ლიდერმა ჩემპიონს აჯობა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე მოტომრბოლები ოკეანის გაღმა გაემგზავრნენ და მორიგი ეტაპი "ლაგუნა-სეკას" ავტოდრომზე გაითამაშეს. ამერიკელ მრბოლელებს საკუთარმა კედლებმაც ვერ უშველეს და პოდიუმზე ნაცნობი სახეები ვიხილეთ.

კვალიფიკაცია მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ხორხე ლორენსომ მოიგო. შემდეგ მოდიოდნენ კეისი სტოუნერი, დანი პედროსა და ბენ სპისი. შვიდეულში მოხვდნენ მარკო სიმონჩელი, ანდრეა დოვიციოზო და ვალენტიო როსი. ამ უკანასკნელისთვის ეს პატარა გამარჯვება იყო, რადგან იტალიელმა ნიკი ჰეიდენს აჯობა.

ლორენსოს კარგი სტარტი გამოვიდა და ლიდერობა შეინარჩუნა. კარგა ხანი წინ მყოფ პილოტებს შორის განსაკუთრებული ორთაბრძოლები არ შეინიშნებოდა, არადა, მათ შორის სხვაობა
დაახლოებით ერთ წამს შეადგენდა. ერთადერთი, პედროსა ავიწროებდა ლორენსოს.

ფინიშამდე 16 წრით ადრე კოლინ ედვარდსმა ლამაზი მანევრით გვერდი აუარა ექტორ ბარბერას და მერვე ადგილზე გადავიდა. სწორედ ეს აღმოჩნდა ბრძოლის დაწყების ნიშანი.

რამდენიმე წამში სტოუნერმა შეუტია თანაგუნდელს და პედროსა იძულებული გახდა დანებებულიყო. როგორც კი ავსტრალიელი მეორე ადგილზე გადავიდა, მაშინვე უფრო მეტად უმატა ტემპს - ის მალე დაშორდა პედროსას და მისი "ჰონდა" კვალში ჩაუდგა ხორხე ლორენსოს "იამაჰას".

და სანამ სტოუნერი მეთოდურად, ყოველ წრეზე ეძებდა ლორენსოს გასწრების გზებს, სტარტზე ჩამორჩენილი ბენ სპისი მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში ანდრეა დოვიციოზოს ავიწროებდა. ამასობაში, სტოუნერმა მორიგი უშედეგო ცდის შემდეგ რისკს უკლო და ხელსაყრელ მომენტს დაელოდა, რომელიც ფინიშამდე ექვსი წრით ადრე დადგა - ჩემპიონატის ლიდერმა შიდა რადიუსით აუარა გვერდი "იამაჰას" და რბოლას სათავეში ჩაუდგა.

ამით ლორენსოსთვის ყველაფერი დასრულებული იყო - თუ ის კიდევ ახერხებდა უკან პედროსას შეყოვნებას, მაგრამ წინ გაჭრილ სტოუნერის ტემპს ვერ აჰყვა და ლიდერთან ჩამორჩენა ყოველ წრეზე იზრდებოდა. ამასობაში, სპისმა მაინც მოუგო მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა დოვიციოზოს და ასეთი თანმიმდევრობა ფინიშამდე შენარჩუნდა.

ამ მოგებით სტოუნერმა 20 ქულამდე გაზარდა გენერალურ კლასიფიკაციაში ლორენსოსთან უპირატესობა. პოდიუმის წყალობით პედროსამ როსის გაუსწრო და მეოთხე ადგილზე გადავიდა. ასევე დაიძაბა ბრძოლა მეექვსე პოზიციისთვის სპისსა და ჰეიდენს შორის. შემდეგი ეტაპი - ჩეხეთის გრანპრი ბრნოში 14 აგვისტოს გაიმართება.

აშშ-ის გრან-პრი
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 43:52.145; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +5.634; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +9.467; 4. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +20.562; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +20.885; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +30.351; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +31.031; 8. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - +45.502...

საერთო ჩათვლა
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 193 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 173; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 143; 4. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 110; 5. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 108; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 98; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 94; 8. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - 67...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"დოქტორი" იგივე ვალენტინო როსი წლევანდელი სეზონიდან გამოდის იტალიური საჯინიბო - "დუქატი"-ს მოტოციკლეტით ხოლო კეისი სტოუნერი გამოდის ჰონდა-ს მოტოციკლეტით წლევანდელი სეზონიდან..
MotoGP
18:47 27-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული