კვალიფიკაცია
- აბუ დაბიში ნიკო როსბერგმა მე-11 პოული მოიპოვა ამ სეზონში. მერვედ ისტორიაში, ერთმა პილოტმა 11 ან მეტი პოული მოიპოვა, მაგრამ ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა ამ მრბოლელმა ვერ შეძლო ჩემპიონობის მოპოვება. პირველი გახლდათ აირტონ სენა, რომელსაც 1989 წელს 13 კვალიფიკაცია ჰქონდა მოგებული, მაგრამ ტიტული ალენ პროსტს ერგო.
- "მერსედესის" 18 პოული სეზონში - "რედ ბულის" 2011 წლის რეკორდის გამეორებაა. სულ ისტორიაში, "მერსედესს" 35 პოული აქვს - ნახევარზე მეტი ამ სეზონში
- მხოლოდ მეორედ ისტორიაში, ერთ სეზონში ყველა პოული ერთი კომპანიის ძრავით ("მერსედესი") აღჭურვილ მანქანებს ერგოთ. პირველად ეს "ფორდმა" შეძლო 1969 წელს. მაშინ 11-ეტაპიანი ჩემპიონატი ტარდებოდა.
- "მერსედესის" პილოტებმა ზედიზედ მერვედ დაიკავეს სასტარტო ბილიკის პირველი რიგი და ამით გაიმეორეს "მაკლარენის" (1989) და "უილიამსის" (1993) რეკორდი.
- ზედიზედ 27-ედ კიმი რაიკონენი არ იყო პირველ ოთხეულში კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით - ეს უარესი სერიაა მის კარიერაში.
- პირველად 1986 წლის შემდეგ, "ფერარის" არც ერთ პილოტს არ აუღია სტარტი პირველი სამეულიდან. ზედიზედ მეორე წელია, "სკუდერიას" პოული არ მოუპოვებია.
რბოლა
- ლუის ჰემილტონმა კარიერაში მეორე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ალბერტო ასკარის, ჯიმ კლარკს, გრემ ჰილს, ემერსონ ფიტიპალდის, მიკა ჰაკინენსა და ფერნანდო ალონსოს. ჰემილტონი მეოთხე ბრიტანელი პილოტია, ვისაც ერთზე მეტი ტიტული აქვს: ჯეკი სტიუარტი სამჯერ იყო ჩემპიონი, ჯიმ კლარკი და გრემ ჰილი - ორჯერ.
- ჰემილტონი პირველი პილოტია 1999 წლის შემდეგ, ვინც ტიტული სეზონის პირველ ეტაპზე გამოვარდნის შემდეგ მოიგო. მაშინ ეს შეძლო მიკა ჰაკინენმა.
- ფინალური რბოლის წინ სტატისტიკა ჰემილტონის მხარეს იყო - ყველა 12 პილოტი, რომელმაც სეზონის მსვლელობისას რვა ან მეტი რბოლა მოიგო, ჩემპიონი გახდა; აგრეთვე - ის მრბოლელები, რომლებმაც ზედიზედ ოთხი ეტაპი მოიგეს. ჰემილტონს ორივე მიღწევა ჰქონდა.
- 2014 წლის სეზონში ჰემილტონი ან პოდიუმზე ადიოდა (16-ჯერ), ან ეთიშებოდა რბოლას (სამჯერ; ავსტრალიაში, კანადასა და ბელგიაში).
- სეზონის მსვლელობისას ხუთჯერ ჰემილტონმა როსბერგის უკნიდან სტარტის აღების შემდეგ გაუსწრო თანაგუნდელს ფინიშზე. ნიკომ ჩემპიონატში ერთხელაც ვერ მოუგო პარტნიორს მაშინ, როცა სასტარტო ბილიკზე მასზე უკან იმყოფებოდა.
- აბუ დაბიში ჰემილტონი სამოცდამეათეჯერ ავიდა კარიერაში პოდიუმზე, რაც ყველა დროის მეექვსე შედეგია. მეხუთეზეა კიმი რაიკონენი, რომელმაც კარიერაში მხოლოდ მეორედ დაასრულა სეზონი პოდიუმების გარეშე. წინა ჯერზე ეს 2001 წელს მოხდა, როცა "ზაუბერში" ჰქონდა დებიუტი.
- "მერსედესი" გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში 16 რბოლა მოიგო. მათ ასევე ახალი რეკორდი დაამყარეს პოდიუმებისა (31) და ქულების რაოდენობით (701).
- ნიკო როსბერგმა სეზონში რვაჯერ ვერ შეძლო რბოლის მოგება მაშინ, როცა პირველი იდგა სასტარტო ბილიკზე. გერმანელს კარიერაში 15 პოულიდან მხოლოდ ხუთი რბოლა აქვს მოგებული.
- ფელიპე მასა კარიერაში 39-ჯერ ავიდა პოდიუმზე. მას 2012 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოპოვებული მეორე ადგილი.
- პირველად 2005 წლის მონაკოს გრანპრის შემდეგ, პოდიუმზე "უილიამსის" ორი პილოტი ვიხილეთ.
- პირველად კარიერაში, დანიელ რიკარდომ წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა.
- პირველად კარიერაში, სებასტიან ფეტელმა სეზონი მოგებისა და პოულის გარეშე დაასრულა. წელს ის მხოლოდ ერთი წრე ლიდერობდა (სინგაპურში), არადა, შარშან 684 ასეთი წრე ჰქონდა.
- კარიერაში მეოთხედ, ფერნანდო ალონსომ სეზონი მოგების გარეშე დაასრულა - ადრე ეს მოხდა 2001, 2004 და 2009 წლებში.
- კიმი რაიკონენი 35 რბოლაა მოგების გარეშეა. ეს პირადი ანტირეკორდის გამეორებაა. ასეთი სერია ჰქონდა მას ფორმულა 1-ში დებიუტიდან პირველ მოგებამდე (2003 წელს მალაიზიაში). პირველად კარიერაში, ფინელმა სეზონი საერთო ჩათვლაში ათეულს მიღმა დაასრულა.
- "ფერარიმ" შეწყვიტა წარმატებული სერია - პირველად 1993 წლის შემდეგ, სეზონის ვერც ერთი რბოლა ვერ მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"