მოგება ავარიის ხარჯზე

AutoSharing Option
რაიან ნიუმანმა, რომელიც საჯინიბო "სტიუარტ-ჰაასის" რიგებში Chevrolet Impala-ს ავტომობილით გამოდის, ნასკარის სერიის უმაღლეს ლიგაში (Sprint Cup) ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო. რბოლა მარტინსვილის მოკლე ტრეკზე მიმდინარეობდა.

იმ დღეს ტრასაზე ყველაზე სწრაფი პილოტები იყვნენ ნასკარის მრავალგზის ჩემპიონები, Hendrick Motorsport-ში რიგებში მოასპარეზე ჯეფ გორდონი და ჯიმი ჯონსონი - ისინი შესაბამისად, 329 და 111 წრის განმავლობაში ლიდერობდნენ (დისტანციის მთლიანი სიგრძე 500 წრე იყო). შესაბამისად, გორდონი და ჯონსონი პირველ ორ ადგილს იკავებდნენ ფინიშამდე ხუთი წრით ადრე, როცა მორიგი რესტარტის ნიშანი მისცეს.

რესტარტის დროს გორდონმა და
ჯონსონმა მაქსიმალური ტემპის აკრეფა ვერ შეძლეს, რადგან გაცვეთილი საბურავებით ასრულებდნენ რბოლას.

მათ უკან მყოფმა პილოტებმა უკეთესი სტარტი აიღეს და ლიდერებს კვალში ჩაუდგნენ. ამიტომაც პირველ რიგებში მცირე არეულობას ჰქონდა ადგილი. საბოლოოდ, მესამე ადგილზე მყოფმა კლინტ ბოიერმა ერთი დარტყმით მოასრიალა გორდონიცა და ჯონსონიც. ამ ინციდენტის შემდეგ მრავალგზის ჩემპიონებმა მე-14 და მე-12 ადგილზე დაასრულეს რბოლა.

ბოლომდე გაურკვეველი დარჩა - ვინ იყო ამ ავარიის ინიციატორი. ზოგიერთმა მიიჩნია, რომ ყველაფერი მეხუთე ადგილზე მყოფმა რაიან ნიუმანმა მოაწყო, რომელმაც ოდნავ უბიძგა ბოიერის მანქანას იქამდე, სანამ ეს უკანასკნელი გორდონს დაეჯახებოდა. თავად ნიუმანი მიიჩნევს, რომ კონტაქტი მსუბუქი იყო და მას არ შეიძლებოდა, ავარია გამოეწვია. მიზეზად კი მან ბოიერის ზედმეტად რისკიანი პილოტაჟი დაასახელა.

* * *

პარალელურად ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში გაიმართა ინდიკარის მსოფლიო სერიის მეორე ეტაპი, რომელიც "პენსკეს" გუნდის წევრმა, "დალარა-შევროლეს" ავტომობილით მოასპარეზე უილ პაუერმა მოიგო.

ავსტრალიელის გამარჯვების მთავარი საფუძველი ბოლიდის მართვის აგრესიული სტილი (პილოტმა რბოლა მე-9 პოზიციიდან დაიწყო) და სწორი სტრატეგია გახდა. თუმცა ლიდერის პოზიცია პაუერმა მას შემდეგ მიიღო, რაც პიტსტოპზე შეყოვნდა იმ მომენტისთვის პირველ ადგილზე მყოფი სკოტ დიქსონი, რომელიც "პენსკეს" მთავარი კონკურენტის - "განასის" წევრი გახლავთ.

საბოლოოდ, დიქსონმა მეორე ადგილი დაიკავა, მესამეზე კი "პენსკეს" კიდევ ერთმა პილოტმა, პირველი ეტაპის გამარჯვებულმა ჰელიო კასტრონევეშმა მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული