ფორმულა 1: რა იყო ფერნანდო ალონსოს ავარიის ნამდვილი მიზეზი

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ბარსელონას ტესტებზე ესპანელი ფერნანდო ალონსოს ავარიის ოფიციალურ მიზეზად ქარის ძლიერი ნაკადი დასახელდა, რის გამოც პილოტმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა.

თუმცა გულშემატკივრებს, მიმომხილველებსა და პილოტებს შორის სხვადასხვა ჭორი დადის და ყოველდღე ავარიის განსხვავებული ვერსია ვრცელდება.

ტელეარხმა Sky Italia-მ გამოაცხადა, რომ ალონსო ელაპარაკა თავის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ხერხემლის არეში ძლიერი ტკივილის შესახებ. ეს იქამდე მოხდა, სანამ ფერნანდო ბოლიდზე კონტროლს დაკარგავდა და ბეტონის კედელს შეეჯახებოდა. კომენტატორმა აღნიშნა, რომ მართალია, ესპანელის სიტყვები არ არის იმის დამამტკიცებელი, რომ პილოტმა დენის დარტყმა მიიღო,
მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აქარწყლებს გუნდის ოფიციალურ ვერსიას.

გაზეთ La Repubblica-ს მოჰყავს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, ფაბრიციუ ბარბაცუს სიტყვები: "ფერნანდომ 600 ვატის სიმძლავრის ელექტროდარტყმა მიიღო, რასაც სერიოზული გართულება მოჰყვა: მხედველობის პრობლემა და ვენების დროებითი დახშობა".

თავისი აზრი გამოთქვა ფორმულა 1-ის კიდევ ერთმა ყოფილმა პილოტმა რენე არნუმ:

"ალონსოსთვის ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის არ ყოფილა გასაკვირი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ფერნანდომ ფიზიკური ზემოქმედება ჯერ კიდევ შეჯახებამდე მიიღო. თავად გამოვდიოდი ფორმულა 1-ში და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. მის ავტომობილს გვერდითი დარტყმა ჰქონდა, თანაც არც ისე ძლიერი, რომ ისეთი მძიმე შედეგები გამოეწვია, როგორიც ალონსოს შემთხვევაში ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მან ჯერ კიდევ დარტყმამდე იგრძნო თავი ცუდად".

სხვათა შორის ამ ჭორებს, შესაძლოა, სერიოზული სკანდალი მოჰყვეს. ჩემპიონატის ზოგიერთი გუნდი ავსტრალიაში პირველი ეტაპის ბოიკოტირებას აპირებს. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ "მაკლარენის" პოზიციის გამო და მიაჩნიათ, რომ ბრიტანულმა საჯინიბომ ინციდენტის ყველა მონაცემი უნდა გამოაქვეყნოს. გუნდები შიშობენ, რომ სიტუაცია, შესაძლოა, ავსტრალიის გრანპრის დროს განმეორდეს.

ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე გუნდი, რომელთა სახელებს არ ამბობენ, ბოიკოტზე ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის გრანპრი 15 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას არ მიიღებს ალონსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული