ფორმულა 1. რუსეთის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- სოჭში კვალიფიკაციის მოგებით, ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეორე პოული აიღო და კარიერაში 24-ედ დაიკავა პირველი ადგილი სასტარტო ბილიკზე. ამ მაჩვენებლით ის ნიკი ლაუდასა და ნელსონ პიკეს გაუთანაბრდა. როსბერგის პოული 140-ე იყო "მერსედესის" ძრავებისთვის ისტორიაში.

- "მერსედესი" პოულების რაოდენობით გაუთანაბრდა "რედ ბულს" (57). ეს გუნდები საერთო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებენ.

რბოლა
- ნიკო როსბერგმა კარიერაში პირველად მოიპოვა "დიდი სლემი" - პოულიდან აიღო სტარტი, ლიდერობდა სტარტიდან ფინიშამდე,
აჩვენა წრეზე საუკეთესო დრო და მოიგო რბოლა. ნიკო ფორმულა 1-ის ისტორიაში "დიდი სლემის" რიგით 24-ე მფლობელი გახდა. ყველაზე მეტი "დიდი სლემი" ჯიმ კლარკს აქვს - რვა, მოქმედი პილოტებიდან კი სებასტიან ფეტელი ლიდერობს - ოთხი.

- როსბერგმა კარიერაში მე-18 რბოლა მოიგო. მან ზედიზედ მეშვიდედ გაიმარჯვა, რითაც ალბერტო ასკარისა (ბელგია'52 - არგენტინა'53) და მიხაელ შუმახერის (ევროპა'04 - უნგრეთი'04) სერია გაიმეორა. რეკორდი ეკუთვნის ფეტელს - ზედიზედ ცხრა მოგება (ბელგია'13 - ბრაზილია'13).

- როსბერგმა სეზონის სტარტზე ზედიზედ ოთხი რბოლა მოიგო. ასეთი რამ ადრე აირტონ სენამ (1991), ნაიჯელ მენსელმა (1992, მოიგო ხუთი რბოლა) და მიხაელ შუმახერმა (1994, 2004 - მოიგო ხუთი რბოლა) შეძლეს და შემდეგ, ისინი ჩემპიონები ხდებოდნენ. სეზონის სტარტზე ხუთზე მეტი რბოლა მიჯრით არავის მოუგია.

- ლუის ჰემილტონი კარიერაში 90-ედ ავიდა პოდიუმზე. როსბერგს ორჯერ ნაკლები პოდიუმი აქვს - 45. ჰემილტონი მეოთხედ მოხვდა პირველ სამეულში, როცა მეათე ან უფრო დაბალი ადგილიდან იღებდა სტარტს.

- ჰემილტონმა და როსბერგმა 25-ე დუბლი შეასრულეს. ეს ახალი რეკორდია. წინა რეკორდი - 24 დუბლი "ფერარის" პილოტებს მიხაელ შუმახერსა და რუბენს ბარიკელოს ეკუთვნოდათ.

- კიმი რაიკონენის მესამე ადგილმა "ფერარის" მე-700 პოდიუმი მოუპოვა გუნდის ისტორიაში.

- ბოლო 30 გრანპრიში მხოლოდ სამი პილოტი მიდიოდა იმარჯვებდა - ჰემილტონი, როსბერგი და ფეტელი.

- რუსეთის გრანპრი მესამედ გაიმართა და სამივე რბოლაში მხოლოდ "მერსედესის" პილოტები ლიდერობდნენ - 159 წრე.

- "მერსედესის" გარდა, წელს ყველა ეტაპზე ორივე მანქანით ქულებს მხოლოდ "უილიამსი" იღებდა.

- "მაკლარენმა" წელს პირველად მოიპოვა ქულები ორივე მანქანით. ეს არის პირველი ქულები წელს მსოფლიოს ჩემპიონებისთვის - ფერნანდო ალონსოსთვის და ჯენსონ ბატონისთვის.

- ალონსომ კარიერაში 180-ე რბოლაში მოიპოვა ქულები. ესპანული მხოლოდ მიხაელ შუმახერს ჩამორჩება, რომელსაც 221 შედეგიანი რბოლა ჰქონდა.

- "ფორს ინდიას" წევრებმა - სერხიო პერესმა და ნიკო ჰიულკენბერგმა კარიერაში მე-100 გრანპრი ჩაატარეს.

"რედ ბული" რუსს მოიშორებს
ფორმულა 1-ის რუსი პილოტი დანიილ კვიატი, რომელიც "რედ ბულის" რიგებში გამოდის, დატოვებს ავსტრიულ საჯინიბოს სეზონის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ დაწერა ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და მიმომხილველმა ჯეიმს ალენმა.

"სეზონის ბოლოს, "რედ ბული" საპრიზო პილოტის სტატუსს მისცემს მაქს ფერსტაპენს და სავარაუდოდ, ის კვიატის ადგილს დაიკავებს. ეს ამ სეზონის დასაწყისში გახდა ცხადი. წყაროები ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ფერსტაპენი უფრო მაღალი დონის პილოტია, ვიდრე კვიატი", - განაცხადა ალენმა.

გასულ უქმეებზე, რუსეთის გრანპრის დროს, კვიატმა ტრასაზე მოაწყო ავარია, რის გამოც ბრძოლას გამოეთიშა "ფერარის" გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი. რუსმა გაუმართლებელი მანევრის გამო დიდი კრიტიკა დაიმსახურა და ბოდიშის მოხდა მოუწია.

მიმდინარე სეზონში, 22 წლის კვიატი ერთხელ ავიდა პოდიუმზე - ჩინეთის გრანრპიზე დაიკავა მესამე ადგილი. ის 21 ქულით მერვე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში.

18 წლის ფერსტაპენი "ტორო როსოში" გამოდის. მისი საუკეთესო შედეგი ამ სეზონში - მეექვსე ადგილია ბაჰრენის გრანპრიზე. ჰოლანდიელი საერთო ჩათვლაში მეათე ადგილზეა 13 ქულით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული