ფორმულა 1. მალაიზიის გრანპრის შემდეგ: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
2015 წლის სეზონის მეორე ეტაპის - მალაიზიის გრანპრის შემდეგ ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- ლუის ჰემილტონმა თავის 150-ე გრანპრიზე მე-40 პოული მოიპოვა. ის მხოლოდ მეოთხე პილოტია ისტორიაში, რომელმაც ამ ზღვარს მიაღწია. აირტონ სენამ 40 პოული უფრო სწრაფად მოიპოვა - 93 რბოლა დასჭირდა, სებასტიან ფეტელს - 113 გრანპრი და მიხაელ შუმახერს - 156.

- "ფერარიმ" შეწყვიტა 37-რბოლიანი სერია, რომლიც დროსაც ვერ ახერხებდა სასტარტო ბილიკის პირველ რიგში ადგილის მოპოვებას. თავად სებასტიან ფეტელმაც შეწყვიტა უსიამოვნო სერია - ზედიზედ
რვა რბოლა არ ყოფილა კვალიფიკაციის შემდეგ პირველ სამეულში. ასეთი სერია მას 2008 წლის შემდეგ არ ჰქონია.

- ნიკო როსბერგი სასტარტო ბილიკის პირველ რიგში ვერ მოხვდა პირველად ბოლო 13 გრანპრის განმავლობაში. რეკორდი პირველი რიგიდან ზედიზედ აღებული სტარტების რაოდენობით აირტონ სენას ეკუთვნის - 24 ეტაპი.

ასევე შეწყდა "მერსედესის" სერია, როცა ამ გუნდის პილოტებს ზედიზედ ცხრა რბოლაში ეკავათ პირველი სასტარტო რიგი.

- კარიერაში თავის მეორე გრანპრიზე მაქს ფერსტაპენმა კვალიფიკაციაში მეექვსე ადგილი დაიკავა და გაიმეორა მამის - იოს ფერსტაპენის საუკეთესო შედეგი (1994).

- მარკუს ერიქსონი კარიერაში პირველად მოხვდა კვალიფიკაციის ტოპ-ათეულში - მეცხრე ადგილი დაიკავა.

- ბოლოს ფერნანდო ალონსო კვალიფიკაციის მეორე რაუნდში 2009 წელს ვერ მოხვდა, როცა "რენოს" ღირსებას იცავდა.

რბოლა
- სებასტიან ფეტელმა კარიერაში მე-40 გრანპრი მოიგო და პირველი პილოტი გახდა, ვინც მალაიზიაში ოთხჯერ გაიმარჯვა.

ფეტელი მხოლოდ მეოთხე პილოტია ისტორიაში, ვინც კარიერაში 40 გამარჯვებას მიაღწია. ეს მან 141-ე რბოლაში გააკეთა, რაც მეორე მაჩვენებელია. ლიდერობს მიხაელ შუმახერი, რომელმაც ამ ზღვარს 134 რბოლაში მიაღწია, ალენ პროსტმა და აირტონ სენამ კი მე-40 გამარჯვებას, შესაბამისად, 155-ე და 157-ე რბოლებში მიაღწიეს.

- ფეტელმა შეწყვიტა ორი მოუგებელი სერია: ის 20 რბოლაა ვერ იმარჯვებდა, "ფერარის" კი ზედიზედ 34 რბოლა არ ჰქონდა მოგებული (2013 წლის ესპანეთის გრანპრის შემდეგ). ცნობისთვის, "სკუდერიას" სარეკორდო მოუგებელი სერია 58 რბოლას უდრის (1990-94). ფეტელის გამარჯვება 222-ე იყო "ფერარის" ისტორიაში.

- მალაიზიაში ფეტელი 46 წრე ლიდერობდა. ეს უფრო მეტია, ვიდრე თავად ფეტელი და მთელი "ფერარის" გუნდი იყო ლიდერი გასულ წელს. შარშან სებასტიანი ერთი წრე ლიდერობდა, "ფერარი" - 32 წრე.

- ფეტელის ანგარიშზე იმდენივე პოდიუმია, რამდენიც რუბენს ბარიკელოს ჰქონდა - 68. ეს მეშვიდე მაჩვენებელია ფორმულა 1-ის ისტორიაში.

- ფეტელმა შეწყვიტა "მერსედესის" პილოტების მოგებათა სერია, რომელიც რვა რბოლას უდრიდა. ეს სერია ხანგრძლივობით მესამეა მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში. ლიდერობს "მაკლარენი", რომელმაც 1988 წელს ზედიზედ 11 რბოლა მოიგო.

- ფეტელმა შეწყვიტა "მერსედესისა" და "რედ ბულის" დომინირება - წინა 34 რბოლაში მხოლოდ ამ გუნდის პილოტები იმარჯვებდნენ. ასეთი სერია აქამდე არასოდეს ყოფილა ისტორიაში.

- ლუის ჰემილტონი ზედიზედ მეცხრედ ავიდა პოდიუმზე, რაც მისი პირადი რეკორდის გამეორებაა.

- ნიკო როსბერგმა მეათედ აჩვენა უსწრაფესი წრე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა გრემ ჰილსა და მარიო ანდრეტის.

- კიმი რაიკონენმა მეოთხე ადგილი დაიკავა და საუკეთესო შედეგი აჩვენა ბელგიის შარშანდელი გრანპრის შემდეგ.

- უკანასკნელად პირველ ოთხეულში "ფერარის" ორივე პილოტი 2013 წელს, იტალიის გრანპრიზე იყო.

- მეშვიდე ადგილზე გასვლით მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, ვინც ქულის მოპოვება შეძლო. მან ეს 17 წლის, 5 თვისა და 27 დღის ასაკში გააკეთა. წინა რეკორდი რუს დანიილ კვიატს ეკუთვნოდა - მან შარშან, ავსტრალიაში სადებიუტო რბოლაში ქულა 19 წლის, 10 თვისა და 18 დღის ასაკში მოიპოვა.

- დანიელ რიკარდომ პირველად შეძლო მალაიზიაში ქულის მოპოვება. ავსტრალიელი მეათე ადგილზე გავიდა და ეს მისი უარესი შედეგია 2013 წლის ბრაზილიის გრანპრის შემდეგ.

- პასტორ მალდონადო მეხუთედ მონაწილეობდა მალაიზიის გრანპრიში და მეხუთედ ვერ მიაღწია ფინიშამდე. უფრო მეტიც, ვენესუელელმა სეზონის პირველი ორი რბოლა ვერ დაასრულა ხუთივე ჩემპიონატში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა.

- "მაკლარენმა" ზედიზედ მე-40 რბოლა ჩაატარა პოულისა და მოგების გარეშე და ზედიზედ მე-20 - პოდიუმის გარეშე. გარდა ამისა, პირველად 2006 წლის აშშ-ის გრანპრის შემდეგ "მაკლარენის" ორივე მანქანა ფინიშამდე ვერ მივიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული