ფორმულა 1. რუსეთის გრანპრი: როსბერგი ისევ პირველია. ზედიზედ მეშვიდედ

AutoSharing Option
"მერსედესის" გერმანელმა პილოტმა ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიჭრა წინ გენერალურ კლასიფიკაციაში.

კვირას გამართულ რუსეთის გრანპრიზე სხვა საინტერესო ამბებიც მოხდა: პირველი ქულები აიღო "რენომ", საუკეთესო ფინიში ჰქონდა "უილიამსს" და სენსაციური იყო "მაკლარენის" ტოპ-ექვსეულში მოხვედრა...

"რედ ბულსა" და "ფერარის" მეორე პაემანი ჰქონდათ
კვალიფიკაციისას ისევ განმეორდა ორი კვირის წინანდელი სცენარი. ჩინეთის გრანპრიზე ლუის ჰემილტონმა ვერ შეძლო პოულისთვის ბრძოლა, რადგან ძრავმამ მის მანქანაზე სიმძლავრე დაკარგა. "მერსედესმა" გამოძიება ჩაატარა, რამდენიმე დეტალი შეცვალა, მაგრამ სოჭში სიტუაცია განმეორდა - ოღონდ არა პირველ
საკვალიფიკაციო სესიაში, არამედ მეორეში.

საბოლოოდ, ნიკო როსბერგმა დამაჯერებლად მოიგო პოული, ჰემილტონი კი ბოლო საკვალიფიკაციო სესიაზე ტრასაზე არ გასულა და რბოლა მეათე პოზიციიდან დაიწყო.

კვალიფიკაციაში მეორე დროის მფლობელმა სებასტიან ფეტელმა ხუთი პოზიცია დაკარგა გადაცემათა კოლოფი შეცვლის გამო, ამიტომაც, პირველი რიგიდან რბოლას იწყებდნენ როსბერგი და ვალტერი ბოტასი, მეორედან - კიმი რაიკონენი და ფელიპე მასა, მესამედან - დანიელ რიკარდო და სერხიო პერესი...

სტარტი საკმაოდ არეული გამოვიდა. ისევე, როგორც ორი კვირის წინ, დანიილ კვიატი სებასტიან ფეტელს დაეჯახა - ჯერ მეორე და შემდეგ მესამე მოსახვევში, რის გამოც გერმანელმა რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო, რუსი კი პელოტონის ბოლოში აღმოჩნდა, ცოტა ხანში კი ამ ინციდენტის გამო 10-წამიანი ჯარიმითაც დასაჯეს.

პირველ მეტრებზე როსბერგმა შეინარჩუნა ლიდერობა, რაიკონენმა ბოტასს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა.

კვიატისა და ფეტელის შეჯახების გამო, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ამ მომენტისთვის, ლიდერთა ჯგუფი ასე გამოიყურებოდა: როსბერგი, რაიკონენი, ბოტასი, მასა, ჰემილტონი, ფერსტაპენი, ალონსო...

რბოლის წინ, "მერსედესის" შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ მის გუნდს კონკურენტებზე დიდი უპირატესობა გააჩნია. და მართლაც, უკვე მეექვსე წრისთვის როსბერგის უპირატესობა ბოტასზე 2.8 წამს შეადგენდა.

ამასობაში, ჰემილტონი აგრძელებდა პოზიციების მოგებას: ბრიტანელმა ჯერ რაიკონენს წაართვა მესამე ადგილი, შემდეგი კი ბოტასს ავიწროებდა.

ნიკო როსბერგმა მე-12 წრისთვის 7.8 წამამდე გაზარდა უპირატესობა ვალტერისთან, მისი თანაგუნდელი ჰემილტონი კი ვერ ახერხებდა ფინელის გასწრებას. ლუისი მეორე ადგილზე პიტსტოპის შემდეგ გადავიდა, როცა მე-19 წრეზე მეორე მოსახვევში გაუსწრო "უილიამსის" წევრს.

25 წრის შემდეგ, როცა ყველა პილოტს ჰქონდა შესრულებული პიტსტოპი, პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: როსბერგი, ჰემილტონი, რაიკონენი, ბოტასი, მასა, პერესი, ფერსტაპენი, ალონსო, ერიქსონი, რიკარდო.

ჰემილტონის ჩამორჩენა როსბერგთან 12.9 წამს შეადგენდა - "მერსედესის" წევრები თითქმის იდენტურ წრეებს გადიოდნენ. თუმცა 32-ე წრისთვის ნიკო იძულებული გახდა წრეზე ჩამორჩენილებისთვის გაესწრო, რის გამოც ჰემილტონმა ლიდერთან სხვაობა 8.4 წამამდე შეამცირა.

თითქოს მსოფლიოს ჩემპიონს ეტაპის მოგების შანსი გაუჩნდა, მაგრამ ბრიტანელისთვის ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა 37-ე წრეზე სარბოლო ინჟინერმა აცნობა, რომ პრობლემა შეიქმნა ჰიდრავლიკასთან დაკავშირებით. ამის გამო, ჰემილტონი სწრაფად შორდებოდა როსბერგს. თავის მხრივ, გერმანელმა არა მხოლოდ საუკეთესო წრე დააფიქსირა, არამედ სოჭის ტრასის რეკორდიც დაამყარა - 1.40,386.

როსბერგმა კარიერაში პირველად შეასრულა "დიდი სლემი" - აიღო პოული, მოიგო რბოლა და საუკეთესო წრე ჩაიწერა აქტივში. მეორე ადგილზე გავიდა ჰემილტონი, რითაც "მერსედესმა" დუბლი შეასრულა, პოდიუმის მესამე საფეხურზე კი რაიკონენი აღმოჩნდა.

ვალტერი ბოტასი და ფელიპე მასა პირველ ხუთეულში შევიდნენ და "უილიამსისთვის", ჯერჯერობით, ეს საუკეთესო შედეგია სეზონში. ძალიან კარგად გამოვიდნენ ფერნანდო ალონსო და კევინ მაგნუსენი - მეექვსე და მეშვიდე ადგილი. "რენოსთვის" ეს პირველი ქულებია ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ. პირველად ვერ მოხდა ქულათა ზონაში "რედ ბული".

ოთხი ეტაპის შემდეგ, ნიკო როსბერგს მაქსიმალური - 100 ქულა აქვს და უკვე 43 ქულით უსწრებს ლუის ჰემილტონს. მესამე ადგილზეა რაიკონენი, რომელიც ბრიტანელთან ექვს ქულას აგებს. რიკარდო და ფეტელი მეოთხე და მეხუთე ადგილებამდე ჩამოქვეითდნენ. რაც შეეხება კონსტრუქტორთა თასს, აქ "მერსედესს" უკვე ორჯერ მეტი ქულა აქვს მოპოვებული, ვიდრე "ფერარის" - 157 76-ის წინააღმდეგ.

რუსეთის გრანპრი (53 წრე, 309.745 კმ)
1(1). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes 1:32.41,997 25
2(10). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes +25,022 18
3(3). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +31,998 15
4(2). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams +50,217 12
5(4). ფელიპე მასა (ბრა) Williams +1.14,427 10
6(14). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren 1 წრე 8
7(17). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 1 წრე 6
8(15). რომენ გროსჟანი (საფ) Haas 1 წრე 4
9(6). სერხიო პერესი (მექ) Force India 1 წრე 2
10(12). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 1 წრე 1

11(5). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull 1 წრე
12(11). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso 1 წრე
13(18). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 1 წრე
14(22). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 1 წრე
15(8). დანიილ კვიატი (რუს) Red Bull 1 წრე
16(19). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე
17(16). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე
18(20). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 2 წრე
ფინიშზე ვერ მივიდნენ
19(9). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Toro Rosso 33 წრე
20(7). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari 0 წრე

21(13). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India 0 წრე
22(21). რიო ჰარიანტო (ინდოენეზ) Manor 0 წრე

საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 100 (4)
2. ლუის ჰემილტონი 57
3. კიმი რაიკონენი 43
4. დანიელ რიკარდო 36
5. სებასტიან ფეტელი 33
6. ფელიპე მასა 32
7. რომენ გროსჟანი 22
8. დანიილ კვიატი 21
9. ვალტერი ბოტასი 19

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 157
2. ფერარი 76
3. რედ ბული 57
4. უილიამსი 51
5. ჰაასი 22
6. ტორო როსო 17
7. მაკლარენი 10
8. ფორს ინდია 8
9. რენო 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული