დაუმორჩილებელი ფელიპე მასა

AutoSharing Option
იაპონიის გრანპრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ფერარის" ბრაზილიელი პილოტი ფელიპე მასა არ დაემორჩილა ბოქსებიდან ბრძანებას - წინ გაეშვა თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო. ამ ფაქტს თავად ესპანელი პილოტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ფელიპესთან არანაირი პრობლემა არ გააჩნია.

რბოლის დასაწყისში მასამ თავისი სარბოლო ინჟინრისგან, რობ სმედლისგან შეტყობინება მიიღო: "მულტი-ფუნქცია სტრატეგია "A"-ში, ახლავე, გთხოვთ". საკმაოდ გაუგებარი ფრაზაა, მაგრამ, როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, გუნდი სთხოვდა ბრაზილიელს, მეხუთე ადგილზე გაეშვა ალონსო. მაგრამ ფელიპემ უგულებელყო ეს თხოვნა და თანაგუნდელებს შორის ბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ, ალონსომ მე-20
წრეზე შეძლო მასას გასწრება.

"სულაც არ ვარ გაბრაზებული ან განაწყენებული. ამისგან პრობლემა არ უნდა შევქმნათ. ჩვენ რბოლებში ვმონაწილეობთ და დღეს, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, ნებისმიერ შემთხვევაში ვერ შევძლებდით უფრო მაღალ პოზიციებზე ასვლას. არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ მე მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.

ვცდილობთ მაქსიმალური შედეგების მიღწევას - მე, ფელიპე და მთელი გუნდი. გვინდა მაქსიმალურად მეტი ქულა მოვიპოვოთ. ხანდახან ეს იოლია, ხანდახან კი სირთულეების გადატანა გვიწევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლიდს სისწრაფე არ გააჩნია. სიტუაცია ყოველთვის რთულია, არ აქვს მნიშვნელობა როდის ხდება ეს - სტარტზე, წამყვანი ადგილებისთვის ბრძოლაში თუ პელოტონის ბოლოში.

კარგი იქნებოდა იმ პერიოდში დაბრუნება, როცა "ფერარი" პირველი ან მეორე ადგილებისთვის იბრძოდა, გამარჯვებულის ბედი კი უშუალოდ რბოლებში ირკვეოდა. ან აღმოვჩნდეთ ისეთივე სიტუაციაში, როგორშიც "რედ ბულია" - ამ გუნდის ერთი მანქანა რბოლას ორი პიტსტოპით გადის, მეორე - სამით და საბოლოოდ, პილოტები პირველ და მეორე ადგილებზე გადიან. ასე ცხოვრება გაცილებით იოლია"
, - ამბობს ალონსო.

"კმაყოფილი ვერ იქნები, როცა გუნდი ასეთ ინსტრუქციებს გაძლევს. დიახ, ჩვენ ამ საკითხს გუნდში განვიხილავთ, ყოველთვის ასე ვაკეთებთ. თავად რბოლის მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ. არ გამიმართლა იმ მხრივ, რომ ჯარიმა მივიღე, მაგრამ უკმაყოფილო დავრჩი გუნდის ინსტრუქციებით. საბოლოოდ, ფერნანდომ ტრასაზე ბრძოლაში გამისწრო", - მოკლე კომენტარი ჰქონდა მომხდარზე მასას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იაპონიის გრანპრი: სებასტიან ფეტელის მეხუთე, მეცხრე და 35-ე გამარჯვებები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული