ჩემპიონთა ჩემპიონი დებიუტანტი გახდა

AutoSharing Option
ავტოსპორტში სეზონი ტრადიციულმა საავტომობილო შოუმ - "ჩემპიონთა რბოლამ" დაასრულა. ამჯერად, სხვადასხვა სარბოლო სერიის საუკეთესო პილოტები გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში შეიკრიბნენ და როგორც ყოველთვის გუნდურ და პირად პირველობებში გაარკვიეს უძლიერესი.

როგორც უკვე ვწერდით, გუნდური შეჯიბრი ზედიზედ მეხუთედ გერმანიის ნაკრებმა მოიგო, რომლის რიგებში მიხაელ შუმახერი და სებასტიან ფეტელი გამოდიოდნენ. მეორე დღეს კი პირად პირველობაში გამოვლინდა გამარჯვებული. საინტერესოა, რომ ფორმულა 1-ის პილოტებიდან ნახევარფინალამდე მხოლოდ შუმახერმა გააღწია, მაგრამ ამ ეტაპზე მან ლე მანის რბოლების სპეციალისტთან ტომ კრისტენსენთან წააგო. გამარჯვება კი ფრანგმა რალისტმა სებასტიან ოჟიემ მოიპოვა,
რომელიც ჩემპიონთა რბოლის დებიუტანტი გახლდათ.

ოჟიემ არც ისე დამაჯერებლად დაიწყო გამოსვლა და ჯგუფში სამიდან ერთი დუელი დათმო, მაგრამ შემდეგ მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა.

მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მსოფლიო ტურინგის ჩემპიონი ენდი პრიოლი, რომელსაც მეოთხედფინალში გაუსწორდა, ნახევარფინალში მოუგო გერმანული სუპერტურიზმის საუკეთესო პილოტ მარტინ ტომჩიკს და ბოლოს, ფინალში "მისტერ ლე მანს" ტომ კრისტენსენს აჯობა. თანაც ყოველთვის ფრანგის უპირატესობა ფინიშზე საკმაოდ სოლიდური იყო.

"ძალიან ბედნიერი ვარ, შესანიშნავი უქმეები გამოვიდა! - განაცხადა სებასტიანმა. - ისეთი გამოცდილი პილოტი დავამარცხე, როგორიც არის ტომ კრისტენსენი, რომელსაც კარიერაში უამრავი მოგება აქვს. მადლობა ყველას, ვინც ამ შოუს სანახავად მოვიდა!"

რაც შეეხებათ ფორმულა 1-ის პილოტებს, როგორც ვთქვით, დიუსელდორფში ამ სერიის ექვსი წარმომადგენლიდან საუკეთესო შუმახერი იყო, რომელმაც ნახევარფინალში შეწყვიტა ბრძოლა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი მეოთხედფინალში სწორედ შუმისთან დამარცხდა, ამავე ეტაპზე გამოეთიშნენ ბრძოლას ჯენსონ ბატონი და დევიდ კულტჰარდი, ხოლო ჯგუფიდან ვერ გავიდნენ ვიტალი პეტროვი და რომან გროსჟანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული