ფორმულა 1: 21 ეტაპი არ შეიძლება

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, ამა წლის სექტემბერის ბოლოს, პარიზში გაიმართა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს სხდომა, რომელზეც დაამტკიცეს 2016 წლის ჩემპიონატის კალენდარი. დამდეგი სეზონი ყველაზე გრძელი უნდა იყოს ამ საავტომობილო სერიის ისტორიაში, კერძოდ, დაგეგმილია 21 ეტაპის ჩატარება. მაგრამ, კალენდარში, შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს.

საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა მომავალი სეზონის სპორტული რეგლამენტის განახლებული ვერსია, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს 21 გრან-პრის ჩატარებას. პარაგრაფი 5.4 შემდეგნაირად ჟღერს: "ეტაპების მაქსიმალური რიცხვია - 20, მინიმალური - რვა".

წლევანდელ სეზონთან შედარებით, 2016 წელს ორით მეტი ეტაპი უნდა გაიმართოს: კალენდარში დაბრუნდება გერმანიის
გრან-პრი, ხოლო ბაქო პირველად უმასპინძლებს ევროპის გრან-პრის. მაგრამ, ახლა, მსოფლიო საბჭოს მიერ დამტკიცებული კალენდარი წინააღმდეგობაში მოდის სპორტულ რეგლამენტთან.

უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოესი ორთვენახევრის განმავლობაში, 2016 წლის კალენდარში შეიძლება კორექტივები შეიტანონ. სპორტული რეგლამენტის 5.5 პარაგრაფის მიხედვით, მისი საბოლოო ვერსია პირველ იანვრამდე უნდა გამოქვეყნდეს.

გამოსავალი "რედ ბულისთვის"?
იმისთვის, რომ 2016 წლის სეზონში ფორმულა 1-მა ავსტრიული საჯინიბო "რედ ბული" შეინარჩუნოს, "დიდი ცირკის" მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მზად არის, ამ გუნდს 2013 წლის V8 ატმოსფერული ძრავების გამოყენების ნება დართოს, - წერს გერმანული Auto Motor und Sport.

ამ ნაბიჯით მოხდება ის, რომ "რედ ბულისა" და "ტორო როსოს" ბოლიდებზე ძალისმიერი აგრეგატების სიმძლავრე გათანაბრებული იქნება თანამედროვე ტურბირებული V6 ძრავების სიმძლავრესთან.

წყაროს ცნობით, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი მზად არის მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული