მარია დე ვილიოტა: ავარიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

AutoSharing Option
ივლისის დასაწყისში ავტოსპორტის სამყარო სერიოზული ავარიის შესახებ ახალმა ამბავმა შეძრა. ლაპარაკია ბრიტანეთის ქალაქ დარქსფორდის აეროდრომზე, საჯინიბო "მარუსიას" აეროდინამიკური ტესტებისას მომხდარ ინციდენტზე.

რუსული გუნდის ბოლიდს ესპანელი ქალი-პილოტი მარია დე ვილიოტა მართავდა, როცა ის მოულოდნელად გუნდის სატვირთო მანქანას შეეჯახა.

შედეგად, ავტომრბოლელმა სერიოზული ტრავმები მიიღო და მარჯვენა თვალი დაკარგა. ავარიიდან სამი თვის თავზე ესპანელმა პილოტმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ Hola-ს.

"ყველაფერი კარგად მახსოვს, დარტყმის მომენტიც კი. როცა გონს მოვედი, თავს უამრავი ადამიანი მეხვია, რომლებმაც არ იცოდნენ, შემეძლო თუ არა ლაპარაკი.

ჯერ ინგლისურად ვთქვი რამდენიმე
ფრაზა, რადგან მეგონა, რომ ავტოსპორტის ფედერაციის შემოწმებაზე ვიყავი, მაგრამ მამაჩემმა მითხრა: "მარია, ესპანურად ილაპარაკე, დედაშენს შენი სიტყვების ნახევარი არ ესმის".

ამის შემდეგ ყველაფერს მივხვდი: რა მოხდა, სად ვიყავი და რატომ.

ამ ავარიამ საშუალება მომცა, სხვანაირად შემეხედა ცხოვრებისთვის და გადამეფასებინა ღირებულებები. მან სასარგებლო გაკვეთილი მომცა: მიზანს რომ მიაღწიო, მაქსიმალურად კარგად უნდა მოემზადო ამისთვის.

ახლა მხოლოდ ერთი თვალი მაქვს, მაგრამ ბევრ რამეს გაცილებით უკეთესად ვხედავ, ვიდრე ადრე.

აქამდე ჩემი ცხოვრება დროსთან რბოლას ჰგავდა; ახლა კი მესმის, რომ ყველაფერს სხვანაირად უნდა შევხედო",
- ამბობს ესპანელი პილოტი.

დე ვილიოტამ აღიარა, რომ ავარიის შემდეგ შოკირებული იყო თავისი გარეგნობით, მაგრამ ახლა ყველაზე უარესი წარსულში დარჩა...

"როცა პირველად ჩავიხედე სარკეში, სახეზე 140 ნაკერი მედო. გარდა ამისა, მარჯვენა თვალი დავკარგე. კინაღამ გული წამივიდა. მალე ახალი ოპერაცია მელის, მაგრამ ყველაზე უარესი უკან დარჩა.

ხშირად თავის ტკივილი მაწუხებს და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს - შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს. თავის ქალის შიდა წნევის გამო უნდა ვაკონტროლო დატვირთვები. გარდა ამისა, გემოს შეგრძნება დავკარგე და ამის გამო ახლა ძალიან ცხარე კერძები მომწონს.

დღემდე არ ვიცი, შევძლებ თუ არა რბოლებში დაბრუნებას - ყველაფერი ლიცენზიაზეა დამოკიდებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ცალთვალა პილოტმა შეძლო ლიცენზიის მიღება, მაგრამ ამ ნაკლის გამო სივრცის შეგრძნება იკარგება - ასეთ სივრცეს ხომ ორივე თვალი ქმნის.

დღეისთვის ვცდილობ გავარკვიო, დაკავშირებულია თუ არა ჩემი მომავალი რბოლებთან თუ რამე სხვა საქმე უნდა ვიპოვო. ჯერ ამის შესახებ არაფერი ვიცი.

ჩვენ ყველას გვინდა, მომხდარისგან გამოცდილება მივიღოთ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ინციდენტები.

მინდა ვიზრუნო ავტოსპორტში უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით, სწორ მონაკვეთზე ტესტების დროს, რადგან ტრასაზე თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი აკონტროლოთ, ტესტებზე - არა.

მე ვიგრძენი, რომ მხოლოდ კოლეგებს არ ვუყვარვარ და პატივს მცემენ. თანადგომა ვიგრძენი ყველასგან, ვისაც მცირე შეხება მაინც აქვს ავტოსპორტთან.

ყოველთვის ვოცნებობდი ფორმულა 1-ში მოხვედრაზე და ამას მივაღწიე, მაგრამ ახლა ჩემთვის ახალი ცხოვრება იწყება. მე პილოტი ვიყავი, ვარ და ვიქნები",
- ასრულებს მარია დე ვილიოტა ინტერვიუს.

ასევე იხილეთ:
Marussia-ს პილოტესა ბოლიდით სატვირთო ავტომობილს შეასკდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული