ფორმულა 1: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-15 ეტაპის - რუსეთის გრან-პრის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი შემოგვთავაზა...

კვალიფიკაცია
- ნიკო როსბერგმა კარიერაში მე-18 პოული მოიპოვა, რითაც გაუთანაბრდა მარიო ანდრეტისა და რენე არნუს, რომლებიც საერთო რეიტინგში მე-14 ადგილზე არიან.

- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 86-ედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან. ამით ის ალენ პროსტს ამოუდგა გვერდით და მასთან მესამე ადგილს იყოფს საერთო სიაში. ამ დუეტის წინ არიან აირტონ სენა (87 სტარტი პირველი რიგიდან) და მიხაელ შუმახერი (116).

- ზედიზედ ორ რბოლაში -
იაპონიას და სოჭში, სასტარტო ბილიკის პირველი ხაზი ერთნაირი იყო: როსბერგი - ჰემილტონი - ბოტასი - ფეტელი. ეს მოხდა პირველად 2011 წლის შემდეგ, როცა ავსტრალიისა და მალაიზიის ეტაპებზე დაემთხვა პირველი ხუთი სასტარტო ადგილი (ფეტელი - ჰემილტონი - უებერი - ბატონი - ალონსო).

რბოლა
- სოჭში რბოლის მოგების შემდეგ, ლუის ჰემილტონი გაუთანაბრდა სებასტიან ფეტელს მოგებების რაოდენობით (42). ისინი საერთო რეიტინგში მესამე ადგილს იყოფენ და ჩამორჩებიან ალენ პროსტსა (51) და მიხაელ შუმახერს (91).

- ზედიზედ მეორე წელია, "მერსედესმა" სოჭის ტრასაზე მოიპოვა ვადაზე ადრე კონსტრუქტორთა თასი. ამ გუნდის პილოტებს რუსეთის ორივე გრან-პრიზე მთელი დისტანციის განმავლობაში არ გაუშვიათ ხელიდან ლიდერობა.

- სოჭში მეორე ადგილზე გასვლით, სებასტიან ფეტელმა 350-ე პოდიუმი მოიპოვა გერმანელი პილოტებისთვის, გარდა ამისა, კარიერაში 25-ე უსწრაფესი წრე დააფიქსირა, რითაც გაუთანაბრდა საერთო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფ მიკა ჰაკინენს. ამ სეზონში "ფერარიმ" მესამედ გაიარა საუკეთესო წრე - იტალიურ გუნდს ასეთი რამ 2011 წლის შემდეგ არ გაუკეთებია.

- ბოლო შვიდ რბოლაში მეექვსედ პირველ სამეულში მოხვედრის წყალობით, სებასტიან ფეტელი მეორე ადგილზე გადავიდა გენერალურ კლასიფიკაციაში. მან გაუსწრო ნიკო როსბერგს, რომელიც, ამავე პერიოდში, მხოლოდ სამჯერ ავიდა პოდიუმზე და ორჯერ ჩამოცილდა დისტანციას მანქანის ტექნიკური პრობლემის გამო.

- სერხიო პერესი კარიერაში მეხუთედ ავიდა პოდიუმზე, რომელიც მხოლოდ მესამე იყო "ფორს ინდიას" ისტორიაში - ბელგიისა (2009) და ბაჰრეინის (2014) ეტაპების შემდეგ.

- რუსეთის გრან-პრი 50-ე სტარტი იყო კიმი რაიკონენისთვის მისი ბოლო გამარჯვების შემდეგ, რომელიც მან 2013 წელს, ავსტრალიაში მოიპოვა.

- ჯენსონ ბატონმა 280-ე სტარტი აიღო ფორმულა 1-ში. ბოლო 110 რბოლა მან "მაკლარენში" გაატარა. ამდენივე რბოლა ჰქონდა ამ გუნდში ჰემილტონს. "მაკლარენის" მეორე პილოტმა ფერნანდო ალონსომ 250-ე გრან-პრი ჩაატარა კარიერაში.

- სოჭში "მაკლარენმა" გაიმეორა თავის ისტორიაში ყველაზე გრძელი მოუგებელი სერია (53 რბოლა), რომელიც ჰქონდა არგენტინის 1978 წლის ეტაპიდან და საფრანგეთის 1981 წლის ეტაპამდე.

- ნიკო როსბერგს ზედიზედ შვიდი რბოლაა არ მოუგია, რითაც გაიმეორა შარშანდელი სერია უნგრეთის გრან-პრიდან აშშ-ის გრან-პრიმდე.

- რუსეთის გრან-პრის საბოლოო ოქმში, პირველ ათეულში ცხრა სხვადასხვა გუნდის პილოტი მოხვდა. ბოლოს, ასეთი რამ 2012 წელს მალაიზიის გრან-პრიზე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული