გერმანელმა ბრიტანელს სტარტზე გაუსწრო და ეტაპი გამარჯვებამდე მიიყვანა, რის შემდეგაც 10 ქულამდე შეამცირა სხვაობა თანაგუნდელთან გენერალურ კლასიფიკაციაში. ჰემილტონის კარგი ფორმის მიუხედავად, ჩემპიონატში გაურკვეველი სიტუაციაა.
სილვერსტოუნი ბრიტანელისთვის საშინაო ავტოდრომია, სადაც მას ხშირად კარგი რბოლები გამოსდის და ორი მოგებაც აქვს აქტივში. კიდევ ერთი გამარჯვება მას აშკარად არ აწყენდა, რადგან უმჯობესია, თუ საზაფხულო პაუზას ქულებში სოლიდური უპირატესობით შეხვდება.
მაგრამ ახლა სრულიად გაუგებარია, რა შეიძლება მოიმოქმედოს
* * *
ისევე, როგორც როსბერგი, გამოცოცხლება ეტყობა "უილიამსს". წინა რბოლაში ფელიპე მასას პოდიუმმა იმედი გაუჩინა პილოტსა და მის გუნდს, რომ წელს რაღაცისთვის ბრძოლა შეიძლება და ყველაფერი "ფერარის" არ ეკუთვნის. ამ მომენტისთვის "სკუდერიამ" ოდნავ დაამუხრუჭა ძრავის მოდერნიზებისა და კიმი რაიკონენის ტოტალური უიღბლობის გამო.
ასე რომ, "უილიამსს" აქვს კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილისთვის ბრძოლის მცირე შანსი. თავად "სკუდერია" კი არ მალავს, რომ "მერსედესისთვის" კონკურენციის გაწევას აპირებს, მაგრამ თან აღიარებს მკაცრ რეალობას - ახლა უფრო მნიშვნელოვანი "უილიამსისგან" თავის დაცვაა.
არ უნდა დავივიწყოთ სეზონის ყველაზე "უბედური" გუნდი, რომლისთვისაც ეს ტრასა განსაკუთრებულია - "მაკლარენი". რაღაც განსაკუთრებულს მისგან არ უნდა ველოდოთ - აქ ფინიშამდე მისვლაც დიდი ბედნიერება იქნება.
ეტაპის ინტრიგა
დიდი მნიშვნელობა ექნება კვალიფიკაციას და რბოლის სტარტს. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ვინც პირველ მოსახვევში ლიდერის რანგში შევა, რბოლის გამარჯვებულიც ის გახდება. ამ ბრძოლაში როსბერგზე თითქმის არავინ დებს, მაგრამ დაძაბულობას არავინ გამორიცხავს.
სილვერსტოუნის ტრასა
სიგრძე: 5892 მ
წრეების რიცხვი: 52
რბოლის დისტანცია: 306 კმ
მოსახვევები: 18 (8 მარცხენა, 10 მარჯვენა)
DRS-ის ზონა: ორი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1034 მ
ტრასის რეკორდი: 1:30.874 (ალონსო, "ფერარი", 2010)
ყველაზე მეტი მოგება: 5 - ალენ პროსტი, ჯიმ კლარკი
უქმეების განრიგი
3 ივლისი, 13:00 - I პრაქტიკა
3 ივლისი, 17:00 - II პრაქტიკა
4 ივლისი, 13:00 - III პრაქტიკა
4 ივლისი, 16:00 - კვალიფიკაცია
5 ივლისი, 16:00 - რბოლა
საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მერსედესი) - 169
2. როსბერგი (მერსედესი) - 159
3. ფეტელი (ფერარი) - 120
4. რაიკონენი (ფერარი) - 72
5. ბოტასი (უილიამსი) - 67
6. მასა (უილიამსი) - 62
7. რიკარდო (რედ ბული) - 36
8. კვიატი (რედ ბული) - 19
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"