორმულა 1-ის პოლიტიკურ არენაზე, აგრეთვე, გააადვილებს ურთიერთობას ინვესტორებთან და აქციონერებთან.

უარს არც გუნდის სახელის შეცვლაზე ვიტყოდი. არ აქვს მნიშვნელობა, მას Genii ერქმევა, "ლოტუსი" თუ "რენო"
, - ამბობს ლოპესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ კულტჰარდი: ფეტელი და ალონსო სხვა განზომილებაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული