სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა

AutoSharing Option
უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია ამერიკულ სარბოლო სერია - ნასკარის სპრინტის თასზე. "ტექსას სპიდვეის" ავტოდრომზე ტონი სტიუარტმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო და საერთო ჩათვლის ლიდერთან - კარლ ედვარდსთან სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპია დარჩენილი.

ამჯერად ტექსასის ტრასაზე ავარიები არც ისე ხშირი მოვლენა იყო. პირველი სერიოზული ინციდენტი 201-ე წრეზე მოხდა, როცა ჯოფრი ბოდინმა ვერ დაიმორჩილა მანქანა და ამით ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ხუან პაბლო მონტოია და ბრაიან ვიკერსი დააზარალა.

240-ე წრეზე არ გაუმართლა ნასკარის სერიის ხუთგზის
ჩემპიონს ჯიმი ჯონსონს, რომელმაც დაკარგა მანქანაზე კონტროლი და ტრასის მიღმა აღმოჩნდა. საბოლოოდ, ამ პილოტმა რბოლა მე-14 ადგილზე დაასრულა და თითქმის დაკარგა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი, რადგან 54 ქულით ჩამორჩება საერთო ჩათვლის ლიდერს.

რბოლა სათავეში ჯეფ ბარტონი ედგა, საერთო ჩათვლის ლიდერები - სტიუარტი და ედვარდსი მეორე და მესამე პოზიციაზე იყვნენ. ეტაპი ასეთი თანმიმდევრობით დასრულდებოდა, ფინიშამდე ოთხი წრით ადრე ბარტონს შეცდომა რომ არ დაეშვა.

საბოლოოდ, ბოლო რვა რბოლაში მეოთხე გამარჯვების წყალობით, სტიუარტმა კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახადა ნასკარის დარჩენილი ორი ეტაპი, სადაც გაირკვევა კიდეც ამ პრესტიჟული სერიის გამარჯვებულის ვინაობა.

შემდეგი რბოლა 13 ნოემბერს ფინიქსში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული