ფორმულა 1. ჩინეთის გრანპრი: ლუისის მეორე ტრიუმფი და ნაცნობი სამუელი

AutoSharing Option
ჩინეთის გრანპრით გაგრძელდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი. შანხაის რბოლის მთავარი ინტრიგა შემდეგი იყო - შეძლებდა თუ არა "მერსედესი" მალაიზიაში მარცხისთვის რევანშის აღებას.

შაბათს კვალიფიკაცია ზედიზედ მესამედ ლუის ჰემილტონმა მოიგო. მეორე იყო მისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი და მესამე - მალაიზიის ეტაპის ტრიუმფატორი სებასტიან ფეტელი. სტარტზე სამივემ შეინარჩუნა საკუთარი პოზიცია, პირველი მეტრების გმირი კი კიმი რაიკონენი აღმოჩნდა, რომელმაც ორი გასწრებით უკან ჩამოიტოვა "უილიამსის" წევრები და მეოთხე ადგილზე გადავიდა. ყველაზე ცუდად კი დანიელ რიკარდომ იმოქმედა, რომელსაც თითქოს დაავიწყდა აქსელერატორზე ფეხის დაჭერა.

საბოლოოდ, ლიდერთა
შორის ბრძოლა მოსაწყენი გამოვიდა. "მერსედესები" თანდათან შორდებოდნენ "ფერარის" წევრებს; თავის მხრივ, "სკუდერიაც" ზრდიდა სხვაობას დანარჩენებზე. მთავარი ბრძოლა მეორე ათეულში მიდიოდა, სადაც მაყურებელს ართობდა "რედ ბულისა" და მაქს ფერსტაპენის დუელი. პირველი გამოვარდნილი პილოტი კი ნიკო ჰიულკენბერგი გახდა, რომელსაც გადაცემათა კოლოფმა უმტყუნა.

ასეთ სიტუაციაში ინტრიგას წარმოადგენდა მხოლოდ პიტსტოპების ტაქტიკა. პირველმა საბურავების შეცვლა ფეტელმა გადაწყვიტა, შემდეგ მას ჰემილტონმა მიბაძა. მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდნენ "სოფტზე" ნიკო როსბერგი და კიმი რაიკონენი. ლიდერთა შორის ძალთა განლაგება არ შეცვლილა, მოგვიანებით კი ფეტელმა როსბერგზე უკეთესი ტემპი დააფიქსირა და ძალიან მიუახლოვდა თანაგუნდელს, მაგრამ გასწრება ვერ შეძლო.

ამასობაში, "რედ ბულის" შეფი კრისტიან ჰორნერი კვლავ გაანაწყენა "რენომ", რადგან დაიწვა ძრავა დანიილ კვიატის ბოლიდზე.

პიტსტოპების მეორე სერია 30 წრის შემდეგ დაიწყო, მაგრამ ამასაც არ მოუტანია ცვლილება ლიდერთა ჯგუფში. არსებობდა იმედი, რომ ფეტელი შეებრძოლებოდა როსბერგს, მაგრამ ნიკო "ფერარიზე" წინ დაბრუნდა ტრასაზე. ამიტომაც მაყურებელს პირველი ათეულის ბოლოში მყოფი პილოტების პაექრობით უწევდა დაკმაყოფილება.

აქ კი სანახავი მართლაც ბევრი იყო: ფერსტაპენის დუელი პერესთან, რიკარდოსი ერიქსონთან და მალდონადოსი ალონსოსთან. აქ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ბატონმა გაუსწრო ალონსოს, გადააგდო ტრასიდან მალდონადო და ამით გზა გაუხსნა თანაგუნდელს.

პირველ ოთხეულში სრული სიმშვიდე იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძრავა დაიწვა მაქს ფერსტაპენის ბოლიდზე. ამან ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა გამოიწვია. ლუისი მშვიდად მივიდა სეზონში მეორე გამარჯვებამდე, როსბერგი ისევ თანაგუნდელის უკან აღმოჩნდა, ხოლო ფეტელმა თავისი "ფერარით" მესამე პოდიუმამდე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სეზონის პირველ სამ რბოლაში სწორედ ეს სამი პილოტი ავიდა პოდიუმზე.

პილოტებს დასვენების დრო არ აქვთ - უახლოეს უქმეებზე ბაჰრეინის გრანპრის ველოდებით.

შანხაი (56 წრე, 305.066 კმ)
1(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1:39.42,008 (2 პიტსტოპი)
2(2). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +0,714 (2)
3(3). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) +2,988 (2)
4(6). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +3,835 (2)
5(4). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +8,544 (2)
6(5). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +9,885 (2)
7(8). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +19,008 (2)
8(9). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) +22,625 (2)
9(7). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) +32,117 (2)
10(10). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 1 წრე (2)
11(15). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 1 წრე (3)
12(18). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 1 წრე (2)
13(14). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე (2)
14(17). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1 წრე (2)
15(19). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 2 წრე (2)
16(20). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 2 წრე (2)
17(13). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) 4 წრე (2)
18(11). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 7 წრე
19(12). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) 41 წრე
20(16). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 47 წრე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 68 (2 მოგება); 2. სებასტიან ფეტელი - 55 (1); 3. ნიკო როსბერგი - 51; 4. ფელიპე მასა - 30; 5. კიმი რაიკონენი - 24; 6. ვალტერი ბოტასი - 18; 7. ფელიპე ნასრი - 14; 8. დანიელ რიკარდო - 11; 9. რომენ გროსჟანი - 6; 10. მაქს ფერსტაპენი - 6; 11. ნიკო ჰიულკენბერგი - 6; 12. კარლოს საინსი - 6; 13. მარკუს ერიქსონი - 5; 14. დანიილ კვიატი - 2; 15. სერხიო პერესი - 1.

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 119; 4. ფერარი - 79; 3. უილიამსი - 48; 4. ზაუბერი - 19; 5. რედ ბული - 13; 6. ტორო როსო - 12; 7. ფორს ინდია - 7; 8. ლოტუსი - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული