კვირას, ტრიბუნებზე 140 ათასი მაყურებელი შეიკრიბა, რაც ახალი რეკორდი იყო ბრიტანული ავტოდრომისთვის. კიდევ ერთი რეკორდი შაბათს დამყარდა - ლუის ჰემილტონმა კვალიფიკაციაზე წრე წუთსა და 32.248 წამში დაფარა, რითაც წამით გააუმჯობესა წინა საუკეთესო შედეგი.
ასე რომ, საშინაო ტრასაზე პოულიდან იწყებდა რბოლას ჰემილტონი, რომელმაც წამის მეათედით გაუსწრო თანაგუნდელ ნიკო როსბერგს. მეორე რიგიდან იღებდნენ სტარტს
* * *
სტარტის ნიშანზე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "მერსედესებმა" არც ისე დამაჯერებელი სტარტი აიღეს - უკნიდან მოქროდნენ ფელიპე მასასა და ვალტერი ბოტასის "უილიამსები". ბრიტანული საჯინიბოს ორივე პილოტს იდეალური სტარტი გამოუვიდა და პირველი მოსახვევის შემდეგ, ბრაზილიელი და ფინელი პელოტონის სათავეში იყვნენ.
რამდენიმე მოსახვევის შემდეგ ჰემილტონმა შეძლო კონტრეშეტევა და ერთ-ერთი მეტოქის, კერძოდ, ბოტასის გასწრება. ჩემპიონატის ლიდერი მეორე ადგილზე გადავიდა, ნიკო როსბერგი კი საერთოდ მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
პირველი წრის შემდეგ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა გახდა საჭირო, რისი მიზეზიც რომენ გროსჟანისა და და პასტორ მალდონადოს შეჯახება იყო. და როცა პეისკარი ტრასიდან გავიდა, ჰემილტონმა ფელიპე მასას გასწრება სცადა, მაგრამ შეცდომა დაუშვა. ვალტერი ბოტასი ყურადღებით იყო და ბრიტანელის შეცდომის წყალობით, მეორე ადგილი დაიბრუნა. "უილიამსებისა" და "მერსედესების" კვარტეტი თანდათან უკან იტოვებდა პელოტონს.
* * *
რესტარტიდან რამდენიმე წრის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა. "უილიამსებმა" საბოლოოდ მოიპოვეს ლიდერობა, ჰემილტონი და როსბერგი კი მართალია არ უტევდნენ, მაგრამ უპრობლემოდ ინარჩუნებდნენ მეტოქეთა ტემპს. ბოტასმა მასაზე რამდენიმე შეტევა მიიტანა, მაგრამ ლიდერი დამაჯერებლად იცავდა თავს.
ლიდერთაგან პირველმა ბოქსებში ლუის ჰემილტონმა შეუხვია. ერთი წრის შემდეგ, პიტლეინზე სინქრონულად წავიდნენ მასა და როსბერგი - "უილიამსის" მექანიკოსებმა "მერსედესზე" ორი მეასედი წამით უკეთ იმუშავეს და ფელიპე გერმანელის წინ დარჩა, მაგრამ ეს დუეტი ტრასაზე ლუის ჰემილტონის უკან დაბრუნდა. ახალი საბურავებით ჰემილტონი უსწრაფეს წრეებს გადიოდა და მისი უპირატესობა ოთხ წამამდე გაიზარდა.
* * *
ჯერ კიდევ სტარტამდე, განხილვის თემა იყო მოსალოდნელი წვიმა. ეტაპი მშრალ ამინდში დაიწყო, მაგრამ, თანდათან, "სილვერსტოუნს" შავი ღრუბლები უახლოვდებოდა. და 36-ე წრეზე ტრასაზე პირველი წვეთები დაეცა.
წვიმის საბურავებისთვის ბოქსებში არავინ ჩქარობდა, რადგან ტრასა თითქმის მშრალი იყო. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მომენტში ტრასიდან გადავიდა როსბერგი, მაგრამ პრობლემებს გადაურჩა. მოგვიანებით, შეცდომა დაუშვა ვალტერი ბოტასმა და ეს პოზიციის დაკარგვად დაუჯდა - როსბერგმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ამ გასწრებამ გერმანელს ძალები შემატა და ორ წრის შემდეგ მეორე "უილიამსს" დაეწია. ნიკო დამაჯერებელი მოძრაობით შიდა ტრაექტორიაზე შევიდა და ფელიპე მასას გაუსწრო. ნაცნობი სურათი: პირველ ორ ადგილზე "მერსედესის" პილოტები იყვნენ, რომელთა შორის სხვაობა ექვს წამს უდრიდა.
* * *
რამდენიმე წუთის შემდეგ კი ნამდვილი თავსხმა წამოვიდა. ლიდერებს შორის შექმნილ სიტუაციაზე ყველაზე სწრაფი რეაგირება ლუის ჰემილტონს ჰქონდა, მასთან ერთად ბოქსებში სებასტიან ფეტელი შევიდა. და მხოლოდ მომდევნო წრეზე გადავიდნენ წვიმის საბურავებზე "უილიამსმები" და როსბერგი.
სანამ წვიმა გაძლიერდებოდა, "მერსედესებს" შორის სხვაობა წამნახევრამდე შემცირდა, მაგრამ ჰემილტონის სწრაფი რეაქციის შემდეგ, როსბერგზე უპირატესობა ცხრა წამამდე გაიზარდა. სებასტიან ფეტელმაც ზუსტი ტაქტიკით მესამე ადგილზე გადასვლა შეძლო. "უილიამსმები" კი მხოლოდ მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებდნენ.
ბოლო წრეებზე ჰემილტონი უკონკურენციოდ იყო, რამაც კარიერაში 39-ე გამარჯვება მოუტანა. კიდევ ერთი მოგება და სებასტიან ფეტელს დაეწევა. ნიკო როსბერგმა ვერაფერი დაუპირისპირა თანაგუნდელს, მაგრამ შეუძლია აქტივში ჩაიწეროს "უილიამსების" გასწრებები და მეორე ადგილი. ბრწყინვალე იყო სებასტიან ფეტელი. ბრიტანულ უქმეებზე "ფერარი" "უილიამსზე" სუსტი აღმოჩნდა, მაგრამ გერმანელმა იდეალურად იმოქმედა და მორიგი პოდიუმი მოიპოვა. მასა და ბოტასი მხოლოდ მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გავიდნენ და, ალბათ, იმედცრუებულები არიან ასეთი შედეგით.
მორიგი გამარჯვების შემდეგ, ლუის ჰემილტონმა ისევ გაზარდა სხვაობა ჩემპიონატში - ნიკო როსბერგი კვლავ 17 ქულას აგებს მოქმედ ჩემპიონთან. სებასტიან ფეტელი ინარჩუნებს მესამე პოზიციას, მისმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა კი მეოთხე ადგილი დაუთმო ბოტასს.
ჩემპიონატის მეათე ეტაპი - უნგრეთის გრან-პრი სამი კვირის შემდეგ გაიმართება.
სილვერსტოუნი (52 წრე, 306.198 კმ)
1(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1:31.27,729 (2 პიტსტოპი)
2(2). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +10,956 (2)
3(6). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) +25,443 (2)
4(3). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +36,839 (2)
5(4). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +1.03,194 (2)
6(7). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) +1.03,955 (2)
7(9). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +1.18,744 (2)
8(5). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) 1 წრე (3)
9(11). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 1 წრე (2)
10(17). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 1 წრე (3)
11(15). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 1 წრე (4)
12(20). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 3 წრე (2)
13(19). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 3 წრე (2)
14(12). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 20 წრე
15(10). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 30 წრე
16(13). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) 48 წრე
17(14). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 51 წრე
18(12). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 51 წრე
19(18). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 51 წრე
20(16). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) 52 წრე
საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 194 (5 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 177 (3); 3. სებასტიან ფეტელი - 135 (1); 4. ვალტერი ბოტასი - 77; 5. კიმი რაიკონენი - 76; 6. ფელიპე მასა - 74; 7. დანიელ რიკარდო - 36; 8. დანიილ კვიატი - 27; 9. ნიკო ჰიულკენბერგი - 24; 10. რომენ გროსჟანი - 17; 11. ფელიპე ნასრი - 16; 12. სერხიო პერესი - 15; 13. პასტორ მალდონადო - 12; 14. მაქს ფერსტაპენი - 10; 15. კარლოს საინსი - 9; 16. მარკუს ერიქსონი - 5; 17. ჯენსონ ბატონი - 4; 18. ფერნანდო ალონსო - 1.
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 371; 2. ფერარი - 211; 3. უილიამსი - 151; 4. რედ ბული - 63; 5. ფორს ინდია - 39; 6. ლოტუსი - 29; 7. ზაუბერი - 21; 8. ტორო როსო - 19; 9. მაკლარენი - 5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"