ყველაზე ახალგაზრდა ფეტელმაისტერი

AutoSharing Option

(დასასრული. დასაწყისი წინა ნომერში)

სებასტიან ფეტელისთვის 2007 წლის სეზონი წარმატებით ვითარდებოდა - ლიდერობდა "ფორმულა-რენოს" სერიაში და სულ მალე ფორმულა 1-ში დებიუტის საშუალებაც მიეცა. კანადის გრან-პრიზე ავარიაში მოხვდა პოლონელი რობერტ კუბიცა და ინდიანაპოლისში ამერიკულ ეტაპზე ფეტელმა ფორმულა 1-ში თავის გამოჩენის პირველი რეალური შანსი მიიღო. სებასტიანმა მეშვიდე პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ პირველივე მოსახვევში რამდენიმე ადგილი დაკარგა. საქმე ისაა, რომ მაშინ დებიუტანტი შეყოვნდა და რისკზე წასვლა არ მოისურვა, ამიტომაც მოსახვევი მოჭრა, რითაც წინ გაუშვა კონკურენტები. მიუხედავად ამისა, ფეტელმა რბოლაში მერვე ადგილი დაიკავა და პირველი

ქულა მოიპოვა ფორმულაში. უკვე ვთქვით, რომ სებასტიანი ისტორიაში ქულის მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა.

რობერტ კუბიცა შემდეგ ეტაპზე დაუბრუნდა "დიდ რბოლებს", სებმა კი ისევ ტესტ-პილოტის როლი ჩაიბარა. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა - ის "ტორო როსოში" მოხვდა. ამ გუნდის მაშინდელი მფლობელი გერჰარდ ბერგერი იხსენებს: "ამ ბიჭმა თავიდანვე გამაკვირვა. მას გონება უჭრის და სწორი მიდგომა აქვს სამუშაოს მიმართ. სინამდვილეში ეს მხოლოდ მისი შესაძლებლობების ნახევარია".

1987 წელი სებასტიანი ფეტელის დაბადების თარიღია. იმავე წელს ავსტრიაში გამოჩნდა ენერგეტიკული სასმელი "რედ ბული". მართლაც სიმბოლურია - ცხრა წელი სები "რედ ბულის" იუნორთა გუნდის წევრი იყო. "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამა რომ არა, ფორმულა 1-ში ვერასოდეს მოვხვდებოდი", - აღიარებდა შემდეგ ფეტელი.

"სკუდერია ტორო როსო" "რედ ბულის" გუნდის ერთგვარი დამატება იყო. გერჰარდ ბერგერს გუნდს მეორე პილოტ სკოტ სპიდთან მუდმივი პრობლემები ჰქონდა. ისინი ღიად ჩხუბობდნენ ერთმანეთში, თანაც პუბლიკის წინაშე, რამაც ლოგიკურად ამერიკელის გუნდიდან გაგდება გამოიწვია (ამბობდნენ, რომ ეს კონფლიქტი გუნდის ხელმძღვანელობის პროვოცირებული იყო). მისი ადგილი სებასტიან ფეტელმა დაიკავა, რომელსაც ბერგერის წინაშე რეკომენდაცია ისევ მიხაელ შუმახერმა გაუწია.

იაპონიის გრან-პრიზე სებასტიან ფეტელმა, რომელმაც მესამე პოზიციიდან აიღო სტარტი და ერთხელ ლიდერად გასვლაც მოახერხა, "რედ ბულის" წევრი მარკ უებერი გამოთიშა ბრძოლას. ავსტრალიელმა პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მკაცრად გააკრიტიკა ფეტელი, ტელევიზიამ კი ბოქსებში აცრემლებული ფეტელი აჩვენა. სებასტიანმა მოგვიანებით აღიარა თავისი შეცდომა და შეურიგდა იმას, რომ შემდეგ რბოლაში (ჩინეთის გრან-პრი) სასტარტო ბილიკზე ათი პოზიციით დაიხევდა უკან, მაგრამ... ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ გადაღებული ვიდეოთი კარგად ჩანს, რომ სინამდვილეში დამნაშავე ბრიტანელი ლუის ჰემილტონი იყო, რომელმაც მკვეთრად დაამუხრუჭა უსაფრთხოების მანქანის წინ და აიძულა ფეტელი უებერი გადაეგდო ტრასიდან. სებასტიანს სასჯელი მოუხსნეს, მაგრამ ლუისი არავის დაუსჯია.

ჩინეთის გრან-პრიზე სებასტიანმა ახალი ჯარიმა მიიღო - კვალიფიკაციის დროს ჰეიკი კოვალაინენის ბლოკირების გამო. ეს გერმანელს სტარტზე ხუთ დაკარგულ პოზიციად დაუჯდა. საბოლოოდ, სებმა მე-17 პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ ისევ და ისევ წვიმიან რბოლაში ფანტასტიკური ოსტატობისა და კარგად არჩეული სტრატეგიის წყალობით ახალგაზრდა გერმანელი მეოთხე პოზიციაზე გავიდა და ისევ გაუსწრო თანაგუნდელ ვიტანტონიო ლიუცის.

2007 წლის ბოლოს სებასტიან ფეტელი პირველად მიიწვიეს სახელგანთქმულ "ჩემპიონთა რბოლაში", თანაც იქ მისი თანაგუნდელი მიხაელ შუმახერი გახდა. ამ ტურნირის ერთ-ერთმა დისციპლინამ - "ეროვნებათა თასმა" აჩვენა თუ რა პოტენციალის პატრონი იყო სებასტიანი. მას ფინალში შუმის გადარჩენა მოუწია, რომელსაც მანქანა გაუფუჭდა და მარტო დარჩენილმა ფეტელმა ჯერ მარკუს გრონჰოლმი და შემდეგ "ჩემპიონთა რბოლის" 2004 წლის გამარჯვებული ჰეიკი კოვალაინენი დაამარცხა, რითაც გერმანიის ნაკრებმა "ეროვნებათა თასი" მოიგო. თუმცა შემდეგ ჰეიკიმ რევანში აიღო და პირად პირველობაში დაამარცხა ფეტელი.

* * *
2008 წელს ფეტელი ისეთ "სკუდერია ტორო როსში" გამოდიოდა სეხნიასთან - ფრანგ სებასტიან ბურდესთან ერთად. ბურდე WTCC-ის სერიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო და ფეტელისთვის ასეთი თანაგუნდელის მიღება დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავდა. უფრო მეტიც, 2008 წლის დასაწყისში ფეტელზე ერთგვარ ზეწოლას ახდენდა 2007 წლის ბოლოს ნაჩვენები მაღალი შედეგები. შესაძლოა, ეს იყო იმის მიზეზი, რომ ახალი სეზონის საწყის ოთხ ეტაპზე ის ვერცერთხელ ვერ მივიდა ფინიშთან.
მაგრამ ფეტელს წარმატება მონაკოს გრან-პრიზე დაუბრუნდა. ამ ტრასაზე დაბალ სერიებში მას შთამბეჭდავი შედეგები ჰქონდა. მორიგი წვიმიანი რბოლის დაწყებამდე "ტორო როსომ" ფეტელის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი შეცვალა და ამის გამო გერმანელი ხუთი პოზიციით უკან დაწიეს. თუმცა თავისი ოსტატობის ხარჯზე სებმა იმ სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.
ბრიტანეთის გრან-პრის შემდეგ აქტიურად აგორდა ჭორი იმის შესახებ, რომ სებასტიან ფეტელმა, შესაძლოა, "რედ ბულის" ძირითად გუნდში ბრიტანელი დევიდ კულტჰარდი შეცვალოს. მალე ყველაფერი ცხადი გახდა: დევიდი წლის ბოლოს ასრულებდა ფორმულა 1-ში კარიერას და შემდეგ სეზონში მის ადგილს მართლაც ფეტელი დაიკავებდა. ბედის ირონიით, სწორედ სილვერსტოუნის გრან-პრიზე გამოთიშა დევიდმა სებასტიანი პირველივე წრეებზე ბრძოლას. ეს არ იყო საუკეთესო საჩუქარი ფეტელისთვის, რომელსაც იმ დღეს დაბადების დღეს ჰქონდა.
სებასტიანმა წარმატებული რბოლები გამართა ვალენსიასა და სპაზე, სადაც მეხუთე ადგილზე გავიდა. შესაბამისად, ფეტელი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა იტალიის გრან-პრის. "სკუდერია ტორო როსო" აპენინური გუნდია და მისთვის მონცას ეტაპი მნიშვნელოვანი იყო. წვიმიანი კვალიფიკაცია ისე წარიმართა, რომ პირველ ნაწილში პოულის თითქმის ყველა პრეტენდენტი გამოეთიშა ბრძოლას. მეორე და მესამე სექტორის მოგებით, ფეტელი ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა ისტორიაში, ვინც ფორმულა 1-ში პოული მოიპოვა.

"არსებობს ორი იტალიური გუნდი, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ ერთს იცნობს. მაგრამ ახლა ხალხი "ტორო როსოს" შესახებაც შეიტყობს", - ამბობდა მაშინ ფეტელი.
ამ რბოლამაც წვიმის თანხლებით ჩაიარა და სებასტიანმა მშვიდად, ძალიან დამაჯერებელ სტილში მოიპოვა გამარჯვება. ამ შემთხვევაშიც გრან-პრის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

შემდეგ იყო ფინალური ეტაპი, რომელშიც სებასტიან ფეტელმა კინაღამ საჩემპიონო ტიტულის გარეშე დატოვა ლუის ჰემილტონი. მთელი სეზონი გერმანელმა ბრწყინვალედ წარმართა. ერთი საინტერესო ფაქტი: სებასტიანმა 35 ქულა დააგროვა და ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე "რედ ბულის" ორივე პილოტის საერთო მონაგარი.

აქედან გამომდინარე, ბევრს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ "რედ ბულის" ძირითადი გუნდი ახალგაზრდა პილოტისთვის კონკურენტუნარიანი მანქანის შეთავაზებას შეძლებდა. მაგრამ ლეგენდარულმა ინჟინერმა ედრიან ნიუიმ შეძლო ამის გაკეთება.
მომდევნო სეზონში "ბრაუნ გრან-პრის" ბოლიდები დომინირებდნენ, მაგრამ სებასტიან ფეტელიც დამაჯერებლად გამოდიოდა და ბრაზილიის გრან-პრიმდე იბრძოდა ჩემპიონის ტიტულისთვის, მაგრამ ბატონთან ჩამორჩენა ძალიან დიდი აღმოჩნდა. ტიტულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფეტელის ორმა შეცდომამ. თავიდან ის ავსტრალიის გრან-პრიზე მეორე ადგილისთვის ბრძოლის დროს რობერტ კუბიცას შეეჯახა. ბოლოსკენ პოლონელი აშკარად უფრო სწრაფი იყო და შეტევაზე წავიდა, მაგრამ გერმანელმა აკრძალული ილეთი გამოიყენა და ორივე პილოტმა ქულები დაკარგეს.

იმ ეპიზოდმა სებს მინიმუმ ექვსი ქულა და შემდეგ რბოლაში ათი სასტარტო პოზიცია დააკარგვინა. ამასობაში კი ბატონი წინ გაიჭრა და გერმანელი მდევრის როლში აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი შანსი ჰქონდა ფეტელს თურქეთის გრან-პრიზე, სადაც მან პოულიდან აიღო სტარტი, მაგრამ პირველ წრეზე შეცდა და ჯენსონ ბატონს იმ ჩემპიონატში ბოლო გრან-პრის მოგების საშუალება მისცა. ეს მეშვიდე ეტაპზე მოხდა - ფინიშამდე ჯერ შორი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი ქულები უკვე დაკარგული გახლდათ. 2009 წელი სებასტიან ფეტელმა აბუ დაბიში შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა, მაგრამ მისთვის სამწუხაროდ, ჩემპიონობის ბედი უფრო ადრე გადაწყდა.

* * *
2010 წლის სეზონი სებასთვის საჩემპიონო გამოდგა. ის პირველად საჩემპიონო რბოლის ლიდერი დასკვნითი ეტაპის ბოლოს გახდა და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. მანამდე საერთო ჩათვლაში რამდენიმე პილოტი ლიდერობდა, მაგრამ ფეტელმა შეძლო უცნაურ სიტუაციებში დაკარგული ქულების კომპენსირება და ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.
"შექმნილი სიტუაციის შესახებ არაფერი ვიცოდი. მაგრამ ჩემი სარბოლო ინჟინერი მუდმივად ნერვიულობდა და გავიფიქრე: "რაღაც ხდება ტრასაზე" და როცა ფინიშის ხაზი გადავკვეთე, მან უცებ დაიყვირა: "ყველაფერი კარგად არის, ცოტაც უნდა მოვიცადოთ..." და შემდეგ მესმის: "Sebastian Vettel, you are the Woooooooooorld Chaaaampion!!!" ეს დაუჯერებელი იყო. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა ვიგრძენი იმ მომენტში!"
სებასტიან ფეტელი მეორე გერმანელი ჩემპიონი გახდა. შეიძლება იმის თქმა, რომ მიხაელ შუმახერის გარეშე მისი ტრიუმფი არ შედგებოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ სები კერპენში იმ ტრეკის ხშირი სტუმარი იყო, რომელიც ვოლფგანგ ფონ ტრიპსმა ააშენა (მას ჰქონდა 1961 წელს გაჩემპიონობის შანსი, მაგრამ მონცაზე დაიმტვრა). ამ ტრასაზე გადიოდა პირველ წრეებს მიხაელ შუმახერიც.


სებასტიან ფეტელი
დაბადების თარიღი: 6 ივლისი, 1987 წელი
დაბადების ადგილი: ჰეპენჰაიმი, გერმანია
ეროვნება: გერმანელი
საცხოვრებელი ადგილი: შვეიცარია
სიმაღლე: 176 სმ
წონა: 64 კგ
საყვარელი ტრასა: მონაკო, სპა
ჰობი: სნოუბორდი, ველოსპორტი, ცურვა
გუნდი: რედ ბული
დებიუტი: აშშ, 2007
პირველი მოგება: იტალია, 2008
საერთო სტატისტიკა
მონაწილეობა: 62
მოგება: 10
II ადგილი: 4
III ადგილი: 5
პოდიუმი: 19
პოული: 15
პირველი ხაზი: 23
საუკეთესო წრე: 6
ჩასათვლელი ქულები: 381
კარიერა
წელი გუნდი სტ ქ პოდ მ პ ს-წ საბოლოო
2010 რედ ბული 19 256 10 5 10 3 1-ლი ადგილი
2009 რედ ბული 17 84 8 4 4 3 მე-2 ადგილი
2008 ტორო როსო 18 35 1 1 1 -  მე-8 ადგილი
2007 BMW-ზაუბერი 1 1 - - - - მე-14 ადგილი
 ტორო როსო 7 5 - - - -
სტ - სტარტი; ქ - ქულა; პოდ - პოდიუმი; მ - მოგება; პ - პოული; ს-წ - საუკეთესო წრე

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული