პირველი დღის ლიდერი სებასტიან ლოები ამჯერადაც ყველაზე სწრაფი იყო - მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო ექვსიდან ხუთი სპეცმონაკვეთი და ერთადერთ წაგებულ საშუალედო ფინიშზე ესპანელ დანი სორდოს 2 მეათედი წამით ჩამორჩა. დანარჩენ შემთხვევებში სორდო და პეტერ სოლბერგი საშუალოდ 5-6 წამს აგებდნენ მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონთან.
საბოლოოდ, ორი დღის შემდეგ სებასტიან ლოები წუთსა და 37 წამს უგებს უახლოეს მდევარს, "მინითი" მოასპარეზე დანი სორდოს.
პირველ დღეს მონაკოს რალიდან იარი-მატი ლატვალას გამოთიშვის შემდეგ, მეორე დღეს კიდევ ერთი ავარია ვიხილეთ - ამჯერად მანქანა ვერ დაიმორჩილა შარშანდელი ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა სებასტიან ოჟიემ. ის კლდეს დაეჯახა და ფრანგისთვის მონაკოს რალი ნაადრევად დასრულდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"