ავტოსპორტი. დაკარი 2012 : მშვიდობიანად დასრულდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, დაკარის დასკვნით ეტაპს არანაირი პრობლემა არ შეუქმნია მონაწილეებისთვის. პილოტებს საბრძოლო რეჟიმში მხოლოდ 29 კილომეტრი უნდა გაევლოთ. პირველები ამ ამოცანას კვადროციკლისტები და მოტომრბოლები გაუმკლავდნენ. კვადროციკლების კლასში საუკეთესო დრო აჩვენა ტომას მაფეიმ, ძმებმა პატრონელებმა კი დამაჯერებელად შეინარჩუნეს საერთო ჩათვლაში პირველი ორი ადგილი.

საერთო ჩათვლა
1. ალეხანდრო პატრონელი (Yamaha) - 53.01,51; 2. მარკოს პატრონელი (Yamaha) - +1.20,17; 3. ტომას მაფეი (Yamaha) - +2.14,21; 4. იგნასიო კაზალე (Yamaha) - +6.09,23; 5. სერხიო დე ფუენტე (Yamaha)
- +8.19,06; 6. რობერტო ტონეტი (Yamaha) - +12.43,38...

* * *

მოტოციკლების კლასში გამარჯვება გაიფორმა სირილ დეპრემ. როგორც გაირკვა, ეტაპის წინ მისი უპირატესობა მარკ კომაზე არა 11 წუთი, არამედ უფრო მეტი იყო. ტექნიკური პრობლემების შემდეგ, KTM-ში ესპანელის მოტოციკლისთვის ძრავის შეცვლა გადაწყვიტეს, რისთვისაც მარკს 45-წუთიანი ჯარიმა მისცეს.

ამას ხელი არ შეუშლია კომასთვის გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილის შენარჩუნებაში, ბოლო ეტაპზე კი მან მეორე დრო აჩვენა და მხოლოდ პალ-ანდერს ულევალსეტერს ჩამორჩა. ელდერ როდრიგესი მესამე იყო ეტაპზე და საერთო ჩათვლაშიც, დეპრე კი არ რისკავდა და მეცხრე მივიდა ფინიშთან, რის შემდეგაც დაკარზე მეოთხე ტრიუმფის აღნიშვნა დაიწყო.

საერთო ჩათვლა
1. სირილ დეპრე (KTM) - 43.28,11; 2. მარკ კომა (KTM) - +53,20; 3. ელდერ როდრიგესი (Yamaha) - +1.11,17; 4. ხორდი ვილადომსი (KTM) - +1.40,56; 5. სტეფან სვიტკო (KTM) - +1.47,28; 6. პალ-ანდრეს ულევალსეტერი (KTM) - +2.11,56...

* * *
მანქანების კლასში დეპრეს მსგავსად არც სტეფან პეტერანსელი რისკავდა და მეათე ადგილით დაკმაყოფილდა - მან სამი წუთი წააგო რობი გორდონთან. "ჰამერის" პილოტმა მაინც მოახერხა ამ დაკარზე ერთი ეტაპის მოგება. გამარჯვების მიუხედავად, ამერიკელმა მაინც ვერ შეძლო საერთო ჩათვლაში ლეონიდ ნოვიცკის გასწრება. ასე რომ, რუსმა პრესტიჟული მეოთხე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხებათ ლიდერებს, პეტერანსელის შემდეგ გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე და მესამე ადგილები შეინარჩუნეს ნანი რომამ და ჟინიელ დე ვილიერსმა. ცალკე უნდა აღვნიშნოთ ამ უკანასკნელის წარმატება, რომელიც თითქმის უმტკივნეულოდ გადაჯდა "ფოლკსვაგენიდან" "ტოიოტაზე". ასევე ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ ჩინური ავტომობილის "გრეიტ უოლის" მიღწევას. ამ მანქანით კარლოს სოუზამ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (Mini) - 38.54,46; 2. ხოან რომა (Mini) - +41,56; 3. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +1.13,25; 4. ლეონიდ ნოვიცკი (Mini) - +2.11,54; 5. რობი გორდონი (Hummer) - +2.16,53; 6. ლუსიო ალვარესი (Toyota) - +4.05,52...

* * *
სატვირთო მანქანების კლასში ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა მიკი ბიაზონმა, რომელმაც პირველობის შანსი არ დაუტოვა ილგიზარ მარდეევის კამაზ-ს. საერთო ჩათვლაში დე როოიმ სტეისის 51 წუთი მოუგო, არდავიჩუსმა კი ამ უკანასკნელთან 56 წუთი წააგო. მარდეევმა ბოლო ეტაპზე აქტიურობით კინაღამ მესამე ადგილი დაიკავა საერთო ჩათვლაში - მას და კარგინოვს შორის საბოლოოდ, მხოლოდ 40-წამიანი სხვაობა დაფიქსირდა.

საერთო ჩათვლა
1. გერარდ დე როოი (Iveco) - 45.20,47; 2. ჰანს სტეისი (Iveco) - +51,19; 3. არტურ არდავიჩუსი (კამაზი) - +1.47,45; 4. ანდრეი კარგინოვი (კამაზი) - +5.01,10; 5. ილგიზარ მარდეევი (კამაზი) - +5.01,50; 6. მიკი ბიაზონი (Iveco) - +6.31,11...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული