დაკარი 2017: მეცამეტად პეტერანსელი!

AutoSharing Option
"დაკარი 2017" მსოფლიოს რეკორდით დასრულდა. ავტომობილების კლასში გამარჯვების შემდეგ, ფრანგ სტეფან პეტერანსელს ამ ლეგენდარულ რალი-რეიდზე 13 გამარჯვება დაუგროვდა, რაც აქამდე არც ერთ მრბოლელს არ გაუკეთებია.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ წინა ეტაპზე მსაჯებმა პეტერანსელს აუნაზღაურეს მასთან შეჯახებისას დაზარალებული მოტომრბოლის დახმარებისთვის დახარჯული რამდენიმე წუთი, "დაკარის" რეკორდსმენს ბადალი არ ჰყოლია.

"ტექნიკური პრობლემების გარეშე, სტეფანის დაწევა შეუძლებელია", - განაცხადა ბოლო ეტაპის წინ სებასტიან ლოებმა. და ის მართალი აღმოჩნდა - ლეგენდარულმა რალისტმა ბოლო ეტაპზე 19 წამი მოუგო ლიდერს და მეორე ადგილზე დარჩა გენერალურ კლასიფიკაციაში.

მესამე
ადგილზე გავიდა საერთო ჩათვლაში სირილ დეპრე. ასე რომ, "პეჟომ" ჰეთ-თრიკი შეასრულა - უდიადესი მიღწევაა ფრანგული ავტოკონცერნისთვის, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ შექმნა ავტომობილი რალი-რეიდებისთვის და უკვე ასეთ წარმატებას მიაღწია.

სხვა გუნდებიდან საუკეთესო იყო ნანი რომა "ტოიოტადან". მან საათზე მეტი წააგო პეტერანსელთან და მეოთხე ადგილი დაიკავა. კიდევ ერთი "ტოიოტა", რომლითაც ჟინიელ დე ვილიერსი გამოდიოდა, მეხუთე ადგილზე გავიდა. შემდეგი ორი პოზიცია "მინის" გუნდისა იყო, ასევე ათეული შეავსეს თითო "პეჟომ", "ტოიოტამ" და "მინიმ".

* * *
"პეჟოს" მსგავსად, მოტოციკლების კლასში ჰეთ-თრიკი ჰქონდა ავსტრიულ მარკას KTM-ს. ამ გუნდმა ზედიზედ მე-16 (!) გამარჯვება მოიპოვა "დაკარზე". ამჯერად, გენერალური კლასიფიკაციის გამარჯვებული გახდა ბრიტანელი სემ სანდერლენდი. ეს მისი პირველი ტრიუმფია "დაკარზე". მეორეზე გავიდა ავსტრიელი მატიას ვალკნერი, მესამეზე - ესპანელი ხერარდ ფარეს გუელი.

"იამაჰასა" და "ჰონდას" საუკეთესო წარმომადგენლებმა - ადრიენ ვან ბევერენმა და ხოან ბარედა ბორტმა მხოლოდ მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს, თან ლიდერთან ძალიან ბევრი - 36 და 43 წუთი წააგეს.

KTM-ის დომინირება გრძელდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბარედა ბორტისთვის ერთსაათიანი ჯარიმა რომ არ მიეცათ, შეიძლება "ჰონდას" ამ პილოტს ბოლო ეტაპამდე ებრძოლა გამარჯვებისთვის.

ავტო. საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (პეჟო) - 28:49.30
2. სებასტიან ლოები (პეჟო) - +5.13
3. სირილ დეპრე (პეჟო) - +33.28
4. ნანი რომა (ტოიოტა) - +1:16.43
5. ჟინიელ დე ვილიერსი (მინი) - +1:49.48

მოტო. საერთო ჩათვლა
1. სემ სანდერლენდი (KTM) - 32:05.22
2. მატიას ვალკნერი (KTM) - +32.00
3. ხერარდ ფარეს გუელი (KTM) - +35.40
4. ადრიენ ვან ბევერენი (იამაჰა) - +36.28
5. ხოან ბარედა ბორტი (ჰონდა) - +43.08

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული