ფორმულა 1: რევოლუცია გადაიდო

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ტექნიკურ რეგლამენტში გლობალური ცვლილებები, მინიმუმ 2017 წლამდე გადაიდო - გუნდებმა არ დაუჭირეს მხარი მომავალი სეზონიდან რადიკალური ცვლილებების განხორციელებას.

ჟენევაში გამართულ ფორმულა 1-ის კომისიის სხდომაზე გუნდებს შესთავაზეს ავტომობილებისადმი მოთხოვნების შეცვლა, რაც ითვალისწინებდა 2016 წლიდან უფრო ფართო მანქანებზე და უფრო დიდ საბურავებზე გადასვლას, მაგრამ საჯინიბოს ხელმძღვანელებმა წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მისცეს ხმები მონაწილეებმა, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ შეხვედრის წინ გუნდები ვერ მივიდნენ ერთიან აზრამდე წესებში რადიკალური ცვლილებების შეტანის ვადებზე.

ზოგიერთი გუნდი გამოდიოდა მომავალი წლიდან ახალ რეგლამენტზე გადასვლის
წინადადებით, სხვებმა კი არჩიეს - ფორმულა 1-ს ცვლილებები 2017 წლისთვის გადაეტანა, როცა პოტენციურად შეიძლება გამოჩნდეს ახალი ძრავები 1000 ცხენის ძალამდე სიმძლავრით. ასევე იმ დროისთვის გაიმართება ახალი ტენდერი საბურავების მიმწოდებლის გამოსავლენად, რის გამოც ასევე შეიძლება სიტუაცია კარდინალურად შეიცვალოს.

გუნდები ერთ აზრამდე მივიდნენ იმ მხრივ, რომ აუცილებელია მეტი დრო დაეთმოს 2017 წლისთვის კონკრეტული წინადადებების შესწავლას.

როგორც უკვე ვწერდით, ჟენევის სხდომის წინ "ფერარიმ" გამოაქვეყნა ფორმულა 1-ის მომავლის მანქანის გამოსახულება. იტალიელებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ გზით უბიძგებდნენ მხარეებს უფრო აქტიური პოზიციისკენ ფორმულა 1-ში წესების შეცვლის საკითხში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული