სტოუნერის პირველი ტრიუმფი

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპის შემდეგ არასასიამოვნო ამბავი შეიტყვეს ვალენტინო როსის გულშემატკივრებმა. როგორც ირკვევა, "იამაჰას" იტალიელ წევრს სეზონის ბოლო რბოლების გამოტოვება მოუწევს. მას ტრავმირებულ მხარზე ოპერაცია ესაჭიროება. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ქირურგიული ჩარევა სეზონის დასრულების შემდეგ იგეგმებოდა, მაგრამ კვირას გამართულ არაგონის გრან-პრიზე როსიმ მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა და რბოლის შემდეგ აღიარა, რომ დისტანციის გავლისას დისკომფორტს გრძნობდა. მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ვალენსიასა და ეშტორილში სეზონის ბოლო ორ ეტაპის გამოტოვებას აპირებს.
"შემდეგ სამ რბოლაში შევეცდები ტრასაზე გასვლას. მორიგი ეტაპი მოტეგიზე განსაკუთრებით რთული იქნება მხარზე დატვირთვის

მხრივ. ასე რომ, გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია. შექმნილი სიტუაცია ძალზე რთულია, რადგან ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს შესაძლებობების სრულად გამოვლენის საშუალებას", - ამბობს როსი.


რაც შეეხება არაგონის გრან-პრის, გამარჯვებული პოულის მფლობელი ავსტრალიელი კეისი სტოუნერი გახდა. სტარტზე მან, ხორხე ლორენსომ და დანი პედროსამ შეინარჩუნეს საწყისი პოზიციები, თუმცა შემდეგ მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდა. პირველი წრის დასრულებამდე ლიდერი ორჯერ შეიცვალა - თავიდან ხორხემ გაუსწრო კეისის, მაგრამ ავსტრალიელმა სწრაფად განახორციელა კონტრშეტევა და ისევ პირველზე გავიდა. პედროსამ კი ვერ შეძლო თავისი საფირმო სტარტის ჩვენება და ლიდერის პოზიციაზე გასვლის ნაცვლად, ორი პოზიციით დაქვეითება მოუწია. ეს მეორე მოსახვევში დაშვებული შეცდომის გამო მოხდა - ესპანელი ფართოდ შევიდა ვირაჟზე და ამით ჰეიდენმა და სპისმა ისარგებლეს.

სტოუნერს პირველივე წუთებიდან შესანიშნავი ტემპი ჰქონდა. თავიდან მას ასე თუ ისე უმკლავდებოდა საერთო ჩათვლის ლიდერი ლორენსო, მაგრამ ესპანელმა დაძაბულობას ვერ გაუძლო და მეტოქეს საბოლოოდ ჩამორჩა. თუმცა ეს არ ყოფილა ხორხეს მთავარი პრობლემა. იმის გამო, რომ ტემპი დაბალი ჰქონდა, მას კონკურენტები მიუახლოვდნენ. მეოთხე წრისთვის ესპანელი მეოთხე ადგილზე იყო. მისი გასწრება პედროსამ შეძლო, რომელმაც სტარტზე შეცდომა კარგი ტემპით გამოასწორა და ერთი მეორის მიყოლებით ჩამოიტოვა მეტოქეები.

პედროსასთვის მხოლოდ სტოუნერი აღმოჩნდა მიუწვდომელი. დანიმ დამაჯერებლად შეინარჩუნა მეორე პოზიცია. ლორენსო კი რისკზე წასვლას მოერიდა, ამან კი ის გამოიწვია, რომ ესპანელმა მესამე ადგილი დაკარგა, რადგან ბოლო წრეზე კიდევ ერთხელ გაატარა წინ ნიკ ჰეიდენი.

ასევე საინტერესო იყო მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა ბენ სპისსა და ანდრეა დოვიციოზოს შორის. იტალიელი ძალიან ავიწროებდა ამერიკელს, მაგრამ გადამწყვეტი შეტევის ნაცვლად, ბოლო წრეზე რბოლიდან გამოვარდა.
კეისი სტოუნერმა სეზონში პირველი რბოლა მოიგო, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ავსტრალიელი "დაბრუნდა". პედროსამ კი ოდნავ შეამცირა საერთო ჩათვლაში ლორენსოსთან ჩამორჩენა - ახლა მათ შორის სხვაობა 56 ქულაა.

არაგონის გრან-პრი
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 42.16,530; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +5,148; 3. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +9,496; 4. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +9,580; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +13,771; 6. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - +27,330...

საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 284 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 228; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 155; 4. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 140; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 139; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 131...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული