ფორმულა 1. ვარჯიში ბარსელონაში გაგრძელდა

AutoSharing Option
გუშინ ბარსელონაში დაიწყო წინასასეზონო ტესტების მეორე სერია. ორი კვირის წინ, ხერესში რვა გუნდი მუშაობდა, ბარსელონაში კი ცხრა გუნდი გავიდა ტრასაზე, თუმცა "ფორს ინდიამ" კატალონიის დედაქალაქში შარშანდელი მანქანა ჩაიყვანა - ახალმა VJM08-მ მხოლოდ ახლა გაიარა კრაშ-ტესტი და ჯერჯერობით მზად არ არის.

ინდური საჯინიბო მოელაპარაკა "მერსედესს" და ტესტებზე პასკალ ვერლიანი გამოიყვანა. ეს ავტომრბოლელი DTM-ის სერიაში გამოდის და ეხმარება "მერსედესს" სიმულატორზე მანქანის განვითარებაში. დილით პასკალი "ფორს ინდიას" საჭეს მიუჯდა, მაგრამ ორი საათის შემდეგ პროგრამის შეცვლა გახდა საჭირო.

ლუის ჰემილტონმა დილით მაღალი ტემპერატურით გაიღვიძა,
ავტოდრომზე მივიდა და მუშაობასაც შეუდგა, მაგრამ 11 წრის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და ვერ შეძლო ვარჯიშის გაგრძელება.

მსოფლიოს ჩემპიონი სასტუმროში გაუშვეს, ნიკო როსბერგი კისრის არეში ტკივილს უჩიოდა და მეორე დღისთვის ემზადებოდა. ასე რომ, ვერლიანს მოუწია "ფორს ინდიას" ბოქსების დატოვება და ორი საათის შემდეგ ტრასაზე უკვე Mercedes F1 W06 Hybrid-ით გავიდა.

საბოლოოდ, პასკალმა "მერსედესის" პროგრამის დიდი ნაწილი შეასრულა, რომელიც საღამოს მცირე ხნით შეწყვიტეს საწვავის დგუშის პრობლემის გამო, ხოლო შარშანდელი "ფორს ინდიას" საჭესთან სერხიო პერესი დაჯდა.

მხოლოდ სამი საათი გრძელდებოდა ტესტები "მაკლარენ ჰონდასთვის". საჭირო გახდა ძალისმიერი აგრეგატის შეცვლა და გუნდმა მაშინვე დაადასტურა, რომ ჯენსონ ბატონი ტრასაზე აღარ გავიდოდა. ბრიტანელმა გუშინ მხოლოდ 21 წრე გაიარა.

მოგვიანებით, "ჰონდას" სარბოლო პროგრამის ხელმძღვანელმა იასუჰისა არაიმ დააზუსტა - სამუშაოს სრულფასოვნად გასაგრძელებლად საჭიროა ცვლილებების შეტანა კონსტრუქციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება განმეორდეს. ძრავის გაუმჯობესებულ ვერსიას ტრასაზე შაბათს მიიტანენ. ასე რომ, დღეს, როცა საჭესთან ფერნანდო ალონსო დაჯდება, გუნდი შემოკლებული პროგრამით იმუშავებს.

"ლოტუსისთვის" რთული დღე იყო. პასტორ მალდონადომ ორჯერ გააჩერა მანქანა ტრასაზე - საჭირო გახდა E23-ის ევაკუაცია, მაგრამ მექანიკოსებმა ოპერატიულად იმუშავეს და ვენესუელელმა მუშაობა გააგრძელა.

მესამედ წითელი დროშები უკვე დღის მეორე ნახევარში ააფრიალეს - სუზი ვოლფისა და ფელიპე ნასრის ინციდენტის გამო. პაუზა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა.

"უილიამსის" ქალი პილოტი, რომელსაც იმ მომენტისთვის 83 წრე ჰქონდა გავლილი, ბოქსებიდან ახალი გამოსული იყო, "ზაუბერის" დებიუტანტი კი სწრაფ წრეს გადიოდა - მეხუთე მოსახვევის დამუხრუჭების ზონაში კონტაქტი მოხდა და ორი მანქანა ტრასიდან გადავარდა.

"ზაუბერის" მანქანა უფრო მეტად დაზიანდა, კერძოდ, უკანა მარჯვენა დაკიდება, გადაცემათა კოლოფი და ძირი, მაგრამ მექანიკოსები გაუმკლავდნენ პრობლემებს - რემონტის შემდეგ ფელიპე ისევ გავიდა ტრასაზე. ასევე გააგრძელა მუშაობა ვოლფმა.

"რედ ბულმა" დილით რამდენიმე საათი დაკარგა მცირე პრობლემების მოსაგვარებლად და აეროდინამიკური კონფიგურაციების სხვადასხვა ვარიანტის ეფექტურობის შესაფასებლად - დანიელ რიკარდოს მოკლე წრეების რამდენიმე სერია ჰქონდა წნევის სპეციალური მოწყობილობით, დღის მეორე ნახევარში კი გუნდში შეეცადნენ დაკარგული დროის დაბრუნებას.

"ფერარის" სერიოზული პრობლემები არ შექმნია. კიმი რაიკონენმა პროგრამა სრულად შეასრულა და ჯერ კიდევ დღისით აჩვენა დრო - 1.25,167, რაც შარშან, ესპანეთის გრანპრიზე ლუის ჰემილტონის მიერ პოულისას ნაჩვენებ დროზე (1.25,232) უკეთესი იყო.

ტესტების ბოლოს პასტორ მალდონადომ კიდევ უფრო სწრაფად გაიარა - 1.25,011, მაგრამ დროების პირდაპირ შედარება რთულია - შარშან მაისში ამინდი სულ სხვა იყო და საბურავის ხისტი შემადგენლობა გამოიყენებოდა - Hard და Medium, პასტორმა კი საუკეთესო დრო Soft-ზე აჩვენა.

I დღე
1. მალდონადო (Lotus) 1:25.011 (69 წრე)
2. რაიკონენი (Ferrari) +0.156 (74)
3. რიკარდო (Red Bull) +0.536 (59)
4. პერესი (Force India) +1.625 (34)
5. ნასრი (Sauber) +2.296 (79)
6. ფერსტაპენი (Toro Rosso) +2.889 (94)
7. ბატონი (McLaren) +3.171 (21)
8. ვერლიაინი (Force India) +3.318 (32)
9. ვერლიაინი (Mercedes) +3.478 (48)
10. ვოლფი (Williams) +3.895 (86)
11. ჰემილტონი (Mercedes) +5.418 (11)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული