ფორმულა 1: მართლა ძლიერია "ზაუბერი"?

AutoSharing Option
ყოველდღიურად ახალი მანქანები სულ უფრო მეტ დისტანციას გადის, მაგრამ იძულებითი პაუზების რიცხვიც იზრდება. ასე იყო გუშინ, ტესტების მესამე დღეს.

ღამით ხერესში წვიმდა და დილით პილოტებმა ბოქსები წვიმის საბურავებით დატოვეს, შემდეგ საშუალედო საბურავებზე გადავიდნენ და მხოლოდ ორი საათის შემდეგ, როცა ასფალტი მთლიანად გაშრა, შესაძლებელი გახდა "სლიკებზე" გადასვლა. რისკზე წასვლა არავის უნდოდა, რადგან გუნდებს ჯერ არ აქვთ საკმარისი სათადარიგო ნაწილები. შესაბამისად, ნებისმიერ ინციდენტს შეიძლებოდა დროის დაკარგვა გამოეწვია.

"რედ ბულში" მიიღეს ახალი წინა ნაწილი იმის სანაცვლოდ, რომელიც რუსმა დანიილ კვიატმა წინა დღეს დააზიანა.
გუშინ დანიელ რიკარდომ მხოლოდ ხუთი წრის გავლა მოასწრო, რის შემდეგაც RB11-ზე საჭირო გახდა ძალისმიერი აგრეგატის შეცვლა. ასე რომ, ავსტრალიელმა რვიდან ოთხი საათი დაკარგა. ტესტების პირველ სამ დღეს "რედ ბულის" ახალმა მანქანამ სამჯერ ნაკლები დისტანცია გაიარა, ვიდრე "ტორო როსომ".

"მაკლარენ ჰონდაში", პირიქით, უფრო პროდუქტიული იყო დღის პირველი ნახევარი. "ჰონდას" ინჟინრებმა შეძლეს მეტ-ნაკლები სტაბილურობის მიღწევა ძალისმიერ აგრეგატთან მუშაობაში და ფერნანდო ალონსომ 32 წრე გაიარა (პირველ ორ დღეს "მაკლარენმა" 12 წრე დაფარა), მაგრამ შემდეგ გუნდმა გამოაცხადა მუშაობის ნაადრევად დასრულების შესახებ. აღმოაჩინეს გაციების სისტემაში გაჟონვა და საჭირო გახდა მანქანიდან ძალისმიერი აგრეგატის მოხსნა.

ბრიტანულ საჯინიბოში დარწმუნებულნი არიან, რომ ხვალინდელი დღისთვის პრობლემა მოგვარებული იქნება, მაგრამ სარბოლო დირექტორმა ერიკ ბულიემ ამ დღეებში აღიარა, რომ ერთი პრობლემის მოგვარების შემდეგ თავს იჩენს მეორე და ასე გრძელდება დღემდე.

"ლოტუსში" ვერ შეძლეს მანქანის ტრასაზე გაშვება ტელემეტრიის პრობლემების გამო - პასტორ მალდონადომაც რამდენიმე საათი დაკარგა ბოქსებში.

სამჯერ მუშაობა შეწყდა წითელი დროშების გამო - თავიდან ფელიპე ნასრის მიზეზით, რომელიც ტრასიდან გადავარდა, შემდეგ გამოირთო ნიკო როსბერგის "მერსედესის" ძალისმიერი აგრეგატი, ბოლოს კი მალდონადოს მანქანა გაჩერდა მეხუთე და მეექვსე მოსახვევებს შორის.

"მერსედესი" აშკარა ლიდერია ხერესში გავლილი დისტანციის მიხედვით, მაგრამ ზედიზედ მეორე დღეა მანქანა ტრასაზე ჩერდება. თუმცა მექანიკოსების ჩარევის შემდეგ ნიკომ გააგრძელა მუშაობა. სულ ორი დღის განმავლობაში როსბერგმა 1600 კილომეტრზე მეტი გაიარა - ხუთი რბოლის დისტანციაზე მეტი!

"ფერარი" ისევ თითქმის უპრობლემო იყო. სებასტიან ფეტელი ორჯერ საუკეთესო დროის ავტორი გახდა, გუშინ კი ის კიმი რაიკონენმა შეცვალა - ფინელმა მეორე დრო დააფიქსირა, ოქმს კი სათავეში ჩაუდგა ფელიპე ნასრი. "ზაუბერს" პირველ სამ დღეს ორი მეორე და ერთი პირველი ადგილი ჰქონდა. ასე რომ, უკვე ზედიზედ მესამე დღეა, პირველ ორ ადგილზე გადიან "ფერარის" ძრავებით აღჭურვილი მანქანები.

III დღე
1. ნასრი (Sauber) 1:21.545 (108 წრე)
2. კიმი რაიკონენი (Ferrari) +0,205 (92)
3. როსბერგი (Mercedes) +0,437 (151)
4. მასა (Williams) +0,731 (71)
5. მალდონადო (Lotus) +1,168 (96)
6. საინსი (Toro Rosso) +1,642 (136)
7. რიკარდო (Red Bull) +2,356 (48)
8. ალონსო (McLaren) +14,008 (32)

ლუისს ხუთწლიანი შესთავაზეს
როგორც გერმანული გამოცემა "ბილდი" წერს, "მერსედესმა" ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა ბრიტანელ ლუის ჰემილტონს. ამ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კარიერის დასრულებას აპირებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ "მერსედესი" ჰემილტონს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებდა სეზონში 20 მილიონი ევროს ხელფასითა და ბონუსებით.

ლუისის მიმდინარე კონრაქტი 2015 წლის ბოლომდეა ძალაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული