ფორმულა 1: "ფერარი" უკვე მომდევნო სეზონშია

AutoSharing Option
"ფერარის" ხელმძღვანელმა მაურიციო არივაბენემ განაცხადა იმის შესახებ, რომ გუნდს არ აქვს ილუზია მიმდინარე ჩემპიონატთან დაკავშირებით, ამიტომაც, "სკუდერიას" დიდი ნაწილი უკვე მუშაობს მომავალი სეზონის პროექტზე.

"გუნდის დიდი ნაწილი გადართულია 2016 წლის მანქანაზე. და კიდევ არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც 2017 წლის ბოლიდზე მუშაობს. ასე რომ, კარგად ვარ ორიენტირებული მომავალზე. მათემატიკა ამბობს, რომ ფეტელს ჯერ ისევ აქვს ჩემპიონობის შანსი, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ არის", - მოჰყავს არივაბანეს სიტყვები Inautosport-ს.

ჭორების თანახმად, "ფერარი" უკვე იმდენად არის კონცენტრირებული შემდეგ სეზონზე, რომ
მომდევნო ეტაპზე - აშშ-ის გრან-პრიზე, შესაძლოა, ძრავების შეცვლის ლიმიტიც კი დაარღვიოს და გამოსცადოს განახლებული ძალისმიერი აგრეგატი. კითხვაზე - ასეა თუ არა ეს, არივაბენემ განაცხადა: "ამის შესახებ ოსტინში გაიგებთ".

გაისად დიდი ბრძოლა იქნება
"მერსედესის" ხელმძღვანელს ტოტო ვოლფს მიაჩნია, რომ მისი გუნდის პილოტის ლუის ჰემილტონისა და "ფერარის" წევრის სებასტიან ფეტელის დაპირისპირება, შესაძლოა, ერთ-ერთი უდიადესი გახდეს ფორმულა 1-ის ისტორიაში. სოჭში ფეტელი მეორე ადგილზე გადავიდა გენერალურ კლასიფიკაციაში, როცა ჰემილტონის თანაგუნდელს ნიკო როსბერგს გაუსწრო.

"ორივეს ძალიან სწრაფი ბოლიდი ჰყავს და ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი უდიდესი დაპირისპირება სპორტში სხვადასხვა გუნდებისთვის. ლუისს აგრეთვე აქვს მეტოქეობა გუნდის შიგნით, რაც ასევე კარგია.

"ფერარის" კონკურენტუნარიანობა - ძალიან კარგია სპორტისთვის. ეს აამაღლებს ჩვენს მოტივაციას, რადგან ეს არის გუნდი, რომელსაც უნდა ბრძოლა. ველოდებით, რომ ისინი ძალიან ძლიერები იქნებიან მომავალ წელს. მათ აჩვენეს უფრო მაღალი სიჩქარე, ვიდრე ელოდნენ და რბოლის ბოლოს თავად ნახეთ, რომ სებასტიანს კარგი ტემპი ჰქონდა.

"ფერარიში" ძალიან კარგი ჯგუფი მუშაობს, აქვთ კარგი ბოლიდი და მოუთმენლად ველოდებით დიდ ბრძოლას მომდევნო წელს", - განაცხადა ვოლფმა Motorsport-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული