სებასტიან ფეტელი: ბევრი რამ უნდა დავამტკიცო

AutoSharing Option
აბუ დაბის გრანპრის წინ ოფიციალურად გამოცხადდა სებასტიან ფეტელის "რედ ბულიდან" "ფერარიში" გადასვლის შესახებ. გერმანელმა უკვე გაიარა რამდენიმე წრე "სკუდერიას" შარშანდელი ბოლიდით, გუშინ კი ცოტა ხნით დაბრუნდა "რედ ბულის" ბაზაზე, სადაც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს გაცილება მოუწყვეს.

სანამ ეს მოხდებოდა, სებასტიანმა გერმანულ გაზეთ Die Welt-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბოლო სეზონი შეაჯამა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც "ფერარიში" გადასვლას დათანხმდა.

- ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებდით 2014 წლის სეზონს?
- რთული. არა, უკეთესია ასეთი განსაზღვრება: დაძაბული.

- ასეთი შეფასება მანქანას უკავშირდება?
-
ვფიქრობ, კარგი მანქანა გვყავდა, მაგრამ ძალისმიერ აგრეგატთან შეხამებით ის არც ისე სწრაფი აღმოჩნდა.

- კონკრეტულად, რაში მდგომარეობდა სირთულეები?
- ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა გვქონდა და მეორე - ყოველთვის ვერ ვპოულობდი საერთო ენას ასეთ მანქანასთან. ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებების გამო 2014 წლის ბოლიდი არ ჰგავდა იმას, რომლითაც წინა წლებში გამოვდიოდი.

- შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით აგვიხსნათ?
- ვკარგავდი დროს მოსახვევებში, რადგან ბოლომდე ვერ ვგრძნობდი მანქანას, არადა, მნიშვნელოვანია გესმოდეს - როგორ იქცევა ის ტრასაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მისგან მაქსიმუმის მიღება. ვცდილობდი ადაპტირებას, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საბოლოო ჯამში მთლიანად კმაყოფილი დავრჩი მანქანით.

- თუ შევადარებთ თქვენ გამოსვლას დანიელ რიკარდოს შედეგებს, რის ხარჯზე შეძლო მან თქვენზე წინ გასვლა?
- ჩვენი შედეგების შედარება არ შეიძლება.

- რატომ?
- იმიტომ, რომ უშუალოდ შედეგები არ ასახავს სრულ სურათს. ბევრ რბოლაში ტექნიკურ პრობლემებს წავაწყდი, რამაც გავლენა იქონია შედეგებზე. წელი რთული გამოვიდა, განსაკუთრებით, ჩემთვის, მაგრამ ბელგიის გრანპრის შემდეგ დაიწყო ცვლილება უკეთესობისკენ, რადგან მანქანასთან მუშაობისას სხვა გზით წავედით. მიუხედავად ამისა, ვერ ვიქნები კმაყოფილი 2014 წელს საკუთარი გამოსვლით. რაც შეეხება რიკარდოს, მან სტაბილურად ჩაატარა სეზონი, უფრო ნაკლები პრობლემა ჰქონდა მანქანასთან, ვიდრე მე.

- რის ხარჯზე შეძლო მან ჩემპიონატის სტაბილურად ჩატარება?
- წლის დასაწყისში მას გაცილებით ნაკლები ტექნიკური პრობლემა შეხვდა. ჩემგან განსხვავებით, დანიელის ბოლიდი ერთხელ თუ ორჯერ გამოვიდა მწყობრიდან. მაგრამ არ შეიძლება შედეგებში სხვაობა მხოლოდ ამის ავხსნათ, უფრო ღრმად უნდა შევაფასოთ სიტუაცია. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მანქანასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემის შემთხვევაში, გაცილებით მეტ ქულას მოვიპოვებდი და, შესაძლოა, რბოლაც მომეგო. მაგრამ რეალურად, სხვანაირად ხდებოდა.

- სეზონის მსვლელობისას საკუთარ თავში ეჭვი გეპარებოდათ?
- რა თქმა უნდა, იმედგაცრებული ვიყავი იმის გამო, რომ მოგებას ვერ ვახერხებდი, მაგრამ იქმნებოდა სიტუაციები, რომლებზეც კონტროლი არ შემეძლო. არაფრის გაკეთება არ შემიძლია მაშინ, როცა მანქანა მწყობრიდან გამოდის - ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. წელს, რაღაც მომენტში ყველა პრობლემის ამოწერა დავიწყე. ჩემთვის საჭირო იყო, შემეფასებინა საკუთარი მუშაობა, გამეგო - ამა თუ იმ წარუმატებლობაში მე მიმიძღოდა ბრალი თუ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. თუ გავიხსენებთ ტექნიკური პრობლემების რაოდენობას, არ მგონია, რომ შეიძლებოდეს ასეთი დასკვნის გაკეთება: მე არ ვიყავი წესრიგში.

- რამდენად მძიმედ განიცდიდით წაგებას?
- ყოველ ჯერზე, როცა რაღაც არ მუშაობს, ცდილობ გამოსწორებას. ეს ნორმალურია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის შენი მოთმინების უნარისა და დამაჯერებლობის გამოცდა. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს იგივე მოთხოვნები წავუყენე, როგორც წინა წლებში - ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა.

- რამდენად მძიმეა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონისთვის იმის გაცნობიერება, რომ არ შეუძლია მაღალი შედეგის მიღწევა მანქანის პრობლემების გამო?
- მე არ მქონდა ალტერნატივა - ჩვენ ყველანი ტექნიკაზე ვართ დამოკიდებულნი. ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის ფორმულა 1-ში. მანქანებს იმ გათვლით ქმნიან, რომ მათ შესაძლებლობების ზღვარზე იმუშაონ და ასეთ სიტუაციაში იოლია შეცდომის დაშვება, თუმცა, რა თქმა უნდა, დასანანია, როცა ასეთი რამ ხდება. ახალ რეგლამენტზე გადასვლით მანქანები უფრო ძვირი და რთული გახდა.

- და თქვენ ეს არ მოგწონთ?
- კარგია, როცა იმარჯვებს ყველაზე სწრაფი და ყველაზე კარგი პილოტი და არა ის, ვინც მეტი საწვავი დაზოგა.

- და მაინც, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო 2014 წელს: ტექნიკა თუ მრბოლელი?
- როგორც ყოველთვის, პილოტი - მთავარია ტრასაზე. მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა, რა თქმა უნდა, გუნდის მუშაობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, საჭესთან პილოტი ზის და იბრძვის ტრასაზე.

- როგორია გამარჯვების რეცეპტი?
- სატერფულზე ბოლომდე ფეხის მიჭერა. ამასთან, უნდა გამონახოთ ინჟინრებთან საერთო ენა და ერთად ეძებოთ პრობლემების მოგვარების გზა.

- რამ გადაგაწყვეტინათ "ფერარიში" გადასვლა?
- ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთ ღამეში მივიღე. ბევრი დრო დამჭირდა ფიქრისთვის, რადგან "რედ ბულთან" ერთად უამრავი სასიხარულო მომენტი მქონდა. სეზონის წარუმატებელი პირველი ნახევრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ გუნდის შეცვლის შესაძლებლობა გამოჩნდა და დავფიქრდი "რედ ბულიდან" წასვლაზე. შემდეგ დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები "ფერარისთან", რადგან ეს გუნდი ჩემ მიმართ ინტერესს იჩენდა. ასეთ სიტუაციაში არ არსებობს ერთადერთი სწორი არჩევანი, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადასვლისთვის დრო სწორად იქნა შერჩეული.

- რატომ ფიქრობთ ასე?
- "ფერარიში" გადასვლა - ბავშვობის ოცნების ასრულებაა. ბავშვობაში ჩემი კერპი იყო მიხაელ შუმახერი წითელი ბოლიდის საჭესთან. იმ დროს არ ვფიქრობდი, რომ ოდესღაც მექნებოდა "ფერარის" ბოლიდის მართვის საშუალება, რადგან ეს გუნდი ხომ სარბოლო ლეგენდაა. "სკუდერიაში" გადასვლის შემდეგ თქვენ იმედოვნებთ, რომ შეძლებთ ტიტულისთვის ბრძოლას. ყოველ შემთხვევაში, გავიღებ ყველაფერს, რათა ამ მიზანს მივაღწიო. 2008 წელს, მონცაში გამარჯვების შემდეგ ნაწილობრივ შევეხე იმ მითს, რაც "ფერარის" გარშემო არსებობს, რადგან "ტორო როსში" ჩემს ბოლიდზე მათი ძრავა ეყენა.

"ფერარი" - ეს რაღაც განსკუთრებულია, მითი, ისტორია, ენცო ფერარი... ეს გუნდი მსოფლიოს ყველა ჩემპიონატში მონაწილეობდა და მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობის დაწყებას.

- ფულმა ითამაშა როლი ამ გადაწყვეტილებაში?
- ყოველთვის მაინტერესებდა "ფერარი". ამ გუნდის ხიბლი ნებისმიერ პილოტს იზიდავს. ავიღოთ ჩვეულებრივი მანქანები: მხოლოდ "ფერარიში" არის რაღაც ჯადოსნური. იმედია, რაღაც განსაკუთრებულს ვიგრძნობ, როცა მათი ბოლიდის საჭესთან დავჯდები.

- როგორ აფასებთ საკუთარ შანსებს "ფერარიში"?
- ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ მომავალ წელსვე შევძლებ "მერსედესისთვის" წინააღმდეგობის გაწევას. ვიცი, რომ "ფერარიში" დაძაბული მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ დრო დაგვჭირდება, განსაკუთრებით ახლა, როცა "მერსედესი" ასე წინ არის წასული. ჩემთვის ყველაზე მარტივი ვარიანტი - "რედ ბულში" დარჩენა იქნებოდა, სადაც ყველას კარგად ვიცნობ, ვიცი გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები.

- რამდენად დიდია იმის საფრთხე, რომ "ფერარიში" წარმატებას ვერ მიაღწიოთ?
- ნებისმიერი ცვლილება - ეს არის უცხო გარემოში ნაბიჯი, შესაბამისად, არსებობს რისკი. საკუთარი გადაწყვეტილება ავწონ-დავწონე და დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი იმაში, რომ გუნდს შეუძლია წარმატების მიღწევა, არ გადავიდოდი მათთან. ეს დამაჯერებლობას მმატებს.

- რა დროს აძლევთ საკუთარ თავს?
- პირველ რიგში, მინდა დავამტკიცო, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემთვის და "ფერარისთვის". ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ამიტომაც არ ველი, რომ თავიდანვე დავიწყებთ მაღალი შედეგების ჩვენებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული