საინტერესოა, როგორ იხსენებდა დღეს თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი გერმანელი გასული წლების მოვლენებსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ბიძგი მისცეს მის ბრწყინვალე კარიერას.
"სადებიუტო რბოლა ჩემთვის სტარტიდან 500 მეტრის შემდეგ დასრულდა, რადგან მწყობრიდან გამოვიდა გადაცემათა კოლოფი. ვფიქრობ, ამის თავიდან აცილება იოლად შეიძლებოდა, მაგრამ გუნდის შეფმა (ედი ჯორდანი) არ მოისურვა ზედმეტი ფულის დახარჯვა დაზიანებული დეტალის შესაცვლელად, არადა, პრობლემები უკვე კვირას დილით გახურებისას
მაგრამ ასეთი წარუმატებელი რბოლის მიუხედავად, "სპაზე" შუმახერის გამოსვლა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. საქმე ისაა, რომ დებიუტანტმა კვალიფიკაციაში მეშვიდე დრო აჩვენა და 0.7 წამით გაუსწრო "ჯორდანში" თავის გამოცდილ თანაგუნდელს ანდრეა დე ჩეზარისს. ამასთან, უნდა დავამატოთ, რომ მანამდე მიხაელს არასოდეს ჰქონია ბელგიის ურთულეს ტრასაზე ასპარეზობის საშუალება.
"ალბათ, გუნდში გადაწყვიტეს, რომ ძველი გადაცემათა კოლოფი გაუძლებდა დატვირთვას. შესაძლოა, ისინი ადრეც ასე იქცეოდნენ, ან უბრალოდ ჩათვალეს, რომ ვერ მივხვდებოდი, რაში იყო საქმე. დე ჩეზარისი რბოლის მსვლელობისას მეორე ადგილამდეც კი ავიდა, თუმცა ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე გამოეთიშა რბოლას. წრეზე ჩემი დრო თითქმის წამით უკეთესი იყო, ვიდრე დე ჩეზარისისა, ასე რომ, ნებისმიერს შეუძლია გამოთვალოს, რა შედეგის მიღწევა შემეძლო კარიერაში პირველივე რბოლის დრო. შესაბამისად, გრანპრის შედეგმა ძალიან დამწყვიტა გული".
იმ პერიოდში ედი ჯორდანის გუნდი (რომელსაც 1991 წელს ასევე დებიუტი ჰქონდა ფორმულა 1-ში) რთულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ძრავების მიმწოდებელმა კომპანია "კოსუორტმა" ვალების დაფარვა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძრავების მომარაგების შეწყვეტით დაიმუქრა. რაღაც პერიოდი ძრავებით დატვირთული სატვირთო მანქანები მართლაც შეჩერებული იყო და მართალია, საბოლოოდ სიტუაცია მოგვარდა (პირველ რიგში, იმ 500 ათასი დოლარის წყალობით, რომელიც მიხაელის გამოსვლისთვის კომპანია "მერსედესმა" გადაიხადა), თავად პილოტი (მომავალი მილიარდერი და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი) მთელი უქმეების განმავლობაში იძულებული იყო ახალგაზრდულ ტურისტულ ბაზაზე მექანიკოსებთან ერთ ოთახში ყოველგვარი კომფორტის გარეშე ეცხოვრა.
მაგრამ იმ ხანებში გერმანელს ეს ნაკლებად ადარდებდა. "მე სწრაფად გავაცნობიერე, რომ პადოკის ყველა ბინადარი - ჩვეულებრივი ადამიანია. სენა, პროსტი, მენსელი - ეს პილოტები მიუწვდომელნი მეჩვენებოდნენ და უცებ ისინი ჩემს გვერდით აღმოჩდნენ. და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ შემიძლია მათთან კონკურენცია. ამან მაშინვე მომიტანა თავდაჯერებულობა საკუთარ შესაძლებლობებში. სწორედ ეს იყო უქმეების მთავარი შედეგი. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი".
როგორც ცნობილია, მიხაელი "ჯორდანში" მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გუნდის საპრიზო პილოტი ბერტრან გაშო ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეში მოხვდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბელგიელმა ავტომრბოლმა გადაამეტა თავდაცვის ზომებს, როცა ბალონიდან აირი შეასხა სახეში ტაქსის მძღოლს. თავდაპირველად, ედი ჯორდანი გაშოს ნაცვლად გამოცდილი სტეფან იოჰანსონის მიწვევას აპირებდა.
ამ დროს ირლანდიელს მენეჯერმა ვილი ვებერმა დაურეკა და ჯორდანმა პირველ რიგში ეს იკითხა: "შუმახერი ვინღაა?" მაგრამ, როცა საქმეში ჩაერია "მერსედესის" ახალგაზრდული პროგრამის წარმომადგენელი იოჰენ ნეერპაში და სასპონსორო თანხის ოდენობა დაასახელა, ჯორდანი დათანხმდა მიხაელისთვის შანსის მიცემას. ბელგიის გრანპრის წინ პირველი სატესტო პროგრამა ბრიტანულ "სილვერსტოუნზე" ჩატარდა.
"მახსოვს, პირველი რამდენიმე წრე ძალიან ნელა გავიარე - მანქანას უნდა შევგუებოდი, გამეხურებინა საბურავები, შემემეწმებინა, ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა. შემდეგ ცოტა ხნით მექანიკოსებთან დავბრუნდი და ისევ ტრასაზე გავედი. როცა ასი პროცენტით მივიღე მანქანის გამოყენების საშუალება, უცებ მივხვდი, რომ შემეშინდა.
მანამდე უამრავი მანქანის საჭესთან ვმჯდარვარ, მაგრამ არც ერთი ასეთი სწრაფი, ექსტრემალური და აგრესიული არ ყოფილა. ამ შიშმა ერთ აზრამდე მიმიყვანა - იქნებ მზად არ ვარ ფორმულა 1-სთვის?"
საბედნიეროდ, მსოფლიოს მომავალი ჩემპიონის ყოყმანი დიდი ხანი არ გაგრძელებულა: "წრე გავიარე, შემდეგ კიდევ ერთი - და ოდნავ ამოვისუნთქე. შემდეგ შიში საერთოდ დამავიწყდა და სავსებით კომფორტულად ვიგრძენი თავი". თავად ედი ჯორდანი ტესტებს არ ესწრებოდა - თავის თანაშემწეებს ენდო. ისინი კი გაოცებით აკვირდებოდნენ, რომ მიხაელი ყოველ მომდევნო წრეზე ზრდიდა ტემპს. გერმანელი სასწრაფოდ ბოქსებში იხმეს - ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არ იყო მანქანის დამტვრევის აუცილებლობა, არადა, შუმახერის ტემპიდან გამომდინარე, ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდიოდა.
დღის შედეგების მიხედვით შუმახერმა წამით უკეთესი დრო აჩვენა, ვიდრე "ჯორდანის" პილოტებმა ბრიტანეთის გრანპრის მსვლელობისას. "ამის შემდეგ მივხვდი, რომ კარგი შედეგის მიღწევა შემეძლო, თუმცა ვერც იმას ვაცნობიერებდი, საბოლოოდ რა გამოვიდოდა ამ ყველაფრიდან". იმ მომენტისთვის გერმანელთან კონტრაქტი გაფორმებული არ იყო.
"დამიკერეს და მითხრეს, რომ ბელგიაში უნდა გავმგზავრებულიყავი, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ იყო. მხოლოდ ხუთშაბათს საღამოს გაირკვა, რომ მომდევნო დღეს, დილით საჭეს მივუჯდებოდი და მთელს უქმეებს "ჯორდანის" რიგებში გავატარებდი. ეს იყო ჩემი ბილეთი ფორმულა 1-ში".
* * *
გავიდა ზუსტად ერთი წელი და იქვე, "სპაზე" მიხაელი შუმახერი ახალ დონეზე აღმოჩნდა - 1992 წლის 30 აგვისტოს მან თავისი პირველი რბოლა მოიგო ფორმულა 1-ში. ის ეტაპი ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ახალგაზრდა სპორტსმენისთვის "ბენეტონის" ბოლიდით დაემარცხებინა აირტონ სენა და ნაიჯელ მენსელი.
"იმ მომენტში ეს მოვლენა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს კარიერაში, რადგან მანქანა არ იძლეოდა გამარჯვების შანსს, მაგრამ ამინდი დამეხმარა - მოულოდნელად პირველ პოზიციაზე აღმოვჩნდი და ფინიშამდე შევინარჩუნე ლიდერობა. იმ დღეს ასრულდა ჩემი ოცნება".
გავიდა კიდევ სამი წელი - და შუმახერმა ისევ გაიბრწყინა "სპაზე". მეორე საჩემპიონო ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან ასევე წვიმაში დაამარცხა დეიმონ ჰილი და ისევ ავიდა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე, არადა, სტარტი მე-16 პოზიციიდან აიღო.
მაგრამ მიხაელი ბელგიაში ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა. საკმარისია გავიხსენოთ 1998 წელი, როცა თავსხმა წვიმაში ის "ფერარის" ბოლიდით ლიდერობდა, მაგრამ წრეზე ჩამორჩენილ დევიდ კულტჰარდს შეეჯახა, რომელიც შუმის მთავარი კონკურენტის - მიკა ჰაკინენის თანაგუნდელი იყო. ინციდენტის დროს შოტლანდიელმა აქსელერატორის სატერფულს ფეხი აუშვა და შუმახერი მას უკნიდან დაეჯახა.
"ისე კარგად მახსოვს ყველაფერი, თითქოს ეს გუშინ მოხდა. როგორც წესი, წვიმიან რბოლაში წყლის შხეფების გამო წინ რაიმეს გარჩევა თითქმის შეუძლებელია. და თუ წინ მიმავალი პილოტი ოდნავ აგდებს სიჩქარეს, ამას ისეთივე ეფექტი აქვს, თითქოს მან მკვეთრად დაამუხრუჭა. შეუძლებელია ამის დაფიქსირება: ჯერ არის წყლის შხეფები და უცებ კონტრაქტის გამო თქვენს მანქანას აღარ აქვს წინა საბურავი".
ორივე პილოტმა გაჭირვებით მიიყვანა დამტვრეული მანქანა ბოქსებში, რის შემდეგაც განრისხებული შუმახერი "მაკლარენის" ბოქსებისკენ გაიწია, სადაც მექანიკოსებმა ჩაუშალეს ხელი ჩანაფიქრის ასრულებაში. "შენ ჩემი მოკვლა გინდოდა", - დაუყვირა მიხაელმა თავის პრინციპულ მოწინააღმდეგეს. როგორც თავად კულტჰარდი იხსენებს, იმ მომენტში ჯერ კიდევ ჩაფხუტი ეხურა და ამიტომაც პასუხი ვერ გასცა გერმანელს. მოგვიანებით, შოტლანდიელმა აღიარა დანაშაული.
"ის მიკა ჰაკინენის თანაგუნდელი იყო, რომელთანაც მაშინ ტიტულისთვის ვიბრძოდი. ამიტომაც გარკვეული დასკვნები თავად ამოტივტივდა გონებაში. გარდა ამისა, ავარიის შემდეგ განრისხებული ვიყავი იმის გამო, თუ როგორ დაუშვა ასეთმა გამოცდილმა პილოტმა მსგავსი უპატიებელი შეცდომა. ამით აიხსნება ჩემი მოქმედება".
გავიდა კიდევ ორი წელი და ბედმა ისევ შეახვედრა შუმახერი "სპაზე" "მაკლარენის" პილოტს. ამჯერად გერმანელი მიკა ჰაკინენს ებრძოდა. ის ლიდერობდა, მაგრამ რბოლის ფინალურ ნაწილში "ფერარი" ისეთი სწრაფი ვერ იყო, როგორც ფინელის "მაკლარენი". და როცა Kemmel-ის სწორი მონაკვეთის ბოლოში პილოტების წინ წრეზე ჩამორჩენილი რიკარდო ზონტა გამოჩნდა, მათ ეს პილოტი სხვადასხვა მხრიდან ჩამოიტოვეს უკან და საბოლოოდ, მიკამ შეძლო შუმის გასწრება.
"რა თქმა უნდა, იმ მომენტის გამო ძალიან გაწბილებული დავრჩი. მანამდე ხომ ლიდერობას ვინარჩუნებდი. შემდეგ ძონტა დავინახე - ის ზუსტად ტრასის შუაში მიდიოდა. სწრაფად გავიფიქრე, რომ ასეთ სიტუაციაში ლიდერობის შენარჩუნების შანსი თითქმის არ მქონდა: მიკას იმ მომენტში უფრო მაღალი სიჩქარე ჰქონდა. მე ერთი მხარე ავირჩიე, მან - მეორე და საქმე გაკეთებული იყო.
ეს ეპიზოდი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა და მან ფინელს გამარჯვების საშუალება მისცა. მისთვის მილოცვა მომიწია - დასანანი იყო, რადგან ბევრს მივცემდი იმ დღეს ტრიუმფის მოსაპოვებლად... მაგრამ სწორედ ასეთი მომენტებისთვის უყვართ გულშემატკივრებს სპორტი".
"სპაზე" ლოკალური წარუმატებლობის მიუხედავად, 2000 წელს მიხაელმა "ფერარის" ბოლიდით პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, რის შემდეგაც მწვერვალზე 2004 წლამდე რჩებოდა. მან შეძლო ბელგიაში წაგებათა სერიის შეწყვეტა და ამ ტრასაზე გამარჯვებათა რიცხვი ექვსამდე აიყვანა.
"სპას" ავტოდრომთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს. მათ შორისაა - 1992 წელი, 1995, 1998 და სხვები. მახსოვს 2004 წელიც - მიუხედავად იმისა, რომ რბოლამ მხოლოდ მეორე ადგილი მომიტანა, სწორედ მაშინ გავინაღდე მეშვიდე საჩემპიონო ტიტული. შეიძლება ითქვას, რომ წრე შეიკრა. აქ იმდენი სასიამოვნო და საინტერესო მოვლენა გადამხდა თავს, რომ ეჭვგარეშეა, ეს ჩემთვის განსაკუთრებული ტრასაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"