შუმახერის ინციდენტზე ფრანგების გამოძიება გრძელდება

AutoSharing Option
ფრანგი სპეციალისტები, რომლებიც სამთო კურორტ მარიბელში მიხაელ შუმახერის ტრაგიკულ ინციდენტს იძიებენ, კიდევ ორი კვირა აპირებენ მუშაობის გაგრძელებას, რის შემდეგაც სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოადგენენ შედეგებს.

გრენობლის გაზეთი Le Dauphine Libere-ი წერს, რომ შუმახერის სათხილამურო ამუნიცია და გატეხილი დამცავი ჩაფხუტი ქალაქ შამონიში, სამთო თხილამურებისა და ალპინიზმის ეროვნულ აკადემიაში გაიგზავნა ექსპერტიზაზე, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები განსაზღვრავენ - შეიძლებოდა თუ არა მომხდარზე გავლენა ჰქონოდა ტექნიკურ ფაქტორს.

* * *
ამასობაში, არიზონას შტატში, Barrett-Jackson-ის ტრადიციულ საავტომობილო აუქციონზე გაიყიდა Ferrari F300, რომლითაც 1998 წელს მიხაელ შუმახერი გამოდიოდა.

ეს
არის ერთ-ერთი იმ ცხრა ბოლიდიდან, რომელიც იმ სეზონში მარანელოში შეიქმნა. ეს მანქანა აქტიურად გამოიყენებოდა ტესტებზე და ლეგენდარული გერმანელი მის საჭეს 38-ჯერ მიუჯდა. ბოლიდი სრულად გამართულია და აღჭურვილია 805 ცხენის ძალის ძრავით.

გასაყიდად გამოტანამდე ბოლიდი დაქოქეს და კლასიკური V10 ძრავის ხმამ დარბაზში დამსწრეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა: ყველამ ტაში დაუკრა და ეს იყო გრენობლის საავადმყოფოში კომაში მყოფი შუმახერისადმი მათი მხარდაჭერა.

ორმაგი ქულები იქნება
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა აღნიშნა, რომ 2014 წლის სეზონის ბოლო რბოლაში ორმაგი ქულების მინიჭების წესი აუცილებლად შევა ძალაში. ბრიტანელის სიტყვებით, ვერავინ იქონიებს გავლენას ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებაზე.

"ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ფინალურ რბოლაში ორმაგი ქულების მინიჭების სისტემა აუცილებლად ამოქმედდება
, - ამბობს ექლსტოუნი. - ამ წესის აკრძალვაზე უფლებამოსილება არავის აქვს. წესების ეს პუნქტი უკვე მოწონებულია ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს მიერ. ამიტომაც უკან დახევა დაუშვებელია".

* * *
გერმანულმა გაზეთმა "ბილდმა" დაწერა, რომ ბერნი ექლსტოუნს 10-წლიანი პატიმრობა ელის მექრთამეობის გამო.

შეგახსენებთ, რომ ბანკირი გერჰარდ გრიბოვსკი, რომელმაც ბერნისგან ქრთამი მიიღო, რვაწლიანი პატიმრობით დაისაჯა, ხოლო მოსამართლე პეტერ ნოლი, რომელმაც ეს სასჯელი გამოიტანა, ასევე იმუშავებს ექლსტოუნის საქმეზე. ნოლი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ კორუფციულ სკანდალში "მამოძრავებელი ძალა" სწორედ ბრიტანელი ჩინოვნიკი იყო.

თავად ბერნი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ფორმულა 1-ის მმართველი საბჭოდან, ხუმრობს სავარაუდო პატიმრობის შესახებ.

"არ მგონია, რომ გერმანული ციხიდან შევძლო სერიის კარგად მართვა"
, - განაცხადა ბრიტანელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული