ძველი მიხაელ შუმახერი აღარასოდეს იქნება?

AutoSharing Option
არასასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელეს ნევროლოგებმა, რომლებიც გრენობლის კლინიკაში ლეგენდარულ პილოტ მიხაელ შუმახერს მკურნალობენ. მათ აღნიშნეს, რომ გერმანელი ვერ შეძლებს სათხილამურო ტრასაზე დაცემის შემდეგ სრულფასოვნად აღდგენას.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიყვანენ კომიდან მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს. ეს პროცესი უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, მაგრამ შუმახერი ჯერჯერობით არ რეაგირებს არანაირ გამაღიზიანებლებზე.

"ახლა, მიხაელი კომიდან გამოყვანის პროცესშია. ეს ფაზა კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება", - ოფიციალური განცხადება გააკეთა შუმახერის აგენტმა საბინა კემმა.

გრენობლის კლინიკის ექიმების გარდა, სხვა ექსპერტებიც ეჭვობენ, რომ ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი შეძლებს სრულად აღდგენას მიღებული
ტრავმის შემდეგ.

"ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ნეიროქირურგი ტიპუ აზიზი. - დიდი დრო გავიდა, მაგრამ ის ჯერაც ვერ გამოიყვანეს კომიდან. ეს ფაქტია და თანაც, არც ისე ოპტიმისტური. თუ უახლოეს პერიოდში მიხაელი ამ მდგომარეობიდან არ გამოვა, მაშინ ტვინის ფუნქციის სრულ აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია".

* * *
ამასობაში, ბაჰრეინის გრანპრის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ტრასის პირველი მოსახვევი მიხაელ შუმახერის სახელს მიიღებს. ეს ჟესტი პილოტის ოჯახის თანხმობით განხორციელდა. დაახლოებით ათი წლის წინ, მიხაელი მონაწილეობდა ტრასის სურათის, მათ შორის, პირველი მოსახვევის შექმნაში.

"მიხაელის ოჯახი ბაჰრეინის საერთაშორისო ავტოდრომის ხელმძღვანელობის მადლიერია ამ ჟესტის გამო. ეს არის მისი წვლილის დაფასება ავტოსპორტში და ტრასის სურათის შექმნისას გაწეულ სამსახურში. დარწმუნებული ვარ, მიხაელს მოეწონება ეს იდეა. ის იამაყებს იმით, რომ ბაჰრეინში ერთ-ერთ მოსახვევს მისი სახელი უწოდეს", - განაცხადა საბინა კემმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული