მუდმივი დავა: სებასტიან ფეტელი უფრო მაგარია, თუ მანქანა?

AutoSharing Option
გერმანელი სებასტიან ფეტელი ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მისმა მოგებათა სერიამ შვიდ ეტაპს მიაღწია და ამით ორ ლეგენდას - მიხაელ შუმახერსა და ალბერტო ასკარის ამოუდგა გვერდით.

სებასტიან ფეტელი ფენომენია. ფორმულა 1-ის მოყვარულები დაიღალნენ ერთი და იგივე სურათის ცქერით: ფეტელი დიდი უპირატესობის ლიდერობს და იგებს.

"სიტყვები არ მყოფნის ამის აღწერისთვის. ეს კომბინაცია ბოლიდი, პილოტი, საბურავები - უბრალოდ იდეალურია", - აღფრთოვანებას ვერ მალავს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, შვეიცარიელი მარკ ზურერი.

სადაც წარმატებაა, იქ შურიც არსებობს. 2008 წლის ჩემპიონი, "მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი
გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თვის მიცემულ ინტერვიუში გაღიზიანებას ვერ მალავს - მისი აზრით, დაუმარცხებელი არა ფეტელი, არამედ "რედ ბულის" ბოლიდია.

საერთოდ, ჰემილტონს ეს ყველაფერი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ეპოქას აგონებს: "სტარტის შემდეგ გეძინება ტელევიზორთან და მხოლოდ ფინიშზე იღვიძებ იმის გასაგებად - ვინ მოიგო რბოლა". ლუისის აზრით ფორმულა 1-ის საუკეთესო პილოტი ფერნანდო ალონსოა, რომელიც "ფერარიში" გამოდის.

მოგვიანებით, ლუის ჰემილტონი მიხვდა ზედმეტი რომ მოუვიდა და თავის "ტვიტერზე" ფეტელს ბრწყინვალე ჩემპიონი უწოდა: "ის შესანიშნავი ადამიანია, იუმორის გრძნობითა და მოკრძალებული ხასიათით. მან დაიმსახურა თავისი წარმატება". მაგრამ წყენა დარჩა.

ყოფილი გერმანელი ავტომბროლი კრისტიან დანერი DW-თან ინტერვიუში აღნიშნავს: "ისინი ერთი დონის პილოტები არიან: ჰემილტონი, როსბერგი, ფეტელი, ალონსო. ეს ერთი ლიგაა. მათ არ აქვთ სუსტი წერტილი, ფეტელის კონკურენტებს არ ჰყოფნით მხოლოდ ისეთი მანქანა, როგორიც "რედ ბულია".

მარკ ზურერს საპასუხოდ მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტი: "დღეს დროა ვაღიაროთ, რომ ლაპარაკია არა "რედ ბულზე", არამედ ფეტელის უპირატესობაზე. თუ მანქანა ასეთი კარგია, "რედ ბულს" ყოველთვის პირველი და მეორე ადგილი ექნებოდა". და მართლაც, "რედ ბულის" მეორე პილოტი, ავსტრალიელი მარკ უებერი ძალიან ჩამორჩება თავის ახალგაზრდა თანაგუნდელს და უმეტეს შემთხვევაში, პოდიუმზე ვერ ადიოდა.

ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ავსტრიელი ნიკი ლაუდა სებასტიან ფეტელის წარმატებაში არა მხოლოდ მანქანის შესაძლებლობებს ხედავს, არამედ გერმანელი ავტომრბოლის პიროვნებას: "ის ძალიან პატივმოყვარეა და მთელს გუნდს მიათრევს". ამ პატივმოყვარეობამ ოდნავ შელახა სებასტიანის იმიჯი მეტოქეებისა და გულშემატკივრების თვალში.

მაგალითად, მალაიზიაში, სეზონის მეორე რბოლაში ფეტელმა, გუნდის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, ბოლო წრეზე გაუსწრო "რედ ბულის" მეორე პილოტს მარკ უებერს, არადა, ეს უკანასკნელი დარმუნებული იყო გამარჯვებაში. გერმანელმა ბოდიში არ მოიხადა, უებერმა კი გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

ლეგენდარულმა გერმანელმა პილოტმა, ავტოკროსში ევროპის ყოფილმა ჩემპიონმა პეტერ მიუკემ DW-სთან ინტერვიუში ახალგაზრდა ჩემპიონის მხარე დაიჭირა: "შეუძლებელია ყოველთვის ღიმილი და დადებითი იმიჯი გქონდეს - ეს განვითარების ის სტადიაა, რომელიც ოდესღაც მთავრდება. ფორმულა 1-ს სჭირდება პილოტები, რომლებიც საკუთარ აზრს იცავენ იმ შემთხვევაშიც, თუ ის ვინმეს არ მოსწონს".

ფორმულა 1-ში პილოტების ხელფასები - დახურული თემაა. მაგრამ კარგად ინფორმირებულმა გერმანულმა პორტალმა motorsport-total.com-მა ასეთი ინფორმაცია მოიყვანა: ყველაზე მეტს იღებს ფერნანდო ალონსო - 23 მილიონ ევროს წელიწადში. ფეტელი მხოლოდ მეორე ადგილზეა - 22 მილიონი.

რეკლამიდან შემოსავლების მიხედვითაც ალონსო უსწრებს გერმანელს - ის წელიწადში დამატებით 10 მილიონს იღებს. ფეტელი კი რეკლამებში გადაღებას არც ისე ხალისით თანხმდება. "ფული - ეს არის მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალება. ჩემთვის უფრო ძვირფასია ჩემი თავისუფალი დრო. და დრო ჩემს ცხოვრებაში მართლაც მნიშვნელოვანი საქმეებისთვის", - უყვარს ამ სიტყვების გამეორება ფეტელს.

მაგრამ, მიხაელ შუმახერის მსგავსად, მან თავის მუდმივ საცხოვრებლად შვეიცარია აირჩია. იქ არის სამოთხე მილიონერებისთვისა და მილიარდერებისთვის: შეიძლება მოელაპარკო კანტონის მთავრობას ფიქსირებულ გადასახადზე შემოსავლის ოდენობის მიუხედავად.

გერმანიაში მას გაცილებით მეტის გადახდა მოუწევდა. ბოროტი ენები აღნიშნავენ, რომ, როცა ლაპარაკის ფულზე, როგორც "მიზნის მიღწევის საშუალებაზე", პატრიოტიზმი მეორე პლანზე გადადის.

თუმცა თავად სებასტიანი ამტკიცებს, რომ აქ საქმე გადასახადებში არ არის. ის თავის მეგობარ გოგონასთან ჰანა პრატერთან ერთად ტურგაუს კანტონში გადაკეთებულ გლეხურ სახლში ცხოვრობს, რომელიც ორივეს ძალიან მოსწონს. სებასტიანმა და ჰანამ ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას გაიცნეს ერთმანეთი და მას შემდეგ, სულ ერთად არიან. მაგრამ, ბევრი პილოტისგან განსხვავებით, ფეტელს თავისი პირადი ცხოვრება სააშკარაოზე არ გამოაქვს.

ახლა, სებასტიან ფეტელი ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. რა იქნება შემდეგ? ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ავსტრიელი გერჰარდ ბერგერი დარწმუნებულია: "სებასტიანს აღარ აინტერესებს ალონსოსთან ან რაიკონენთან დუელი. ის მხოლოდ ერთით არის დაინტერესებული: დაამხოს მიხაელ შუმახერის რეკორდი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას მიაღწევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1. აბუ დაბის გრანპრი: ფეტელის ზედიზედ მეშვიდე ტრიუმფი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული