ფორმულა 1: პირველი მსხვერპლი სენას შემდეგ

AutoSharing Option
შაბათს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გარდაიცვალა ფორმულა 1-ის პილოტი ჟიულ ბიანკი.

"მარუსიას" ყოფილი წევრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა გასულ წელს, იაპონიის გრან-პრის დროს მიღებული ტრავმები. ფრანგი ტრასიდან გადავარდა და შეეჯახა ევაკუატორს, რომელსაც "ზაუბერის" პილოტის, ადრიან სუტილის მანქანა გადაჰყავდა. თავის არეში მიღებული ტრავმის შემდეგ ბიანკი ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში მიიყვანეს და იქ ოპერაცია ჩაუტარდა. ნოემბერში ჟიული ქალაქ ნიცას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

"როგორც ყოველთვის, ჟიული ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ დღეს მისი ბრძოლა დასასრულს მიუახლოვდა", - წერია პილოტის ოჯახის განცხადებაში.

ფორმულა 1-ის სამყარო სრული
შემადგენლობით გამოეხმაურა ტრაგედიას. "სამეფო რბოლების" მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს.

"სამწუხარო იყო ახალი ამბავი ჟიულის შესახებ. ძალიან დაგვაკლდება ნიჭიერი პილოტი და შესანიშნავი ადამიანი. ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ მსგავსი რამ ჩვენს სერიაში", - ამბობს ექლსტოუნი.

"დიდი მღელვარებით შევიტყვე ჟიულ ბიანკის სიკვდილის ამბავი. მისი სახით ფრანგულმა სპორტმა ერთ-ერთი დიდი იმედი დაკარგა", - ეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის სიტყვებია.

ბიანკი ფორმულა 1-ის პირველი მსხვერპლია 21 წლის წინ დაღუპული აირტონ სენას შემდეგ. მან ორი სეზონი (2013 და 2014) გაატარა ფორმულა 1-ში, სულ "მარუსიას" ბოლიდით 34 რბოლა ჩაატარა და ერთი ქულა მოიპოვა.

ჟიულ ბიანკი 1989 წლის 3 აგვისტოს ნიცაში, ავტომრბოლელების ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა მაურო ბიანკი ბელგიელი პილოტი იყო, რომელიც დაბალ სერიებში გამოდიოდა და სამჯერ გახდა ჩემპიონი GT-ის კლასში.

მაუროს ძმამ - ლუსიენმა 19 რბოლა ჩაატარა ფორმულა 1-ში და ექვსი ქულა მოიპოვა. 1968 წელს, მან მოიგო ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რბოლა, ერთი წლის შემდეგ კი ამავე რბოლის ტესტებისას დაიღუპა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული