"დაკარმა" უკვე 62 ადამიანი შეიწირა

AutoSharing Option
რალი-რეიდ “დაკარის” მეხუთე ეტაპმა არა მარტო განაახლა მიმდინარე შედეგები, არამედ შეავსო ავტომარათონის ტრაგიკული სტატისტიკა.

1979 წლიდან მოყოლებული, როცა “დაკარზე” პირველი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა, ლეგენდარულ რალის ისე არ ჩაუვლია, ვინმეს სიცოცხლე რომ არ წაეღო თან. 10 იანვარს სიკვდილმა მიმდინარე მარათონსაც უწია.

ჩილეს საზღვართან ახლოს მოხდა ავარია სამი მანქანის მონაწილეობით - ერთი იყო ესკორტის ავტომობილი და ორი ტაქსი. ავტოკატასტროფამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ერთ-ერთი ტაქსი შეეჯახა ესკორტის მანქანას, მეორე ტაქსის მძღოლმა კი ავარიის თავიდან აცილება სცადა და მკვეთრად მოუხვია - ავტო რამდენჯერ
ამოტრიალდა და მაყურებელთა ჯგუფში შევარდა, რის გამოც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმით ქალაქ ტაკნას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“დაკარი” შემთხვევით არ მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შეჯიბრად. თანაც, აქ ხიფათში თავს არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ მაყურებლებიც იგდებენ, რომლებსაც სურთ, მოვლენათა ეპიცენტრში იყვნენ და ხშირად ივიწყებენ უსაფრთხოების წესებს.

ყველაფერი 1979 წელს დაიწყო, როცა ნიგერიის რესპუბლიკის ქალაქ აგადესში დაიღუპა მოტომრბოლელი პატრიკ დოდინი. მას შემდეგ ავტომარათონი, თითქოს დაწყევლესო, მსხვერპლის გარეშე არ სრულდება. უსიამოვნო ტრადიცია არც მაშინ აღმოიფხვრა, როცა რალი-რეიდი აფრიკიდან სამხრეთ ამერიკაში გადაბარგდა.

2013 წლის “დაკარის” სტარტამდე რბოლებმა 62 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აქედან 22 სპორტსმენია და 40 გულშემატკივარი.

ეტაპი ცვლილებების გარეშე
რალი-რეიდ "დაკარის" მონაწილეებმა პირველად გადალახეს საზღვარი - ისინი პერუდან ჩილეში გადავიდნენ. გაიმართა მეხუთე ეტაპი, რომლის სიგრძე 509 კილომეტრს შეადგენდა.

ბევრი არაფერი შეცვლილა ავტომობილების კლასში - კვლავ ვერ მოიგო ეტაპი მოქმედმა ჩემპიონმა სტეფან პეტერანსელმა, თუმცა გაიზარდა გენერალურ კლასიფიკაციაში მისი უპირატესობა უახლოეს მდევართან, წინა ორი ეტაპის მომგებ ნასერ ალ-ატიიასთან. პეტერანსელმა მეორე დრო აჩვენა, ალ-ატიიამ - მეშვიდე, რის შემდეგაც მათ შორის სხვაობამ თითქმის ათ წუთს მიაღწია.

ეტაპი მოიგო ესპანელმა ხუან "ნანი" რომამ, რომელმაც წუთი და 23 წამი აჯობა პეტერანსელს. მესამეზე გავიდა წინა ეტაპის ანტიგმირი, ამერიკელი რობი გორდონი. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ამერიკელის "ჰამერი" ამოტრიალდა და ნასკარის პილოტმა ძალიან ბევრი დრო დაკარგა. ამჯერად კი რობიმ უშეცდომოდ გაიარა მთელი დისტანცია და კარგი დროც აჩვენა, მაგრამ ის ძალიან არის დაშორებული საერთო ჩათვლის ლიდერებს და საბოლოო პოდიუმის არანაირი შანსი არ გააჩნია.

V ეტაპი
ავტომობილები
1. ხოან “ნანი” რომა (ესპანეთი, Mini) - 1:49.40; 2. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - +1.23; 3. რობი გორდონი (აშშ, Hammer) - +1.41; 4. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +1.51; 5. კარლოს საინსი (ესპანეთი, Buggy) - +3.41...

საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - 10:55.32; 2. ნასელ ალ-ატიია (ყატარი, Buggy) - +9.54; 3. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +33.50; 4. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, Mini) - +37.35; 5. ხოან “ნანი” რომა (ესპანეთი, Mini) - +37.43...

მოტოციკლები
1. დავიდ კასტო (საფრანგეთი, Yamaha) - 1:39.42; 2. ოლივიე პენი (საფრანგეთი, Yamaha) - +1.09; 3. ხუან პედრერო (ესპანეთი, KTM) - +2.58; 4. ალესანდრო ბოტური (იტალია, Husqvarna) - +3.25; 5. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +4.07...

საერთო ჩათვლა
1. ოლივიე პენი (საფრანგეთი, Yamaha) - 11:51.29; 2. დავიდ კასტო (საფრანგეთი, Yamaha) - +1.15; 3. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +6.07; 4. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +13.34; 5. ხორდი ვილადომსი (ესპანეთი, Husqvarna) - +13.36...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული